წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” და მეორე მხრივ, შპს ”მაგთიკომს” შორის დავის არსებითი განხილვის შესახებ

ნომერი: 646 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 27, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 30 ივლისს კომისიას (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/1835-08) მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” დავის განხილვის მოთხოვნით  შპს “მაგთიკომის” წინააღმდეგ.

წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” იტყობინებიან, რომ შპს ”მაგთიკომის” მიერ ხდება განსხვავებული საცალო ტარიფის დადგენა მისი მობილური აბონენტებისათვის ”მაგთიფიქსის” აბონენტებთან კავშირისათვის (15 თეთრი), როდესაც შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” აბონენტების მიმართულებით განხორციელებული ზარებისათვის დადგენილია ბევრად დიდი ტარიფი (28.8 თეთრი). განმცხადებლები, ეყრდნობიან რა იმ გარემეობას, რომ შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მიერ გაყიდული მომსახურება იდენტურია ”მაგთიფიქსის” მომსახურებისა, მიიჩნევენ, რომ შპს ”მაგთიკომის” აღნიშნული სატარიფო განსხვავება არღვევს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს და მოითხოვენ, შპს ”მაგთიკომს” დაევალოს აღნიშნული დაწესებული სატარიფო შეზღუდვის მოხსნა. განმცხადებლები ასევე მოითხოვენ შპს ”მაგთიკომის” სანქცირებას.

კომისიამ შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განცხადებაში დასმული მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება №593/16, დავის განხილვის დღის დანიშნვის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადება  2008 წლის 7 ოქტომბერს №03/2581-08  გადაეგზავნა შპს ”მაგთიკომს” და ეცნობა მომსამზადებელი სხდომის დღის ჩანიშვნის შესახებ, ასევე განესაზღვრა ვადა მისი მოსაზრებების წერილობითი ფორმით წარმოსადგენად.

 2008 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე შპს ”მაგთიკომმა” წარმოადგინა შუამდგომლობა მოსამზადებელი სხდომის გადადების მოთხოვნით, ითხოვა რა ვადა შეპასუხების  და შესაბამისი მტკიცებულების წარმოსადეგნად. კომისიის მიერ მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2008 წლის 17 ოქტომბრისათვის.

შპს ”მაგთიკომმა” 2008 წლის 17 ოქტომბრის მოსამზადებელ სხდომაზე წერილობით წარმოადგინა მათი საპასუხო პოზიცია, რომლის ერთი ასლი გადაეცა შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” წარმომადგენელს.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის არსებითი განხილვა გაიმართა 2008 წლის 24 ოქტომბერს, რომელზედაც დაზუსტდა შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მოთხოვნები, კერძოდ განმცხადებლებმა მოითხოვეს აეკრძალოს შპს ”მაგთიკომს” სატარიფო დისკრიმინაცია და ზეწოლა, ხოლო აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში, მოხდეს შპს ”მაგთიკომის” სანქცირება. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით დავის განხილვა გადაიდო 2008 წლის 31 ოქტომბერს 16 საათისათვის.

კომისიამ დავის არსებითი განხილვისას, 2008 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე, მოისმინა რა მხარეების ახსნა-განმარტებები, შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და საქმეზე დართული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული, შემდეგი გარემეობების გამო:

1. დადგენილად უნდა ჩაითვალოს ის გარემეობა, რომ შპს ”მაგთიკომის” მიერ განხორციელებული უსადენო ე.წ. ”მაგთიფიქსის” მომსახურება, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის გათვალისწინებით, წარმოადგენს ადგილობრივ სატელეფონო მომსახურებას. კომისიის მიერ აღნიშნული საკითხი განხილულია შპს ”მაგთიკომის” განცხადების საფუძველზე 2008 წლის 19 სექტემბერს და მიღებულია №534/16 გადაწყვეტილება.

2. სადაოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით დარეგულირდა მხოლოდ მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების  წამოწყება-დასრულების   საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტები. კომისიის მიერ 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მიღებისას, განხორციელდა პირველადი მოკვლევა და აბონენტების მოძრავი სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მოქმედი ოპერატორების მიერ დადგენილი სატარიფო გეგმები მიჩნეულ იქნა არადისკრიმინაციულად. შესაბამისად, შპს ”მაგთიკომს” არ აქვს დაკისრებული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების  წამოწყების   საცალო ბაზარზე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 თავით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები.

3. შპს ”მაგთიკომს”, მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოცხადებული აქვს 28.8 თეთრიანი საცალო ტარიფი ერთ წუთზე მისი ქსელის მობილური მომხმარებლებისათვის, თბილისის ადგილობრივი ექვსნიშნა ნუმერაციის ინდექსი - 17-ით დაწყებული აბონენტებთან დაკავშირებისას.

კომისია ამ გარემოებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ არ დასტურდება შპს ”მაგთიკომის” მხრიდან ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე ამავე კანონის მე-5 თავით დადგენილი რომელიმე სპეციფიკური ვალდებულების დარღვევის ფაქტი. უდაოა, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ ცნობილმა ავტორიზებულმა პირმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, თუმცა საგულისხმოა, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების  ბოროტად გამოყენება  ნიშნავს ავტორიზებული პირის მიერ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის V თავით განსაზღვრული და კომისიის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას. აღსანიშნავია, რომ ამავე კანონის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სპეციფიკური ვალდებულებები ეკისრება მხოლოდ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს. შესაბამისად, არაწორად ხდება აპელირება ზემოთ ხსენებულ მუხლებზე, ისევე როგორც დისკრიმინაციის აკრძლავის სპეციფიკური ვალდებულების დარღვევაზე, განმცხადებლების მხრიდან.

            კომისია მიუთითებს კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N 5 დადგენილებით  დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მეორე მუხლის მეორე პუნქტის ”ზ” პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს ”დისკრიმინაციული სატარიფო პოლიტიკის” ცნებას, კერძოდ ეს არის:

- სხვადასხვა მომხმარებლებისათვის მომსახურების ერთეული მოცულობის განსხვავებული ტარიფებით მიწოდება ან შეთავაზება (I ხარისხის დისკრიმინაცია);

- მომხმარებლისათვის განსხვავებული ტარიფებით სხვადასხვა მოცულობის მომსახურების მიწოდება ან შეთავაზება (II ხარისხის დისკრიმინაცია),

- მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფებისათვის (სეგმენტირებულ ბაზარზე) ერთი და იმავე სახის და მოცულობის მომსახურების განსხვავებული ტარიფებით მიწოდება ან შეთავაზება (III ხარისხის დისკრიმინაცია).

კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N 5 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების მეორე მუხლის მეორე პუნქტის ”თ” ქვეპუნქტი, განმარტავს დისკრიმინაციის ცნებას, კერძოდ ეს არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ სხვა ავტორიზებული პირებისათვის ან მომხმარებლებისათვის, არსებითად მსგავსი გარემოებებისა და ეკვივალენტური მოთხოვნების პირობებში, საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდების არაერთგვაროვანი პირობების შეთავაზება ან დადგენა;

კომისია მიუთითებს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის ” ჰ4” პუნქტზე, რომლითაც მიწოდების მხარის ჩანაცვლების ცნების განმარტებისას (მიწოდების მხარის ჩანაცვლება – მომსახურების ბაზარზე დამკვიდრებული კონკურენციის პირობებში ავტორიზებული პირების მიერ მომხმარებლისათვის ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების მიწოდების შესაძლებლობა), აქცენტს აკეთებს მიწოდებული მომსახურების სახეების ურთიერთშენაცვლებადობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ შენაცვლებადობად - არ შეიძლება ჩაითვალოს, ადგილობრივი სატელეფონო ზარი, შპს ”მაგთიკომის” შიდა ქსელში, ურთიერთჩანაცვლებადად ადგილობრივ ზართან სხვა ფიქსირებულ ქსელში - შპს ”ახალ ქსელებში” ან/და შპს ”ახტელში”, რადგან გაწეული მომსახურება განსხვავებულია როგორც საცალო, ასევე საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე.

შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ არასწორად ხდება შპს ”მაგთიკომის” აბონენტების დისკრიმინაციაზე მითითება, რადგან მათ მიერ ხდება განსხვავებული მომსახურების მიწოდება, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს ურთიერთშენაცვლებადად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, არ არსებობს შპს ”მაგთიკომი”-ს  სანქცირების საფუძველი, რადგან არ არსებობს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას  მიაჩნია, რომ  შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის”  მოთხოვნა შპს მაგთიკომის” სანქცირებასთან დაკავშირებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

            ამავდროულად კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” წარმომადგენლის მიერ წამოწეული საკითხის აქტუალურობის, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ ე.წ. ”მაგთიფიქსის” მომსახურება  და ამ მომსახურების ტარიფი შპს ”მაგთიკომმა” დაადგინა კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, კომისია მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს დაევალოს მობილური სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზარის კვლევისა და ანალიზის დაწყების შესწავლის მიზნით პირველადი მოკვლევის ჩატარება, კომისიის 2007 წლის 31 აგვისტო N 5 დადგენილებით დამტკიცებული “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების”  მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა კომისიისათვის ადმინისტრაციული  წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე, 30-ე, 41-ე და 42-ე   მუხლების შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედაგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  არ დაკმაყოფილდეს შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” განცხადება, შპს ”მაგთიკომის” მობილური სატელეფონო მომსახურების საცალო ტარიფებში ცვლილებების განხორციელების დავალდებულების შესახებ;

2.  არ დაკმაყოფილდეს შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” განცხადება შპს ”მაგთიკომის” სანქცირების შესახებ;

3.   დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია) მობილური სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზარის კვლევისა და ანალიზის  დაწყების საჭიროების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან  10 სამუშაო დღის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 მკ) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრები:                ზ.ნონიკაშვილი

                                                            გ.ფრუიძე

                                                         კ.კვიტაიშვილი                   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები