წვდომის მენიუ

შპს ”ლუნეტსა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით არსებულ დავის არსებითი განხილვის შესახებ

ნომერი: 648 / 16

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ლუნეტმა” (10.10.2008 №6/2410-08), შპს ”კავკასუს ონლაინ”-თან დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: შპს ”ლუნეტსა” და შპს ”კავკასუს ონლაინ”-ს შორის გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაუფორმებლობა.

კომისიაში  წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”ლუნეტი” აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს  №469/16 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუქტის “ა.ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს “კავკასუს ონლაინს” დაევალა შეუზღუდავი და შეუფერხებელი გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა მინიმუმ 1 გბიტ/წმ-ში სიმძლავრით ყველა სხვა ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირთან. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, შპს “კავკასუს ონლაინს” დაევალა ინტერნეტ გვერდების მის ქსელსა და ვებსივრცეში განთავსების მომსახურების (ჰოსტინგის), მის მიერვე დადგენილი ტარიფებით მიწოდებისას, ამავე მომსახურების ფარგლებში უზრუნველყოს ინტერნეტ გვერდებთან უპირობო, შეუზღუდავი და შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა, როგორც საკუთარი აბონენტებისათვის, ისე პირდაპირი გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილებში ჩართულ სხვა ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2008 წლის 25 ივლისს, შპს ”ლუნეტმა” წერილით მიმართა შპს “კავკასუს ონლაინს” და მოითხოვა 1 გბიტ/წმ სიჩქარით შეერთება და შესაბამისი გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს მხრიდან შპს ”ლუნეტს” არანაირი პასუხი არ მიუღია.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ყველა ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

მოთხოვნები:

დაევალოს შპს ”კავკასუს ონლაინს” შპს ”ლუნეტთან” გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა 1  გბიტ/წმ სიჩქარით;

დაევალოს შპს ”კავკასუს ონლაინს” შესაბამისი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების გაფორმება;

შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს მიმართ გამოყენებულ იქნას ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები;

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიამ იმსჯელა 2008 წლის 24 ოქტომბერს  მოსამზადებელი სხდომაზე და დავის არსებითი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 31 ოქტომბერს 16:00 საათზე.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”კავკასუს ონლაინი”-სა და შპს ”ლუნეტი”-ს წარმომადგენლები.

შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს ”ლუნეტი”-ს მიერ მოთხოვნილი მომსახურება წარმოადგენს არა ურთიერთჩართვას, არამედ ე.წ. ”კოლოკაციას”. ამავე დროს, გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”ლუნეტი” არ წარმოადგენს ქსელის ოპერატორს, მას არ სჭირდება ურთიერთჩართვა.  რაც შეეხება კოლოკაციას, მომართვის შემთხვევაში შპს ”კავკასუს ონლაინი” მზად არის გააფორმოს შპს ”ლუნეტთან” შესაბამისი კოლოკაციის ხელშეკრულება და გაუწიოს მომსახურება.

შპს ”ლუნეტი”-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს ”ლუნეტი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს საქმიანობას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში, მას ჰყავს აბონენტები (მართალია არა იმ ოდენობით, რაც შპს ”კავკასუს ონლაინს”) და შესაბამისად, ითხოვს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებას შპს ”კავკასუს ონლაინთან”.

კომისიამ შეისწავლა მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შუამდგომლობები და ახსნა-განმარტებები და აღნიშნავს შემდეგს: შპს ”ლუნეტი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში (ავტორიზაციის №224/1), კომპანიას ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგი სახის მომსახურებებზე: 1.ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურება: ა) ქსელით უზრუნველყოფა; ბ) მომსახურების მიწოდება. 2. საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურება: ა) ქსელით უზრუნველყოფა; ბ) მომსახურების მიწოდება 3. საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურება: ა) ქსელით უზრუნველყოფა; ბ) მომსახურების მიწოდება. 4. ინტერნეტით მომსახურება: ა) ქსელით უზრუნველყოფა; ბ) მომსახურების მიწოდება. შესაბამისად, შპს ”ლუნეტი”-ს,  როგორც ავტორიზებულ პირის, კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებას წარმოადგენს მოითხოვოს ელექტრონული საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებული სხვა პირისგან (ამ შემთხვევაში შპს ”კავკასუს ონლაინ”-სგან) ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2007 წლის 17 აგვისტოს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №469/16 ”ერთი მხრივ, შპს ”სერვისს”, სს ”ეგრისს”, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელებსა” და მეორე მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის არსებითი გადაწყვეტის შესახებ”, რომლის შესაბამისადაც, შპს “კავკასუს ონლაინს” დაევალა შეუზღუდავი და შეუფერხებელი გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა მინიმუმ 1 გბიტ/წმ-ში სიმძლავრით ყველა სხვა ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის №1/7/436 განჩინების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს №469/16 გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, ანუ მას არ გააჩნია საყოველთაო და ზოგადსავალდებულო ხასიათი, არ შეეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს და იგი სავალდებულოა მხოლოდ აქტით განსაზღვრული მხარეებისათვის.

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინისა” და შპს ”ლუნეტს”-ს შორის გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება 1 (ერთი) გბიტ/წმ-ის სიმძლავრით, წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნას. კერძოდ, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ჰ29” პუნქტის, 19-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ”დ” ქვეპუნქტისა და  32-ე მუხლის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია,  მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება. დაშვებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეუზღუდავობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპები, რაც მოიცავს მომსახურების ხელმისაწვდომობის, ხარისხის, ტარიფების, მიწოდების ვადების, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა არსებითი ინფორმაციის გამჭვირვალობის, აგრეთვე ურთიერთოპერაბელურობის უზრუნველყოფას. ამავე დროს, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად: მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, განაცხადის მიღების თარიღიდან 30 დღის ვადაში შეთანხმდნენ და გააფორმონ ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მისი ასლი უნდა წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

კომისია მიიჩნევს, რომ მსურველი ავტორიზებული პირი, ამ შემთხვევაში შპს ”ლუნეტი”, უფლებამოსილია მოითხოვოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან არადისკრიმინაციული დაშვება იმგვარი პირობებით, რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე არსებითად მსგავსი ურთიერთობების შემთხვევებში, დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული და სხვა ავტორიზებული პირებისათვის, ხოლო შპს ”კავკასუს ონლაინი”, როგორც აღნიშნულ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირი, დაშვების შეთავაზებისას, არსებითად მსაგავსი გარემოებებისა და ექვივალენტური მოთხოვნების პირობებში, ვალდებულია უზრუნველყოს მოთხოვნილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მსურველი ავტორიზებული პირისთვის არადისკრიმინაციულად (შეუზღუდავად), ერთსა და იმავე ვადებში ერთნაირი პირობებით მიწოდება.   

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ ანალოგიური საკითხი განხილულ იქნა 2008 წლის 25 იანვარს, სს ”ტელენეტ”-სა და შპს ”კავკასუ ონლაინ”-ს შორის დავის განხილვის დროს, როდესაც სს ”ტელენეტი” შპს ”კავკასუს ონლაინი”-სგან ითხოვდა (ერთი) გბიტ/წმ-ის გამტარუნარიანობის არხის ორგანიზებასა და ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებას. კომისიის მიერ მიღბულ იქნა გადაწყვეტილება №41/16, რომლითაც დაკმაყოფილდა სს ”ტელენეტის”  მოთხოვნა, შპს ”კავკასუს ონლაინს” დაევალა  სს ”ტელენეტთან” 1 (ერთი) გბიტ/წმ-ის გამტარუნარიანობის არხის ორგანიზება და გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების  იმავე პირობებით გაფორმება, რა პირობითაც იგი ამ მომსახურებას სთავაზობს სხვა ავტორიზებულ პირებს.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: ”საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.” შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შპს ”ლუნეტი”-ს მოთხოვნა შპს ”კავკასუს ონალინ”-თან  1 გბიტ/წმ სიჩქარით გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება შპს ”კავკასუს ონლაინი”-სთვის ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების დაკისრებას, კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს სანქცირების საფუძველი და შესაბამისად, შპს ”ლუნეტი”-ს მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, შპს ”კავკასუს ონლაინ”-ს მიაჩნდა რა, რომ შპს ”ლუნეტი”-სთვის არსებითად საჭირო იყო ე.წ ”კოლოკაცია”, შეგნებულად და განზრახ არ უთქვამს უარი ამ უკანასკნელთან ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე. აქვე კომისია აღნიშნავს, რომ ე.წ. ”კოლოკაცია”, როგორც მომსახურების სახე, შპს ”კავკასუს ონლაინ”-ს ცალკე მომსახურების სახედ გამოყოფილი არ აქვს.

ყოვილევე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ჰ29” პუნქტის, 19-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის,  32-ე მუხლის, 34-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 42-ე მუხლის, ”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს შპს ”ლუნეტი”-ს  მოთხოვნა, დაევალოს შპს ”კავკასუს ონლაინს” შპს ”ლუნეტთან” 1 (ერთი) გბიტ/წმ-ის სიმძლავრით გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების  იმავე პირობებით გაფორმება, რა პირობითაც იგი ამ მომსახურებას სთავაზობს სხვა ავტორიზებულ პირებს.

2. დაევალოთ მხარეებს ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმება,  5 სამუშაო დღის ვადაში, წინამდებარე გადაწყვეტილების ასლი მიღებიდან და მისი ორმხრივი ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში ასლის კომისიაში წარმოდგენა.

3. არ დაკმაყოფილდეს შპს ”ლუნეტი”-ს მოთხოვნა შპს ”კავკასუს ონლაინი”-სთვის ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების დაკისრების თაობაზე;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მხარეებისთვის მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში.

კომისიის წევრები:                                        ზ.ნონიკაშვილი

                                                                        გ.ფრუიძე

                                                                       კ.კვიტაიშვილი                

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები