ერთი მხრივ, შპს ”ახალი ქსელებსა” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2008
მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”ახალმა ქსელებმა” 2008 წლის 21 ოქტომბერს განცხადებით მიმართა კომისიას, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში, შპს ”ახალი ქსელები” აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან მიიღო უარი შპს ”ახალი ქსელების” კუთვნილებაში არსებული კაბელების ამოღებაზე, რომლებიც განთავსებულია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქ.თბილისსა და ქ.ქუთაისში არსებულ სხვდასხვა სატელეფონო საკანალიზაციო არხებში.
მოთხოვნები:
1. დაავალოს კომისიამ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” გასცეს შესაბამისი ნებართვა ”ახალი ქსელების” კუთვნილი კაბელების დემონტაჟისა და გამოტანის თაობაზე;
2. კომისიის 2008 წლის 14 მარტის №122/16 და 2008 წლის 26 სექტემბრის №557/16 გადაწყვეტილებათა დარღვევის გამო, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული სანქციები.
აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 31 ოქტომბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”ახალი ქსელების” მხრიდან ნ.ჟღენტი, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან - ლ. გიორგაძე. აღნიშნულ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ მოითხოვა მოსამზადებელი სხდომის 1 კვირით გადადება, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა.
7 ნოემბერს გამართულ განმეორებით მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სათანადო ნებართვების გაცემა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” საკანალიზაციო არხებიდან განმცხადებელი მხარის კუთვნილი კაბელების დემონტაჟზე. აღნიშნულ სხდომაზე, შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელმა მოითხოვა დავის განხილვის დღის დანიშვნა.
14 ნოემბერს კომისიაში გაიმართა დავის არსებითი განხილვა. აღნიშნულ სხდომაზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან წარმოდგენილი იქნა სატელეფონო კანალიზაციიდან სადაო კაბელების ამოღებასთან დაკავშირებული შპს ”ახალი ქსელების” სახელზე გაცემული ნებართვების ასლები. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ზემოხსენებულ ნებართვებში აღნიშნავს, რომ ნებართვა ძალაში შევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეთა შორის გაფორმდება შესაბამისი შეთანხმების აქტი, რომელშიც კონკრეტულად განისაზღვრება სამუშაოების წარმოების ვადა და იმ უფლებამოსილ პირთა სია, ვინც განახორციელებს სამუშაოებს, აგრეთვე მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხები სატელეფონო კანალიზაციის დაზიანების შემთხვევაში და შეთანხმდება კაბელების ამოღების შესახებ აქტის ფორმა.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ განხილულ საკითხზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს საქმის შესწავლისას აღმოჩენილ ფაქტობრივ გარემოებათა გამო, კერძოდ, განმცხადებელი მხარის მოთხოვნაზე, ქ.თბილისსა და ქ. ქუთაისში არსებულ სხვადასხვა სატელეფონო საკანალიზაციო არხებში შპს ”ახალი ქსელების” კუთვნილი კაბელების ამოღების მიზნით გაიცეს შესაბამისი ნებართვები, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შესრულებულია და წარმოდგენილია შპს ”ახალი ქსელების” სახელზე გაცემული შესაბამისი ნებართვები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისია უფლებამოსილია განიხილოს დაშვებასთან დაკავშირებით ავტორიზებულ პირებს შორის დავები, მაგრამ არ განიხილავს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ქონებრივი ხასიათის დავებს, მათ შორის ერთი ავტორიზებული პირის საკუთრების, მეორე ავტორიზებული პირისგან გადმოცემასთან დაკავშირებულ და შესაბამისად, ამოღების თაობაზე ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ დავებს.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მხარეებს შორის ამ ეტაპზე არ არსებობს დაშვების მომსახურებასთან დაკავშირებული მოქმედი ხელშეკრულებები, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახეზე არ არის დაშვებასთან დაკავშირებული დავა.
კაბელების დემონტაჟსა და ამოღებასთნ დაკავშირებით ნებართვების გაცემა, შინაარსობრივადაც და იურიდიული თვალსაზრისითაც, არ წარმოადგენს დაშვებას, ვინაიდან ”ელექტრონილი კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”რ” პუნქტის შესაბამისად, ”დაშვება არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:
რ.ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის საკუთარი ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესაბამისი ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.ბ) ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებითა და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ შორის, საკანალიზაციო არხებითა და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.გ) თანალოკაციის ფართობით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.დ) ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი ელემენტებით, მათი თავისუფალი საოპერაციო ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით) სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.ე) აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.ვ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზების, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან (ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.ზ) ვირტუალური ქსელების მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით ან საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას.” ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაშვებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ხდება საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით, საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა და არა შეწყვეტილი მომსახურების პირობებში, ქონების მესაკუთრისათვის დაბრუნების უზრუნველყოფა.
კომისია ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ კომისიის 2008 წლის 14 მარტის №122/16 გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო 2008 წლის 26 სექტემბრის №557/16 გადაწყვეტილებით, მსგავს სადაო საკითხზე, ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, ”ელექტრონილი კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნა, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირებასთან დაკავშირებით, კომისიის 2008 წლის 14 მარტის №122/16 და 2008 წლის 26 სექტემბრის №557/16 გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობის გამო, მოთხოვნის უსაფუძვლობიდან გამომდინარე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონილი კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 42-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის კაბელების დემონტაჟისა და ამოღების მიზნით შესაბამისი ნებართვების გაცემის თაობაზე არსებულ დავაზე;
2. უარი ეთქვას შპს ”ახალ ქსელებს”, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის” სანქციის დაკისრების მოთხოვნაზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისათვის გაგზავნა;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.
კომისიის წევრები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
ს. ბრიტანჩუკი
