წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ”მაგთიკომსა” და მეორე მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 713 / 16

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 22, 2008

მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომმა” 2008 წლის 25 ნოემბერს განცხადებით მიმართა  კომისიას, შპს  ”ახალ ქსელებთან” და შპს ”ახტელთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში, შპს ”მაგთიკომი” აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელებთან” და შპს ”ახტელთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს ევალებათ საოქმო გადაწყვეტილებების ხელმოწერა მომსახურების გაწევიდან მომდევნო თვის 10 რიცხვამდე, სადაც აღინიშნება ინფორმაცია ტრაფიკის შესახებ და მხარეთა კუთვნილი თანხები. შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” უარს ამბობენ საოქმო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე, იმ საბაბით, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში (31 ოქტომბრის 18:10სთ-დან 4 ნოემბრის 16სთ-მდე) შეწყვეტილი იყო ურთიერჩართვა მოდავე მხარეებს შორის ტექნიკური პრობლემის გამო, რაც გამოწვეული იყო განმცხადებელი მხარის მიერ Release 4 ახალი თაობის საკომუტაციო სისტემების დანერგვა-ინტეგრაციით. შპს ”მაგთიკომი” ასევე აღნიშნავს, რომ მათ მიერ გაწეულ იქნა ყველა აუცილებელი სამუშაო, რათა შეფერხება დროულად აღმოფხვრილიყო. შპს  ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” ითხოვენ ურთიერთჩართვის შეჩერებით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას შპს ”მაგთიკომისაგან”, თავის მხრივ, ეს უკანასკნელი არ ეთანხმება მოთხოვნას ზარალის ანაზღაურების შესახებ და აღნიშნავს, რომ ოქტომბრის თვეში განხორციელებული ტრაფიკის შესახებ საოქმო გადაწყვეტილებაში, არ შეიძლება ასახულ იქნას ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული სადაო საკითხი.

მოთხოვნები:

1. კომისიამ დაავალოს შპს ”ახალი ქსელებსა” და შპს ”ახტელს” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, საოქმო გადაწყვეტილების ხელმოწერა და ანგარიშწორება;

2. ზემოაღნიშნლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დავალიანების არსებობის გამო, კომისიამ განმცხადებელ მხარეს მისცეს თანხმობა ურთიერჩართვის შეჩერების თაობაზე.

აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 2 დეკემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”ახალი ქსელების” მხრიდან ნ.ჟღენტი, ხოლო შპს ”მაგთიკომის” მხრიდან ა. ზოდელავა და ე.ასანაძე. აღნიშნულ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ მოითხოვა დავის განხილვის დღის დანიშვნა 1 კვირის შემდეგ, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   დაინიშნოს ერთი მხრივ შპს ”მაგთიკომსა” და მეორე მხრივ, შპს  ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის დავის  განხილვა 2008 წლის 9 დეკემბერს 12:00 საათზე;

2.   დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (გ.ხოჯევანიშვილი);

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);

4.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5.   გადაწყვეტილება ამოქმედდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის  წევრები:                     კ. კვიტაიშვილი

                                                        ზ. ნონიკაშვილი

                                                         გ. ფრუიძე

                                                         ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები