წვდომის მენიუ

შპს ”სტუდია მაესტროს” № B87 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 645 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 10, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს ”სტუდია მაესტრომ“, რომელიც რეგისტრირებულია 11/12/2002 მცხეთის საოლქო სასამართლოს მიერ (იურიდიული მისამართი - სოფელი დიღომი, დიდგორის ქ. 68; ფაქტობრივი მისამართი -  ქ. თბილისი,  ფოთის ქუჩა 15/6), კომისიას მიმართა განცხადებით, კომპანიის კუთვნილი B87 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტუდია მაესტრო” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B87 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საკაბელო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული  (შემეცნებით მუსიკალურ გასართობი) ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის გავრცელელების გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

კომისიაში წარმოდგენილი განცხადებით, კომპანია ითხოვს ზემოაღნიშნული ლიცენზიის კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიად მოდიფიცირებას.

  კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენამდე კომისიას შეჩერებული აქვს ახალი ლიცენზიების გაცემა და მოქმედ ლიცენზიებში ცვლილება-დამატებების შეტანა. მიუხედავად ამისა, კომისია ხელმძღვანელობს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2008 წლის 27 ოქტომბერს დამტკიცებული მორიგების აქტის მე-3 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით, რომლის თანახმადაც კომისია იღებს ვალდებულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს პერიოდში, უზრუნველყოს შპს ”სტუდია მაესტრო”-ს კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის №B87 ლიცენზიის კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიად მოდიფიცირება, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, შპს ”სტუდია მაესტრო”-ს მიერ კომისიაში შესაბამისი განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, რა დროსაც შპს ”სტუდია მაესტროს” მიმართ არ მოქმედებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის გ) პუნქტით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები (შეზღუდვები). შესაბამისად კომისიას შესაძლებლად მიაჩნია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება კომპანიის კუთვნილი №B87 ლიცენზიის მოდიფიცირებისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე–5 პუნქტის  თანახმად, საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება  ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რომლის შესაბამისად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

   კომისიამ, იხელმძღვანელა რა, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–2 პუნქტით, რომლის თანახმადაც „იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) აქტით დადგენილი ნორმა’’, დაადგინა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართელოს კანონის  38–ე მუხლი  ნორმა ძალაშია  2004 წლის 23 დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე  მუხლით დადგენილი ნორმა, მიღებულია  უფრო გვიან, ვიდრე ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმა.  შესაბამისად, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  45-ე მუხლის და ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით დამტკიცებულ მორიგების აქტის მე-3 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის შესაბამისად,

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს  ”სტუდია მაესტრო“–ს კერძო მაუწყებლობის № B87 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე.

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2008 წლის 28 ნოემბერს, 16:00   სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;  

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს  სტუდია „მაესტრო“–სათვის;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილს).

 კომისიის წევრები:             ზ. ნონიკაშვილი

                                                 კ. კვიტაიშვილი

                                                 გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები