წვდომის მენიუ

შპს ,,ჩვენი რადიოს ” №B72 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 682 / 23

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 02, 2008

მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით (№7/418-08) მიმართა შპს ,,ჩვენმა რადიომ” და მოითხოვა მისი კუთვნილი №B72 ლიცენზიით (კერძო საეთერო რადიომაუწყებლობა; სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა) განსაზღვრული სამაუწყებლო სიხშირის FM98.4 მჰც შეცვლა კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირით, ხელმისაწვდომობის ფარგლების გაზრდის უზრუნველსაყოფად.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს ”ჰარალემ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 25 სექტემბრის ბრძანების N7349/002-2/4-3999 საფუძველზე მოახდინა ცვლილება სამეწარმეო რეესტრში, საზოგადოების სახელწოდება ”ჰარალე” შეიცვალა სახელწოდებით შპს ”ჩვენი რადიო”. აღნიშნული დოკუმენტაცია შპს ”ჩვენმა რადიომ” წარმოადგინა კომისიაში, რის საფუძველზეც კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილება და ამჟამად №B72 ლიცენზიის მფლობელია  შპს ”ჩვენი რადიო”.

განცხადებასთან დაკავშირებით, წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნა, რომლის  საფუძველზე  შპს ”ჩვენი რადიოს” №B72 ლიცენზიის შესაბამისად, ტექნიკური პარამეტრების შენარჩუნებით, 98.4 მჰც სიხშირის ნაცვლად, შესაძლებელია მიენიჭოს ქ. თბილისში ამჟამად არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსიდან  95.5მჰც სიხშირე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე–5 პუნქტის  თანახმად, ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა და მოდიფიცირება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რომლის შესაბამისად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

   კომისიამ, იხელმძღვანელა რა, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–2 პუნქტით, რომლის თანახმადაც „იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) აქტით დადგენილი ნორმა’’, დაადგინა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38–ე მუხლი  ნორმა ძალაშია  2004 წლის 23 დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე  მუხლით დადგენილი ნორმა, მიღებულია  უფრო გვიან, ვიდრე ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმა.  შესაბამისად, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება N279/22 ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე, არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, თუ მოდიფიცირება არ ეხება ლიცენზიის სახისა და სახეობის ცვლილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის შესაბამისად,

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ჩვენი რადიოს” №B72 ლიცენზიის მოდიფიცირებისა    და კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილების 47-ე პუნქტში  ცვლილებების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2008 წლის 12 დეკემბერს, 16:00   სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;  

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს  „ჩვენი რადიო“–სათვის;

5.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილს).

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრები:                ს. ბრიტანჩუკი          

                                                გ. ფრუიძე

                                                კ. კვიტაშვილი

                                                ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები