წვდომის მენიუ

“შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 18 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 10 ოქტომბრის №583/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ”კავკა

ნომერი: 703 / 19

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2008

მიღების თარიღი ნოემბერი 21, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს,  რომ 2008 წლის 10 ოქტომბერს კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №583/6 “შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები”-ს  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 18  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელებს” განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 36,500.00 (ოცდათექვსმეტი ათას ხუთასი) ლარის 2008 წლის 10 ნოემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

ამავე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები” ვალდებული იყო ზემოაღნიშნული თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიისთვის წარმოედგინა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა, რომ შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები”-ს მიერ გადაწყვეტილებით  გათვალისწინებული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2008 წლის 10 ნოემბრამდე გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას კომისიის 2008 წლის 10 ოქტომბრის №583/6 გადაწყვეტილების, მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N18  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მომართა შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელებმა” (07.11.2008 №6/2620-08) რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია არ თვლის მიზანშეწონილად 8-6-6 (რვა-ექვსი-ექვსი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობას (რაც გათვალისწინებულია კომპანიის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N18  ლიცენზიით)   და 2009 წლის 1 იანვრიდან წყვეტს აღნიშნული რესურსით სარგებლობას. შესაბამისად, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები”-ს მიერ 2008 წლის 10 ნოემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში არ იქნა გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური - 36,500.00 (ოცდათექვსმეტი ათას ხუთასი) და კომისიაში  გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  49-ე მუხლის შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა წარმოადგენს აუცილებელ პირობას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები”-ს მიერ არ იქნა გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო მოსაკრებელი, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამავე დროს, კომპანიამ განცხადებით მიმართა კომისიას, რომ აღარ მიაჩნია მიზანშეწონილად ნუმერაციის რესურსით 8-6-6 სარგებლობა, კომისიას  მიაჩნია, რომ ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს კომისიის 2008 წლის 10 ოქტომბრის №583/6 გადაწყვეტილება,  უარი უნდა ეთქვას შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელებს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N18 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე და გაუქმდეს შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები”-ს ზემოაღნიშნული ლიცენზია ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლისთანავე, კერძოდ 2009 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ”ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ   ადმინისტრაციულ ორგანოს”. ამავე დროს, კომისიას მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევა, როცა ადმინისტრაციული ორგანო, ამ შემთხვევაში კომისია, უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი  - კომისიის  2008 წლის 10 ოქტომბრის №583/6 გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ დაინტერესებული მხარის - შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები”-ს მიერ არ იქნა შესრულებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება (ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და სალიცენზიო მოსაკრებლის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის სახით), რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის,  კომისიის 2008 წლის 10 ოქტომბრის №583/6 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად  

გადაწყვიტა:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N18 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 10 ოქტომბრის №583/6   გადაწყვეტილება” 2008 წლის 10 ოქტომბრიდან და უარი ეთქვას შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელებს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N18 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე.

2. გაუქმდეს შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N18 ლიცენზია 2009 წლის 1 იანვრიდან, მოქმედების ვადის ამოწურვის გამო;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”კავკასიის ციფურლი ქსელები”-სთვის  გაგზავნა;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ ) ერთი  თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები:                                                   ზ.ნონიკაშვილი

                                                                                 გ.ფრუიძე

                                                                                კ.კვიტაიშვილი

                                                                                ს.ბრიტანჩუკი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები