წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, სატელეკომუნიკაციო კომპანია ”ვოიპნეტსა” და მეორე მხრივ, შპს ”ახალი ქსელებს”, შპს ”ახტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 684 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 06, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 21, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანია ”ვოიპნეტმა” 2008 წლის 3 ნოემბერს განცხადებით მიმართა  კომისიას, შპს ”ახალი ქსელების”, შპს ”ახტელისა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წინააღმდეგ დავის  განხილვის მოთხოვნით.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში სატელეკომუნიკაციო კომპანია ”ვოიპნეტი” აღნიშნავს, რომ მათ მიერ შპს ”ახალი ქსელების”, შპს ”ახელისა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისადმი” გაგზავნილ იქნა წერილები ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით, რასაც ჩამოთვლილი კომპანიების მხრიდან არ მოჰყოლია რეაგირება.

მოთხოვნები:

1. განმცხადებელ მხარესთან ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების გაფორმება;

2. პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადის გადავადება.

აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 14 ნოემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: სატელეკომუნიკაციო კომპანია ”ვოიპნეტის” მხრიდან კ. ქარჩავა, შპს ”ახალი ქსელებს” და შპს ”ახტელს”, წარმოადგენდა ნ. ჟღენტი, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” - ლ. გიორგაძე. აღნიშნულ სხდომაზე, მოპასუხე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რის გამოც მხარეებმა მოითხოვეს სხდომის გადადება, ვინაიდან მათ შორის მიმდინარეობდა ხელშეკრულების გაფორმების პირებებზე მოლაპარაკება. აღნიშნული შუამდგომლობა კომისიის მიერ დაკმაყოფილდა.    

განმეორებითი მოსამზადებელი სხდომა, კომისიაში გაიმართა 2008 წლის 21 ნოემბერს, რომელზეც გაირკვა, რომ მხარეებს შორის მოხდა სადაო საკითხზე შეთანხმება და მხარეებმა გააფორმეს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებმა იშუამდგომლეს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან, განმცხადებელი უარს ამბობს განცხადებაზე, ხოლო მოპასუხე მხარეებმა ცნეს და დაუკმაყოფილეს მოთხოვნა. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონილი კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება, ერთი მხრივ, სატელეკომუნიკაციო კომპანია ”ვოიპნეტსა”  და  მეორე მხრივ, შპს ”ახალი ქსელებს”, შპს ”ახტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მიმდინარე დავაზე;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის გაგზავნა;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.

კომისიის თავმჯდომარე                          გ. არველაძე                            

                     წევრები:                          კ. კვიტაიშვილი

                                                           ზ. ნონიკაშვილი

                                                           გ. ფრუიძე

                                                          ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები