შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის №908 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2008
მიღების თარიღი ნოემბერი 17, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-მა, კომისიას მიმართა განცხადებით, კომპანიის კუთვნილი №908 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კავშირგაბმულობის და ფოსტის ყოფილი სამინისტროს მიერ, შპს “სამაუწყებოლო კომპანია რუსთავი 2”-ზე 1999 წლის 7 აპრილს ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემულ იქნა ლიცენზია №908 (ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა მე-12 სატელევიზიო არხზე 1 კვტ-მდე სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით).
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიას ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის, მაუწყებლების ვალდებულებებთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. სწორედ ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით, მაუწყებლებს გაეგზავნათ წერილები, რათა დაკონკრეტებულიყო მათ მიერ განხორციელებული მაუწყებლობის სახეობა (საერთო თუ სპეციალიზირებული მაუწყებლობა). შპს “სამაუწყებოლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია კომპანიის მიერ განხორციელებული მაუწყებლობის სახის შესახებ და შესაბამისად, შპს “სამაუწყებოლო კომპანია რუსთავი 2”-ის №908 ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხი გადაიდო განხორციელებული მაუწყებლობის სახეობის და ტექნიკური პარამეტრების შესწავლის მიზნით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს “სამაუწყებოლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა განცხადება (№6/2646-08 12.11.2008), რომლითაც დაზუსტებული იქნა განსახორციელებელი მაუწყებლობის სახეობა. კომისიაში წარმოდგენილი განცხადებით, კომპანია ითხოვს ზემოაღნიშნული ლიცენზიის სპეციალიზებული (შემეცნებით მუსიკალურ გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიად მოდიფიცირებას.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება, მხედველობაშია, ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, ლიცენზიათა სახეობებად განისაზღვრა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა და მოდიფიცირება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რომლის შესაბამისად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
კომისიამ, იხელმძღვანელა რა, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–2 პუნქტით, რომლის თანახმადაც „იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) აქტით დადგენილი ნორმა’’, დაადგინა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართელოს კანონის 38–ე მუხლი ნორმა ძალაშია 2004 წლის 23 დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლით დადგენილი ნორმა, მიღებულია უფრო გვიან, ვიდრე ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმა. შესაბამისად, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება N279/22 ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე, არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, თუ მოდიფიცირება არ ეხება ლიცენზიის სახესა და სახეობის ცვლილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ხმათა უმრავლესობით (ოთხი მომხრე, ერთი წინააღმდეგი)
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2” -ის №908 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2008 წლის 12 დეკემბერს, 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2” -სათვის;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილს).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრებ: ზ. ნონიკაშვილი
კ. კვიტაიშვილი
ს. ბრიტანჩუკი
