შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული დავის არსებითი განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2008
მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” (09.10.2008 №6/2406-08) სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანს წარმოადგენს: შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილ ერთობლივ განცხადებაში, შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” აღნიშნავენ, რომ კომისიის 2004 წლის 30 ივლისის №381/22 გადაწყვეტილებით, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” (ყოფილი სს ”საქართველოს ელექტროკავშირი”), შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის, დადგინდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები. ხელშეკრულება გაფორმებული იყო ერთი წლით და მისი მოქმედების ვადა ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, გრძელდებოდა კიდევ ერთი წლით. დღეის მდგომარეობით, მხარეებს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულება არ არსებობს. იმის გათვალისწინებით, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, ბაზრის სხვადასხვა სეგმენტზე ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად, მას შეუძლია ურთიერთჩართვის ხელშეკრულების არქონის შემთხვევაში, არსებითი ზეგავლენა მოახდინოს შპს ”ახალ ქსელებზე” და შპს ”ახტელზე” და ბოროტად გამოიყენოს ბაზრის სხვადასხვა სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, კერძოდ გათიშოს კავშირები სადგურებს შორის.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” 2008 წლის 1.07 №633 წერილით სთხოვა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია”-ს უმოკლეს ვადებში წარმოედგინათ ხელშეკრულების პროექტები, იმ საკითხზე რომლებზეც ისინი თვლიდნენ საჭიროდ, მაგრამ დღემდე აღნიშნულ წერილს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მხარეების მიერ გამოქვეყნებულ ოფერტებში კი, ასახულია ერთმანეთისგან განსხვავებული პირობები და შესაბამისად, მხარეებს შორის მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” ითხოვს კომისიის მიერ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების წინასწარ დადგენას.
მოთხოვნა:
შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენა.
კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნია, რომ საკითხი მიეკუთვნება კომისიის რეგულირების საგანს და საჭიროებს განხილვასა და არსებით გადაწყვეტას. შესაბამისად, შპს ”ახალ ქსელების” და შპს ”ახტელი”-ს ზემოაღნიშნული განცხადება, გადაეგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” (16.10.2008 №03/2635-08) და მხარეს ეთხოვა საკუთარი მოსაზრებების კომისიაში წარმოდგენა 2008 წლის 22 ოქტომბრამდე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2008 წლის 24 ოქტომბერს და დავის არსებითი განხილვის დღედ განისაზღვრა 2008 წლის 31 ოქტომბრის 16:00 საათი.
საკითხის განხილვა გაიმართა 2008 წლის 31 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მხარეების წარმომადგენლები.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, განაცხადის მიღების თარიღიდან 30 დღის ვადაში შეთანხმდნენ და გააფორმონ ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მისი ასლი უნდა წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.” ამავე დროს, კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე და კომისია უფლებამოსილია მხარეებს შორის დაადგინოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელები”-სა და შპს ”ახტელი”-ს მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ განმცხადებლებმა მიმართეს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით, ამ უკანასკნელის მიერ საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტა) დადგენილი პროეცედურების შესაბამისად. ამავე დროს, არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ადგილი აქვს შპს ”ახალი ქსელებთან” და შპს ”ახტელთან” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების არ გაფორმებას. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მხარეები უნდა შეთანხმდნენ და გააფორმონ ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და კომისია კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება უფლებამოსილი დაადგინოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები, თუ ვერ მოხერხდა შეთანხმება მხარეებს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს შპს ”ახალი ქსელები”-სა და შპს ”ახტელი”-ს განცხადებების დაკმაყოფილების საფუძველი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის შესახებ. ამავე დროს, მხარეებს უნდა მიეცეთ ერთი თვის ვადა, რომ შეთანხმდნენ და გააფორმონ ურთიერთჩართვის ხელშეკრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედაგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს ”ახალი ქსელები”-ს და შპს ”ახტელი”-ს განცხადებები სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის თაობაზე;
2. დაევალოს შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელს” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” უზრუნველყონ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების გაფორმება 1 თვის ვადაში და მისი ასლის კომისიაში წარმოდგენა ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
