წვდომის მენიუ

შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“-სთვის ქმედების განხორციელების დავალების შესახებ

ნომერი: 715 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (28.10.2008 N6/2563-08) მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ მიერ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 გადაწყვეტილების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მოთხოვნა და შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს” დაევალა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”    დაშვება  შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის ქ. ფოთში, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ  სათანადო აპარატურის შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში.

სს „საქართველოს კაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს“ 2008 წლის 2 ოქტომბერს, სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისგან“ გაეგზავნა წერილი N8-14/1180, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 7 კალენდარული დღის ვადაში დეტალურად ეცნობებინათ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულების მიზნით სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მხრიდან განსახორციელებელი ქმედებების შესახებ, რაზედაც კომპანიას არანაირი პასუხი ადრესატისგან არ მიუღია. 2008 წლის 13 ოქტომბერს შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს“ კვლავ გაეგზავნა წერილი N8-14/1215, რომელზედაც ასევე არ მიუღია პასუხი სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ ბოროტად იყენებს მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და საერთაშორისო მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას და არ ასრულებს კომისიის გადაწყვეტილებებს, რის გამოც განმცხადებელი ითხოვს:

1. დაევალოს შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის N538/19 გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება;

2. შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“-ს მიმართ გამოყენებულ იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“-ს სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. წარმოების დაწყების შესახებ  შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ შეტყობინებით ეცნობა - 2008 წლის 21 ნოემბერს. მხარეს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. მხარეს ასევე ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების კომისიაში წარმოდგენა 2008 წლის 27 ნოემბრამდე.

საკითხის განხილვა გაიმართა  2008 წლის 28 ნოემბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“-სა და სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ თანამშრომლები, მაგრამ მათ მიერ კომისიის სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო 2008 წლის 5 დეკემბრისთვის და მხარეებს დაევალათ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

საკითხის განხილვა გაიმართა 2008 წლის 5 დეკემბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ წარმომადგენელი ბატონი ლევან გიორგაძე, და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“-ს წარმომადგენელი ბატონი - ნოშრევან ჟღენტი. მხარეების მიერ წარმოდგენილ იქნა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები (მინდობილობები).

კომისიის სხდომაზე შპს „ოპტიკური ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი“-ს წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ იქნა შეპასუხება სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „საქართველოს გაერთიენებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ წერილებზე შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი“-ს მხრიდან გაცემულ იქნა პასუხი 2008 წლის 24 ოქტომბერს და შესაბამისად, განმცხადებლის მცდელობა, საქმე წარმოაჩინოს ისე, თითქოს მისი წერილები უპასუხოდ დარჩა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამავე დროს, შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1.  იმის გამო, რომ ფოთში ტრანზიტი ხორციელდება 2.4 გიგაბიტ დონეზე და არ არსებობს მულტიპლექსორების აპარატურა, შეუძლებელია რომელიმე იერარქიულ დონეზე გარეშე მომხმარებლის მიერთება მაგისტრალთან.

2. საზღვაო მაგისტრალზე აპარატურის კონფიგურაციის შეცვლა, იმისთვის, რომ გარეშე მომხმარებელმა შეძლოს მაგისტრალთან მიერთება, ვერ ხერხდება, ვინაიდან ფოთში ტერმინალური კომპლექსი წარმოადგენს კონსორციუმის საკუთრებას და კომპანიას ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.

3.  შეუძლებელია საერთაშორისო მაგისტრალის ამჟამად მოქმედი მართვის პროგრამის გამოყენება ფოთში სხვა მომხმარებლის ჩასართავად.

4. შპს „ფოპტნეტი“-ს რესპუბლიკური და საერთაშორისო ტრაქტების მართვა შესაძლებელია მხოლოდ თბილისიდან.

რაც შეეხება თანალოკაციის ფართზე დაშვების საკითხს, შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ კომპანიას არ გააჩნია ქ.ფოთში საკუთარი ფართი, მისი აპარატურა განთავსებულია ნაქირავებ ფართზე და მხარეებს შორის 2008 წლის 1 იანვარს გაფორმებული   ხელშეკრულების პირობების თანახმად, შპს „ფოპტნეტს“ უფლება არ აქვს საიჯარო ფართზე დაუშვას სხვა ორგანიზაციების კაბელების, დანადგარ-მოწყობილობათა, ინვენტარის ან ნებისმიერი სხვისი ქონების (საკუთრების) განთავსება.

ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის 538/16 გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, კომპანიამ წერილობით მიმართა დაქირავებული ფართის მესაკუთრეს, იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ“ დაიწყოს მოწყობილობა დანადგარების შეძენა და მათი მიერთების სამუშოების ჩატარება, რასაც შედეგად მოჰყვა მესაკუთრის მიმართვა ქ.ფოთის საქალაქო სასამართლოსადმი და მეიჯარემ მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მიზნით, განმცხადებლის კუთვნილ ფართში სხვა კომპანიებისა და პირების მოწყობილობა დანადგარების განთავსების აკრძალვა. ქ.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის (საქმე N2/ბ-973) განჩინებით, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვან ტელეკომუნიკაციის ქსელ - ფოპტნეტს“ აეკრძალა ქ. ფოთში წმინდა გიორგის ქ. N16-ში მდებარე საიჯარო ფართში, სხვა ფირმებისა და კომპანიების მოწყობილობა-დანადგარების, გარდა არსებულისა, სხვა ორგანიზაციების კაბელების, ინვენტარისა და ნებისმიერი ქონების განთავსება.

      ახსნა-განმარტებაში კომპანია აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ოპტიკურ ბიჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი“-სთვის შეუძლებელი გახდა კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის N538/16 გადაწყვეტილების შესრულება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა დავა სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტ“-ს შორის, შესწავლილ იქნა სადავო საკითხთან დაკავშირებული მასალები, მათ შორის წამოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნა და აღნიშნული მასალების საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N538/16, რომლის მე-3 მუხლის შესაბამისადაც, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „საქართველო გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მოთხოვნა და შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს” დაევალა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”    დაშვება  შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის ქ. ფოთში, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ  სათანადო აპარატურის შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში. შესაბამისად, კომისია ვერ გაიზიარებს შპს „ოპტიკური ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“-ს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, რაც აღნიშნულია მხარის მიერ წარმოდგენილ შეპასუხებაში, კომპანია ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე კომისიამ უკვე იმსჯელა, მიიღო გადაწყვეტილება N538/16 19.09.2008. და არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები) რაც შესაძლოა გამხდარიყო კომისიის მიერ საკითხის ხელმეორედ განხილვისა და ახალი გადაწყვეტილების მიღბის საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულის თაობაზე შპს „ოპტიკური ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ არც მოუმართავს კომისიისთვის.

რაც შეეხება მხარის არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას აღასრულოს კომისიის გადაწყვეტილება თანალოკაციის ფართთან დაშვებასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ მხარეს ქ.ფოთში არ გააჩნია საკუთარი ფართი, ხოლო ფართის მესაკუთრესთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მას ეკრძალება საიჯარო ფართთან სხვა კომპანიების კაბელების და მოწყობილობა-დანადგარების დაშვება და ამავე დროს, ქ.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვან ტელეკომუნიკაციის ქსელ - ფოპტნეტს“ აეკრძალა ქ. ფოთში წმინდა გიორგის ქ. N16-ში მდებარე საიჯარო ფართში, სხვა ფირმებისა და კომპანიების მოწყობილობა-დანადგარების, გარდა არსებულისა, სხვა ორგანიზაციების კაბელების, ინვენტარისა და ნებისმიერი ქონების განთავსება, კომისია  ვერ გაიზიარებს აღნიშნულ არგუმენტაციას შემდეგი გარემოებების გამო:

1.  როდესაც კომისიაში 2008 წლის 19 სექტემბერს იხილებოდა დავა სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ შორის, ამ უკანასკნელის მიერ საკითხის განხილვის დროს, არ იყო დასმული საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ მხარის მიერ ვერ შესრულდებოდა დაშვების ვალდებულება იმ მიზეზის გამო, რომ საიჯარო ფართის მესაკუთრესთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მას აკძალული ჰქონდა სხვა პირებისა და ორგანიზაციების კაბელებისა დააპარატურის დაშვება და მონტაჟი საიჯარო ფართზე;

2.  აღსანიშნავია ასევე ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულება, გაფორმებული ორ კერძო სამართლის სუბიექტს შორის, არ აჩერებს ან ზღუდავს პირისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.

3.  „მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების ბაზრის სეგმენტის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N498/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად, მაგისტრალური არხებით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და დაკისრებული აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ 2008 წლის 1 იანვარს არ უნდა მომხდარიყო ისეთი სახის ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ „ელექტროული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონთან და კომისიის გადაწყვეტილებასთან და ხელს შეუშლიდა კანონმდებლობის მოთხოვნების აღრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. 

კომისიას მიაჩნია, რომ სახეზეა კომისიის გადაწყვეტილების აღუსრულებლობა და საჭირო გამოყენებულ იქნას გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია განახორციელოს სხვა პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული რაიმე მოქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცემულია გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ“ ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის აღსასრულებლადაც არის იგი გამოცემული.“ ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, „პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება, უნდა მიეცეს ვადა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით შესრულებისათვის. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ზუსტად განსაზღვროს, თუ რა მოქმედების განხორციელება ევალება პირს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის.“ 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს პირი, რომელსაც ევალება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე  შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს“ უნდა მიეცეს ვადა კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის N538/16 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის აღსასრულებლად.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების, 167-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებისა და 168-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაევალოს შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს“ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის აღსრულების უზრუნველსაყოფად შენმდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”   მიერ  შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის”-თვის განმეორებით მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შექმნას კომისია, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  წარმომადგენლებთან ერთობლივად;

ბ) ერთობლივმა კომისიამ შექმნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს და თავის დასკვნაში ასახოს ყველა იმ აპარატურის ჩამონათვალი და შესაბამისი ქმედების განხორციელების მექანიზმები, რომელიც საჭიროა წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნეწილის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულებისთვის;

გ) სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიერ აპარატურის შეძენიდან 10 სამუშო დღის ვადაში უზრუნველყოს ამ უკანასკნელის დაშვება შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის ქ. ფოთში;

2. ეცნობოს  შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს“, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით  გათვალისწინებული ქმედების ნებაყოფლობით განუხორციელებლობის შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებები;;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრები                                                     ზ.ნონიკაშვილი

                                                                                                გ.ფრუიძე

                                                                                                კ.კვიტაიშვილი

                                                                                                ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები