ერთი მხრივ, შპს ”საბატელსა” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 06, 2009
მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”), აღნიშნავს, რომ 2008 წლის 25 ნოემბერს, შპს ”საბატელმა” საჩივრით მიმართა კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის №6/2790-08) და მოითხოვა გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” დაევალება გარკვეული მოქმედების შესრულება და ასევე აეკრძალება გარკვეული მოქმედების განხორციელება.
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელი სხდომა ჩაინიშნა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად 2008 წლის 4 დეკემბერს, რის შესახებ ეცნობათ დაინტერესებულ მხარეებს 2008 წლის 02 დეკემბრის №03/2964-08 და 03/2965-08 წერილებით; აღნიშნული სხდომის დღის შესახებ მხარეებს ასევე ეცნობათ ტელეფონოგრამის და ფაქსის მეშვეობით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საბატელის” საჩივარში წარმოდგენილი იყო ოთხი მოთხოვნა:
1. შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ მოხდეს შეწყვეტილი ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა;
2. აეკრძალოს შპს ”აჭარის ელექტროკავშირს”, შპს ”საბატელის” ნუმერაციით მოსარგებლე აბონენტების გათიშვა, შპს ”საბატელისათვის” წინასწარი შეტყობინების გარეშე;
3. დაევალოს შპს ”აჭარის ელექტროკავშირს”, დაუყოვნებლივ დაუშვას შპს ”საბატელის” უფლებამოსილი პირები თანალოკაციის ფართში, კროსში სახაზო-საკაბელო სპილენძის წყვილების ჩართვის მიზნით;
4. აეკრძალოს შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” კომისიის ნებართვის გარეშე, კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ურთიერთჩართვის გათიშვა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა 2007 წლის 4 დეკემბერს, რომელზედაც გამოცხადნენ ორივე კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლები. კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე შპს ”საბატელის” წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ მის მიერ კომისიაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, შინაარსობრივად წარმოდგენილი იყო არა ადმინისტრაციული საჩივარი, არამედ განცხადება დავის განხილვის მოთხოვნით.
სხდომის მიმდინარეობისას, კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა, კომისიას შესთავაზა შპს ”საბატელის” მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე ნაწილობრივ, კერძოდ პირველი და მეოთხე მოთხოვნების ნაწილში, კომისიას მიეღო განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. კომისიამ მოისმინა, ასევე შპს ”საბატელის” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლის მოსაზრება განცხადებაზე ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ კომისიის აპარატის სამართლებივი დეპარტამენტის მოსაზრებებთან დაკავშირებით, რაც აისახა კომისიის სხდომის ოქში.
კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოთხოვნების ნაწილში, კერძოდ შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ შეწყვეტილი ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენის და შპს ”აჭარის ელექტროკავშირისათვის” კომისიის ნებართვის გარეშე, კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ურთიერთჩართვის გათიშვის აკრძალვის დავალდებულების ნაწილში, შპს ”საბატელს” უარი უნდა ეთქვას. კომისიის ეს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1. უდავოა ის გარემოება, რომ კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული დავალიანება, რომელსაც აღიარებდა მხარე, საჩივრის (განცხადების) შემოტანის მომენტისათვის გადახდილი არ არის. ეს გარემეობა დასტურდება შპს ”საბატელის” დირექტორის მიერ, კომისიის წევრის მიერ დასმულ შეკითხვაზე გაცემული პასუხით (ასახულია სხდომის ოქმში). ამავე პირის მიერ და მისი წარმომადგენლის მიერ დადასტურდა ის გარემეობა, რომ განცხადების შემოტანას საფუძვლად რაიმე ახალი გარემეობა ან/და მტკიცებულება საფუძვლად არ უდევს;
2. სადაოს არ წარმოადგენს ის გარემეობა, რომ კომისიის მიერ იმავე მხარეებს შორის, იმავე საკითხზე (ურთიერთჩართვის შეჩერებაზე) და ანალოგიური საფუძვლებით, განხილულია და 2007 წლის 30 ნოემბერს გამოცემულია კომისიის აღმჭურველი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი №716/16.
3. სადაოს არ წარმოადგენს ის გარემეობა, რომ შპს ”საბატელის” სარჩელი, კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში.
4. სადაოს არ წარმოადგენს ის გარემეობა, რომ კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ, სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინება გამოცემული არ ყოფილა (ამ გარემეობას ადასტურებს განმცხადებელი მხარეც), ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება ავტომატურად არ აჩერებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას.
კომისია, განცხადებაზე ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტს (აღმჭურველი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ცნება), ”თ” ქვეპუნქტს (განცხადების განმარტება) და ”ი” ქვეპუნქტს (ადმინისტრაციული საჩივრის განმარტება), ასევე ამავე კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილს, 102-ე მუხლის პირველ და მეოთხე პუნქტებს, 177-ე და 178-ე მუხლებს, ასევე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტს, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტს.
კომისია აღნიშნავს, რომ განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. კომისიის მიერ დასმულ შეკითხვაზე შპს ”საბატელის” წარმომადგენლებმა დააზუსტეს, რომ ამგვარი ახალი გარემოება არ არსებობოს და არც ფაქტობრივი მდგომარეობა შეცვლილა მათ სასარგებლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ის შემთხვევა, როდესაც შპს ”საბატელს” მიეცემოდა უფლება მოეთხოვა კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილებით მოწესრიგებული ურთიერთობის შეცვლა და კომისიის მიერ განმცხადებელი მხარისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება იმავე საკითხზე.
კომისია მიუთითებს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, კომისიის მიერ მიღებული აქტი საჩივრდება სასამართლოში და ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა არ ხდება გადაწყვეტილების მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო კომისიას, როგორც დამოუკიდებელ მარეგულირებელ ეროვნულ ორგანოს ზემდგომი თანამდებობის პირი ან/და ორგანო არ ჰყავს.
კომისია აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. კანონმდებელი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადას და გადაწყვეტილების ძალაში შესვლის ვადას ერთმანეთთან არ აიგივებს. ამავდროულად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
კომისიამ, მოისმინა განცხადების მეორე და მესამე მოთხოვნებში დასმულ სადაო საკითხებზე მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხები კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება და საჭიროა მისი განხილვა და არსებითი გადაწყვეტა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე, 39-ე, 42-ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 54-ე, 102-ე მუხლების, ასევე 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს ერთი მხრივ, შპს ”საბატელს” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის, დავის არსებითი განხილვა, 2008 წლის 12 დეკემბერს 16:00 საათზე, შპს ”საბატელის” 2008 წლის 25 ნოემბრის (კომისიაში რეგისტრაციის №6/2790-08) განცხადების საფუძველზე, ამავე განცხადებაში დაფიქსირებულ მეორე და მესამე მოთხოვნებთან დაკავშირებით;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (უ.სეთური).
3. უარი ეთქვას შპს ”საბატელს” 2008 წლის 25 ნოემბრის (კომისიაში რეგისტრაციის №6/2790-08) განცხადებაზე ნაწილობრივ, ამავე განცხადებაში დაფიქსირებულ პირველ და მეოთხე მოთხოვნებთან დაკავშირებით.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
5. გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების მესამე პუქნტის გარდა, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამ გადაწყვეტილების მესამე პუნქტი შესაძლებელია გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან;
6. გადაწყვეტილება ძალაშია მხარეებისთვის მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან.
კომისიის წევრები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
ს. ბრიტანჩუკი
