წვდომის მენიუ

შპს ”ახალი ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 652 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2008

მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”ახალმა ქსელებმა”  2008 წლის 21 ოქტომბერს განცხადებით მიმართა  კომისიას, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის მოთხოვნით.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში, შპს ”ახალი ქსელები” აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან მიიღო უარი შპს ”ახალი ქსელების” კუთვნილებაში მყოფი კაბელების ამოღებაზე, რომლებიც განთავსებულია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში არსებულ სხვდასხვა სატელეფონო საკანალიზაციო არხებში.

მოთხოვნები:

1. დაავალოს კომისიამ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” გასცეს შესაბამისი ნებართვა შპს ”ახალი ქსელების” კუთვნილი კაბელების დემონტაჟისა და გამოტანის თაობაზე;

2. კომისიის გადაწყვეტილებების დარღვევის გამო გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული სანქციები.

აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 31 ოქტომბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”ახალი ქსელების” მხრიდან ნ.ჟღენტი, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან - ლ. გიორგაძე. აღნიშნულ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ მოითხოვა მოსამზადებელი სხდომის 1 კვირით გადადება, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა.

7 ნოემბერს გამართულ განმეორებით მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სათანადო ნებართვების გაცემა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” საკანალიზაციო არხებში. აღნიშნულ სხდომაზე, შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელმა მოითხოვა დავის განხილვის დღის დანიშვნა.

კომისია აღნიშნავს, რომ სხვა დამატებითი მტკიცებულებები  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს არ წარმოუდგენიათ, ხოლო წარმოადგენს თუ არა განმცხადებლის მოთხოვნა კომისიის რეგულირების სფეროს, საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, აღნიშნულ საკითხზე კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დაევალოს შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  ამ ეტაპზე დაინიშნოს შპს ”ახალი ქსელებსა”  და  სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის  განხილვა 2008 წლის 14 ნოემბერს 16:00 საათზე;

2.  დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (გ.ხოჯევანიშვილი).

3.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული დასკვნის წარმოდგენა 2008 წლის 14 ნოემბრამდე;

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

5.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

6.    გადაწყვეტილება ამოქმედდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                            გ. არველაძე                            

 წევრები:                                               კ. კვიტაიშვილი

                                                            ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები