რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 14, 2009
მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2008
რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 1,862,502.03 (ერთი მილიონ რვაას სამოცდაორი ათას ხუთას ორი ლარი და სამი თეთრი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 24 ნოემბრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად - 2008 წლის 12 დეკემბრის 13:00 საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა -93,126.00 (ოთხმოცდაცამეტი ათას ას ოცდაექვსი) ლარი.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინა მხოლოდ შპს „ბლექსი ტელეკომმა“, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა 2007 წლის 12 დეკემბრის კომისიის სხდომაზე.
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ”ბლექსი ტელეკომი”-ს წარმომადგენელმა, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის (93,126.00 ოთხმოცდაცამეტი ათას ას ოცდაექვსი ლარი) საერთო ოდენობის - 1,955,628.00 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდათხუთმეტი ათას ექვსას ოცდარვა ლარი და სამი თეთრი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ბლექსი ტელეკომი” 3473.0 მჰც ÷ 3480.0 მჰც, 3573.0 მჰც ÷ 3594.0 მჰც (სულ 14 მჰც) წყვილ სიხშირულ ზოლზე კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ ტერიტორიებში (ზონებში) გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 1,955,628.03 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდათხუთმეტი ათას ექვსას ოცდარვა ლარი და სამი თეთრი) ლარი;
2. უზრუნველყოს შპს ”ბლექსი ტელეკომმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 586,688.40 (ხუთას ოთხმოცდაექვსი ათას ექვსას ოთხმოცდარვა ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 133,036.00 (ას ოცდაცამეტი ათას ოცდათექვსმეტი) აშშ დოლარის - კონვერტაციის შედეგად მიღებული 187,846.83 (ას ოთხმოცდაშვიდი ათას რვაას ორმოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) ლარი ანუ 398,841.57 (სამას ოთხმოცდათვრამეტი ათას რვაას ორმოცდაერთი ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის გადახდა 2009 წლის 12 იანვრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1,368,939.62 - ერთი მილიონ სამას სამოცდარვა ათას ცხრაას ოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდაორი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
10. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამარტლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი
გ.ფრუიძე
