შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2008
მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მომართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია”-მ (06.10.2008 №6/2384-08) და შპს ”ლუნეტმა” (10.10.2008 №6/2411-08), შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს სანქცირების თაობაზე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებებში აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ 2007 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება №469/16 სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუქტის “ა.ა” ქვეპუნქტით, შპს “კავკასუს ონლაინს” დაევალა შეუზღუდავი და შეუფერხებელი გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა მინიმუმ 1 გბიტ/წმ-ში სიმძლავრით ყველა სხვა ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირთან. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუქტის “ა” ქვეპუნქტით, შპს “კავკასუს ონლაინს” დაევალა ინტერნეტ გვერდების მის ქსელსა და ვებსივრცეში განთავსების მომსახურების (ჰოსტინგის), მის მიერვე დადგენილი ტარიფებით მიწოდებისას, ამავე მომსახურების ფარგლებში უზრუნველყოს ინტერნეტ გვერდებთან უპირობო, შეუზღუდავი და შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა, როგორც საკუთარი აბონენტებისათვის, ისე პირდაპირი გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილებში ჩართულ სხვა ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მომხმარებლებისათვის.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, “ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის და ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა, მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”
განმცხადებლების მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ნორმების უხეში დარღვევით, შპს “კავკასუს ონლაინმა” 2008 წლის 3 ოქტომბერს 18:40 საათზე, გათიშა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” არსებული პირდაპირი გაფართოებული ურთიერთჩართვა, რის გამოც, ზიანი მიადგა როგორც სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” და შპს”ლუნეტს” (გამომდინარე იქიდან, რომ ამ უკანასკნელს არ აქვს პირდაპირი გაფართოებული ურთიერთჩართვა შპს ”კავკასუს ონლაინთან”), ასევე აღნიშნული კომპანიების აბონენტებს. კერძოდ, აბონენტები ვერ შედიოდნენ ვერცერთ იმ საიტზე, რომელიც განთავსებულია შპს “კავკასუს ონლაინის” სერვერებზე. ასევე, არ იყო წვდომა .ge-ს DNS სერვერთან, რომელიც ასევე განთავსებულია შპს “კავკასუს ონლაინში” და ამის გამო, კომპანიების აბონენტებისთვის არ იხსნებოდა არცერთი ქართული ვებგვერდი.
განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ ამ გათიშვის შედეგად არ ხდებოდა ტრაფიკის გაცვლა ალტერნატიული არხებით, ანუ არ ხდებოდა ტრაფიკის გაცვლა საერთაშორისო ოპერატორების გავლით. როგრც წესი, ტექნიკური დაზიანების გამო ტრაფიკის გაცვლა უნდა განხორციელებულიყო ალტერნატიული გარე არხების საშუალებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ შპს “კავკასუს ონლაინმა” მიზანმიმართულად მოახდინა პირდაპირი გაფართოებული ურთიერთჩართვის გათიშვა (განცხადებებს თან ერთვის აპარატურიდან ამოღებული მონაცემები, კერძოდ: ლინკის გამორთვის დრო, ლინკის ჩართვის დრო და ტრაფიკის ურთიერგაცვლის გრაფიკი) და რომ შპს “კავკასუს ონლაინი” ბოროტად იყენებს ინტერნეტის ბაზარზე თავის მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას და ყოველივე ზემოღნიშნულის გათვალისწინებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” და შპს ”ლუნეტი”, ითხოვენ შპს “კავკასუს ონლაინის” მიმართ გამოყენებულ იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული მაქსუმალური სანქცია, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი სახის უკანონო ქმედებები.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.”
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, მიიჩნია, რომ მათი განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, მიზანშეწონილია ადმინისტრაციული წარმოების დაწყება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისა” და შპს ”ლუნეტი”-ს განცხადებების საფუძველზე.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2008 წლის 16 ოქტომბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს სანქირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით ეცნობა შპს ”კავკასუს ონლაინს” (16.10.08 N03/2632-08,) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მხარეს, ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილია კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: ”როგორც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისა” და შპს ”ლუნეტი”-ს მიერ წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, ამა წლის 3 ოქტომბერს, 18:40 საათზე შპს ”კავკასუს ონლაინმა” გათიშა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” პირდაპირი გაფართოებული ურთიერთჩართვა. რამაც გამოიწვია, როგორც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, ასევე შპს ”ლუნეტი”-ს (შპს ”ლუნეტს” ინტერნეტი მოეწოდება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისგან”) აბონენტების შესვლის შეზღუდვა იმ საიტებზე, რომლებიც განთავსებულია, შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს სერვერზე, ასევე არ იყო წვდომა .ge-ს DNS სერვერებთან.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ წარმოდგენილი დიაგრამებიდან ჩანს, რომ მართლაც იყო ტრაფიკის ვარდნა 3 ოქტომბრის 18:40 საათიდან 20:52 საათამდე. როგორც განცხადებებშია აღნიშნული, ამავე პერიოდში არ ხდებოდა ტრაფიკის გაცვლა ალტერნატიული არხებით. აღნიშნული შეფერხება ისეთი ხანგრძლივობით გრძელდებოდა, რომ იგი შესაძლებელია გამოეწვია შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს აპარატურის დროებით გაუმართაობას (ტექნიკური პრობლემა). ამასთან შპს ”კავკასუს ონლაინი” ვერ შეძლებდა მხოლოდ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” და შპს ”ლუნეტი”-ს იმ აბონენტების შეზღუდვას, რომლებიც ცდილობდნენ ალტერნატიული არზებით (proxy server-ის გამოყენებით) შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს სერვერზე ასევე .ge-ს DNS სერვერზე შესვლას.
ზემოაღნიშნულიდან და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” და შპს ”ლუნეტი”-ს განცხადებებიდან გამომდინარე, მონიტორინგის დეპარტამენტი თვლის, რომ ამა წლის 3 ოქტომბერს 18:40 საათიდან 20:52 საათამდე შეზღუდული იყო კავშირი სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”კავკასუს ონლაინ”-ს შორის”.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2008 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს, შპს ”ლუნეტი”-ს და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლები. სხდომაზე, მონიტორინგის დეპარტამენტის ზემოაღნიშნული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 2008 წლის 3 ოქტომბრის 18:40 საათიდან 20:52 საათამდე, მართლაც ადგილი ჰქონდა შპს ”კავკასუს ონალინი”-ს მხრიდან სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” მომსახურების მიწოდების შეზღუდვას, რაც განპირობებული იყო შპს ”კავკასუს ონალინი”-ს პორტზე მომხდარი დაზიანებით და კომპანიის ტექნიკური პერსონალის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოხდა დაზიანების აღმოფხვრა, რის შემდეგაც მომსახურება აღუდგა, როგორც ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, ისე შპს ”ლუნეტი”-ს აბონენტებს.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილ იქნა მხარეების მიერ წარმოდგენილი განცხადებები, შეპასუხება, ასევე მტკიცებულებები და შუამდგომლობები და დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის, დღეის მდგომარეობით არ არსებობს გაფორმებული გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები, რომლის შესაბამისადაც დარეგულირებული იქნებოდა მხარეებს შორის გაფართოებულ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები და მხარეთა უფლება მოვალეობები, მათ შორის, დაზიანების შემთხვევაში მომსახურების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მხარეებს კომისიის არაერთი გადაწყვეტილებით დაევალათ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმება, კომისიის მიერ დადგენილი პირობების ფარგლებში და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით მხარეთა შორის გაფართოებულ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები წარმოადგენს არა სახელშეკრულებო, არამედ ფაქტობრივ ურთიერთობებს, რა დროსაც შპს ”კავკასუს ონლაინი” არ არის შეზღუდული განმცხადებელ მხარეთა მიმართ რაიმე სახელშეკრულებო ვალდებულებებით.
ამავე დროს, როგორც კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნიდან ჩანს, არ დგინდება შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს მხრიდან სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო” კომპანიასთან გაფართოებული ურთიერთჩართვის განზრახ შეწყვეტის ფაქტი. ამასვე ადასტურებს, შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიის მხრიდან მართლაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის 3 ოქტომბრის 18:40 საათიდან 20:52 საათამდე პერიოდში სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” მომსახურების მიწოდების შეზღუდვას, რაც განპირობებული იყო შპს ”კავკასუს ონალინი”-ს პორტზე მომხდარი დაზიანებით და კომპანიის ტექნიკური პერსონალის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მოხდა დაზიანების აღმოფხვრა, რის შემდეგაც მომსახურება აღუდგა როგორც ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ისე შპს ”ლუნეტი”-ს აბონენტებს.
ამავე დროს, შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს მხრიდან სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისა” და შპს ”ლუნეტი”-სთვის მომსახურების განზრახ შეწყვეტის დამამტკიცებელი მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” და შპს ”ლუნეტი”-ს მიერ. რაც შეეხება აღნიშნული კომპანიების მხრიდან წარმოდგენილ, აპარატურიდან ამოღებული მონაცემებს, კერძოდ: ლინკის გამორთვის დრო, ლინკის ჩართვის დრო და ტრაფიკის ურთიერთგაცვლის გრაფიკს, როგორც კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნაშია აღნიშნული, ეს შესაძლებელია გამოწვეული ყოფილიყო შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს აპარატურის დროებითი გაუმართაობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ დგინდება შპს ”კავკასუს ონალინი”-ს მიერ საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი და შესაბამისად, არ არსებობს შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს სანქცირების კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისა” და შპს ”ლუნეტი”-ს განცხადებები, შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს სანქცირების შესახებ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისა” და შპს ”ლუნეტი”-ს განცხადებები შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს სანქცირების შესახებ ;
2. შეწყდეს შპს ”კავკასუს ონალინი”-ს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
