წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 629 / 8

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 12 სექტემბრის  N525/8  გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 1,862,502.03  (ერთი მილიონ რვაას სამოცდაორი ათას ხუთას ორი ლარი და სამი თეთრი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 5 ოქტომბრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის  ჩატარების თარიღად -  2008 წლის 31 ოქტომბრის  13:00  საათი;

გამომდინარე იქიდან, რომ ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღი, 5 ოქტომბერი, დაემთხვა უქმე დღეს - კვირას, საბუთების მიღების ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეს - 6 ოქტომბერს, საქართველოს სამოქალაო კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც: ”თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე.”

       აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:

1.      შპს \"ბლექსი ტელეკომი\" - 03.10.2008 N11/50-07 ; 

2.      სს ”ქლიარსტრიმ ჯორჯია” – 03.10.2008 N11/51-08;

3.      სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” – 06.10.2008 №11/55-08

კომისია აღნიშნავს, რომ  შპს \"ბლექსი ტელეკომი\"-ს  და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა გამოცხადებული აუქციონის პირობებს. კერძოდ, შპს \"ბლექსი ტელეკომი\"-ის განცხადებას თანდართული არ ჰქონდა რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთები, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადებას თანდართული არ ჰქონდა კომპანიის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, შპს \"ბლექსი ტელეკომს\"  და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” კომისიის 2008 წლის 10 ოქტომბრის №589/22 გადაწყვეტილებით  განესაზღვრა ვადა -  2008 წლის 21 ოქტომბრამდე  წარმოედგინათ სრულყოფილი დოკუმენტაცია.

აუქციონი გაიმართა 2008 წლის 31 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მაძიებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია კანონმდებლობისა და აუქციონის პირობების მოთხოვნებთან.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად ჩატარდა წილისყრა  კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად, შპს \"ბლექსი ტელეკომი\"-ს  წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო - №1, სს ”ქლიარსტრიმ ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა  ყუთიდან ამოიღო - №2, შესაბამისად,  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელს წილად ხვდა -  №3.

აუქციონის მსვლელობისას,  შპს \"ბლექსი ტელეკომი\"-ს წარმომადგენელმა მე-5 ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, აუქციონი განაგრძეს  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” და სს ”ქლიარსტრიმ ჯორჯია”-ს წარმომადგენლებმა. აუქციონის მსვლელობისას სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლის მიერ ბოლოს დასახელებულ იქნა, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 78 (სამოცდათვრამეტი) ბიჯი, რის შემდეგაც, სს ”ქლიარსტრიმ ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა დაამატა კიდევ 2 (ორი) ბიჯი.  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნბიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა 81-ე (ოთხმოცდაერთი) ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, აუქციონზე გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 80 (ოთხმოცი) ბიჯი, სულ - 9,312,582.03 (ცხრა მილიონ სამას თორმეტი ათას ხუთას ოთხმოცდაორი ლარი და სამი თეთრი) ლარი დააფიქსირა სს ”ქლიარსტრიმ ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  გამარჯვებულად გამოცხადდეს სს ”ქლიარსტრიმ ჯორჯია”  3497.5 მჰც ÷ 3504.5მჰც  -  3597.5 მჰც ÷  3604.5 მჰც (სულ 14 მჰც)   წყვილ სიხშირულ ზოლზე  კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ ტერიტორიებში (ზონებში) გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 9,312,582.03 (ცხრა მილიონ სამას თორმეტი ათას ხუთას ოთხმოცდაორი ლარი და სამი თეთრი) ლარი;

2. უზრუნველყოს სს ”ქლიარსტრიმ ჯორჯია”-მ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს-2,793,774.60 (ორი მილიონ შვიდას ოთხმოცდაცამეტი ათას შვიდას სამოცდათოთხმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 186,250.20 (ას ოთხმოცდაექვსი ათას ორას ორმოცდათერთმეტი) ლარი ანუ 2,607,524.40 (ორი მილიონ ექვსას შვიდი ათას ხუთას ოცდაოთხი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გადახდა 2008 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (6,518,807.42 - ექვსი მილიონ ხუთას თვრამეტი ათას რვაას შვიდი ლარი და ორმოცდაორი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;       

4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.  კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

8.  დაევალოს კომისიის აპარატის  სამართლებრივ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

10. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამარტლებრივ დეპარტამენტს  (კ.ყურაშვილი).

კომისიის წევრები                                                     ზ.ნონიკაშვილი

                                                                                    კ.კვიტაიშვილი

                                                                                    გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები