ერთი მხრივ, შპს ”მაგთიკომსა” და მეორე მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 22, 2008
მიღების თარიღი დეკემბერი 09, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომმა” 2008 წლის 25 ნოემბერს განცხადებით მიმართა კომისიას, შპს ”ახალ ქსელებთან” და შპს ”ახტელთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში, შპს ”მაგთიკომი” აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელებთან” და შპს ”ახტელთან” 2007 წლის 1 აპრილს გაფორმებული დღეს მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს ევალებათ საოქმო გადაწყვეტილებების ხელმოწერა მომსახურების გაწევიდან მომდევნო თვის 10 რიცხვამდე, სადაც აღინიშნება ინფორმაცია ტრაფიკის შესახებ და მხარეთა კუთვნილი თანხები. შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” უარს ამბობენ საოქმო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე, იმ საბაბით, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში (31 ოქტომბრის 18:10სთ-დან 4 ნოემბრის 16სთ-მდე) შეწყვეტილი იყო ურთიერჩართვა მოდავე მხარეებს შორის, ტექნიკური პრობლემის გამო, რაც გამოწვეული იყო განმცხადებელი მხარის მიერ Release 4 ახალი თაობის საკომუტაციო სისტემების დანერგვა-ინტეგრაციით. შპს ”მაგთიკომი” ასევე აღნიშნავს, რომ მათ მიერ გაწეულ იქნა ყველა აუცილებელი სამუშაო, რათა შეფერხება დროულად აღმოფხვრილიყო. შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” ითხოვენ ურთიერთჩართვის შეჩერებით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას შპს ”მაგთიკომისაგან”, თავის მხრივ, ეს უკანასკნელი არ ეთანხმება მოთხოვნას ზარალის ანაზღაურების შესახებ და აღნიშნავს, რომ ოქტომბრის თვეში განხორციელებული ტრაფიკის შესახებ საოქმო გადაწყვეტილებაში, არ შეიძლება ასახულ იქნას ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული სადაო საკითხი, თანახმად მათ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებისა.
მოთხოვნები:
1. კომისიამ დაავალოს შპს ”ახალი ქსელებსა” და შპს ”ახტელს” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, საოქმო გადაწყვეტილების ხელმოწერა და ანგარიშწორება;
2. ზემოაღნიშნლი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დავალიანების არსებობის გამო, კომისიამ განმცხადებელ მხარეს მისცეს თანხმობა შპს ”ახალი ქსელებსა” და შპს ”ახტელთან” ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე.
აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 2 დეკემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მხრიდან ნ.ჟღენტი, ხოლო შპს ”მაგთიკომის” მხრიდან ა. ზოდელავა და ე.ასანაძე. აღნიშნულ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ მოითხოვა დავის განხილვის დღის დანიშვნა 1 კვირის შემდეგ, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა.
2008 წლის 9 დეკემბერს კომისიაში მოხდა დავის არსებითი განხილვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მხრიდან წარმოდგენილი იქნა შეპასუხება, რომელშიც მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ 2008 წლის 31 ოქტომბერს (პარასკევს) სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, დაახლოებით 18 საათსა და 10 წუთზე შპს “მაგთიკომის” მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტილ იქნა ურთიერთჩართვა, კერძოდ ჩაიკეტა შპს “ახალი ქსელებიდან” და შპს “ახტელიდან”, შპს “მაგთიკომში” შემავალი ტრაფიკი. აღნიშნულის გამო, როგორც აღნიშნულია შეპასუხებაში, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” მიადგათ სერიოზული ფინანსური ზარალი და ითხოვენ საოქმო გადაწყვეტილების კორექტირებას ამ მიუღებელი შემოსავლის გათვალისწინებით.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისია ვერ განიხილავს ისეთ საკითხებს, რომელიც სცილდება მის კომპეტენციას, კერძოდ, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის წარმოშობილ ქონებრივი ხასიათის დავებს, თანახმად, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 და 36-ე მუხლებისა, აგრეთვე ”დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული ორგანოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა. კომისია არაა უფლებამოსილი გადაწყვიტოს მხარეთა შორის მიუღებელი შემოსავლების თაობაზე ქონებრივ ზიანთან დაკავშირებული სადაო საკითხები და უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებული და მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით არსებული დავის განხილვით.
კომისია აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციითა და მოსამზადებელ და ძირითად სხდომებზე გამოთქმული ახსნა-განმარტებების შესაბამისად, აგრეთვე წარმოდგენილი განცხადებისა და შეპასუხების თანახმად, ირკვევა, რომ 2007 წლის 1 აპრილს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, ”მხარეები შემოსავლების აღრიცხვის მიზნით მონაცემთა უწყისებს გაცვლიან და ერთობლივ საოქმო გადაწყვეტილებას ხელს მოაწერენ მომსახურების გაწევიდან ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე, სადაც აღნიშნული იქნება ინფორმაცია ტრაფიკის შესახებ და მხარეთა კუთვნილი თანხები”. ანუ, მასში არ შეიძლება ასახულ იქნას ის ტრაფიკი, რომელიც უნდა ყოფილიყო და ის თანხები, რომლებიც მხარეებს უნდა მიეღოთ. ურთიერთჩართვის ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტი ითვალისწინებს, მხოლოდ რეალურად არსებული ტრაფიკის მონაცემების ასახვას საოქმო გადაწყვეტილებაში. ამდენად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” არგუმენტაცია საოქმო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარის თქმის თაობაზე უსაფუძვლოა. საოქმო გადაწყვეტილების ხელმოწერა შპს ”ახალი ქსელებსა” და შპს ”ახტელს” არ ზღუდავს სასამართლო წესით იდაონ შპს ”მაგთიკომის”, როგორც ხელშეკრულების კონტრაჰენტი მხარის ქმედებათა გამო მიუღებელ შემოსავლებზე და სხვა ქონებრივ საკითხებზე. ამასთან, ამ საოქმო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარის თქმით, სახეზეა მხარეთა შორის გაფორმებული და მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.3 პუნქტის დარღვევა. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შპს ”მაგთიკომის” მოთხოვნები, კერძოდ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” უნდა დაევალოთ შპს ”მაგთიკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.3 პუნქტის შესრულება, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისიამ თანხმობა უნდა მისცეს შპს ”მაგთიკომს”, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, განახორციელოს მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერება.
კომისია ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ 2008 წლის ოქტომბრის თვეში მხარეთა შორის რეალური ტრაფიკის მოცულობასა და ტარიფთან დაკავშირებით სადაო არაფერია.
კომისია აღნიშნავს აგრეთვე, რომ ამ გადაწყვეტილების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს შპს “მაგთიკომის” მხრიდან საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების შეფერხება და მეორე მხრივ, მომხმარებელთა უფლებების უსაფუძვლოდ შელახვა, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიქცეულ იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 და 42-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს “მაგთიკომის” მოთხოვნა და დაევალოთ შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” 2007 წლის 1 აპრილს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.3 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოცემული განმარტებების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვის საოქმო გადაწყვეტილების ხელმოწერა და შესაბამისი ანგარიშწორება, ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
2. გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დავალიანების არსებობის გამო, შპს “მაგთიკომს” მიეცეს თანხმობა განახორციელოს ურთიერთჩართვის შეჩერება შპს ”ახალ ქსელებთან” და შპს ”ახტელთან”;
3. აღნიშნული გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტი მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისათვის გაგზავნა;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.
კომისიის წევრები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
ს. ბრიტანჩუკი
