წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ”საბატელსა” და მეორე მხრივ, შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 737 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”), აღნიშნავს, რომ 2008 წლის 25 ნოემბერს, შპს ”საბატელმა” საჩივრით მიმართა  კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის №6/2790-08) და მოითხოვა გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” დაევალება გარკვეული მოქმედების შესრულება და ასევე აეკრძალება გარკვეული მოქმედების განხორციელება.

  კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელი სხდომა ჩაინიშნა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად 2008 წლის 4 დეკემბერს, რის შესახებ ეცნობათ დაინტერესებულ მხარეებს 2008 წლის 02 დეკემბრის №03/2964-08 და 03/2965-08  წერილებით; აღნიშნული სხდომის თარიღის შესახებ მხარეებს ასევე ეცნობათ, როგორც ტელეფონოგრამის, ასევე ფაქსის მეშვეობით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საბატელი-ს” საჩივარში წარმოდგენილი იყო ოთხი მოთხოვნა:

1. შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ მოხდეს შეწყვეტილი ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა;

2.  აეკრძალოს შპს ”აჭარის ელექტროკავშირს”, შპს ”საბატელის” ნუმერაციით მოსარგებლე აბონენტების გათიშვა, შპს ”საბატელისათვის” წინასწარი შეტყობინების გარეშე;

3. დაევალოს შპს ”აჭარის ელექტროკავშირს”, დაუყოვნებლივ დაუშვას შპს ”საბატელის” უფლებამოსილი პირები თანალოკაციის ფართში, კროსში სახაზო-საკაბელო სპილენძის წყვილების ჩართვის მიზნით;

4. აეკრძალოს შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” კომისიის ნებართვის გარეშე, კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ურთიერთჩართვის გათიშვა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა 2008 წლის 4 დეკემბერს, რომელზედაც გამოცხადნენ ორივე კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლები.

კომისია ამავროულად აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, შპს ”საბატელის” წარმომადგენელმა  დააზუსტა, რომ მის მიერ კომისიაში, შინაარსობრივად წარმოდგენილი იყო არა ადმინისტრაციული საჩივარი, არამედ განცხადება დავის განხილვის მოთხოვნით.

მოსამზადებელ სხდომაზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობდა, კომისიის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მხედველობაშია კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილება, რადგანაც არ იყო შეცვლილი ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და ასევე, რადგან არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება განცხადებაზე ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, შპს ”საბატელს” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” შორის, კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილებით მოწესრიგებული, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ დავის არსებითი განხილვა შპს ”საბატელის” 2008 წლის 25 ნოემბრის №49 განცხადებაში დაფიქსირებულ პირველ და მეოთხე მოთხოვნებთან დაკავშირებით განხორციელდა 2008 წლის 12 დეკემბერს, სადაც განმცხადებელმა დააზუსტა მისი მოთხოვნები, რომლებიც ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

-  აეკრძალოს შპს ”აჭარის ელექტროკავშირს”, შპს ”საბატელის” ნუმერაციით მოსარგებლე აბონენტების წყვილების გათიშვა, შპს ”საბატელისათვის” წინასწარი შეტყობინების გარეშე;

- დაევალოს შპს ”აჭარის ელექტროკავშირს”, დაუყოვნებლივ დაუშვას შპს ”საბატელის” უფლებამოსილი პირები თანალოკაციის ფართში, კროსში სახაზო-საკაბელო სპილენძის წყვილების ჩართვის მიზნით.

კომისიამ განიხილა მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეების ახსნა-განმარტებები და სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ”საბატელის” მოთხოვნათა დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

კომისია დადგენილად მიიჩნევს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ა) შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” წარმოადგენს მნიშვნლოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს სახაზო-საკაბელო სპილენძის სააბონენტო წყვილებით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და დაკისრებული აქვს სპეციფიკური ვალდებულებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გეოგრაფიულ სეგმენტზე.

ბ) კომისიის მიერ დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში, შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ, კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (WWW.GNCC.GE) გამოქვეყნებულ სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილებთან დაშვების მომსახურების პირობებზე (მოწვევის ოფერტზე) ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დადგენილი უპირობო აქცეპტი განხორციელებული არ ყოფილა შპს ”საბატელის” მხრიდან.

გ) მოდავე მხარეებს შორის დავის განხილვის დღისათვის, სპილენძის სახაზო-საკაბელო სააბონენტო წყვილთან დაშვების, ისევე როგორც თანალოკაციის ფართთან დაშვების ხელშეკრულებები გაფორმებული და დადგენილი წესით კომისიაში წარმოდგენილი არ არის. კომისიის ამგვარი მოსაზრება ემყარება მხარეების მიერ წარმოდგენილ მიმოწერას და კომისიის სხდომაზე დაფიქსირებულ ასხნა-განმარტებებს.

1. კომისია პირველ რიგში მიუთითებს მხარეებს შორის კანონით დადგენილი  - დაშვების ხელშეკრულების წერილობითი ფორმით არ არსებობის ფაქტის შესახებ და ამავდროულად აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს შპს ”საბატელის” მოსაზრებას, მხარეებს შორის 2005 წლის 01 მარტში გაფორმებული №107/4 ურთიერთჩართვის ხელშეკრუელბის ძალაში ყოფნის შესახებ, 2006 წლის 31 მარტის შეთანხმების საფუძველზე. ამ შეთანხმებით, რომელიც ხელმოწერილია შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” და შპს ”საბატელის” მიერ, განხორციელდა 2005 წლის 01 მარტის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, ასევე მოხდა ცვლილებების და დამატებების შეტანა არსებულ ხელშეკრულებაში. შეთანხმების მე-4 პუნქტით, 2005 წლის 01 მარტის ურთიერთჩართვის ხელშეკრეულების ვადა გაგრძელდა შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” პრივატიზებამდე. კომისია მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ  შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” პრივატიზება განხორციელდა 2006 წელს. ეს გარემოება  მხარეების მიერ სადაო არ გამხდარა.

2. კომისია, ამავდროულად მიუთითებს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლზე, რომლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შპს ”საბატელს”, როგორც ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების მსურველ ავტორიზებულ პირს, ეკისრება ვალდებულება, მომსახურების სახესთან დაშვების შესახებ თავის განაცხადში, ცხადად აესახა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის - შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტით) განსაზღვრული პირობების უპირობო აქცეპტი.  ამგვარი უპირობო აქცეპტი დაშვების მსურველი ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული არ ყოფილა, რაც დასტურდება, როგორც შპს ”საბატელის” მიერ წარმოდგენილი კორესპონდენციით, ასევე შპს ”საბატელის” წარმომადგენლის განმარტებით. აქვე საგულისხმოა, რომ შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მოწვევის ოფერტა, რომელიც გამოქვეყნდა კომისიის ვებ-გვერდზე და რომლის შინაარსიც ცნობილი იყო შპს ”საბატელისთვის”, განმცხადებელი მხარის მიერ, ისევე როგორც სხვა ავტორიზებული პირების მიერ, კომისიაში გასაჩივრებული არ ყოფილა. ამგვარად, არანაირი სამართლებრივი საფუძველი შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ, შპს ”საბატელის” დაშვების თვალსაზრისით არ არსებობს, ხოლო ზოგადად შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ კონკურენციის განზრახ შეზღუდვის ფაქტს, ისევე როგორც საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, მოცემულ ეტაპზე და პირობებში, კომისიის მოსაზრებით, ადგილი არ ჰქონია.

             აქვე კომისია განმარტავს, რომ თუ შპს ”საბატელის”  მიერ მოხდება შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ გამოქვეყნებული მომსახურების პირობების ”მოწვევის ოფერტის”  უპირობო აქცეპტი, აღნიშნული კომპანია ვალდებული იქნება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მოახდინოს განმცხადებლის დაშვება მოთხოვნილ რესურსთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე, 41-ე და 42-ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 103-ე მუხლების საფუძველზე,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლეოსობით ერთის წინააღმდეგ (გ. ფრუიძე)

გადაწყვიტა:

1. არ დაკმაყოფილდეს  შპს ”საბატელის” განცხადება უსაფუძვლობის გამო;

2.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

3.  გადაწყვეტილება, შესაძლებელია გასაჩივრდეს  ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან;

4. გადაწყვეტილება ძალაშია მხარეებისთვის  მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან.

კომისიის წევრები:                        

.კვიტაიშვილი                                                                                                                                            

. ბრიტანჩუკი

. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები