წვდომის მენიუ

შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის №908 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2001 წლის 30 მარტის №193/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 741 / 2

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-მა, კომისიას მიმართა განცხადებით (№6/2646-08 12.11.2008), კომპანიის კუთვნილი №908  ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კავშირგაბმულობის და ფოსტის ყოფილი სამინისტროს მიერ,  შპს “სამაუწყებოლო კომპანია რუსთავი 2”-ზე 1999 წლის 7 აპრილს ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გაცემულ იქნა ლიცენზია №908 (ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა მე-12 სატელევიზიო არხზე 1 კვტ-მდე სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისში).

   კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიას ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის, მაუწყებლების ვალდებულებებთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. სწორედ ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით, მაუწყებლებს გაეგზავნათ წერილები, რათა დაკონკრეტებულიყო მათ მიერ განხორციელებული მაუწყებლობის სახეობა (საერთო თუ სპეციალიზირებული მაუწყებლობა). შპს “სამაუწყებოლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია კომპანიის მიერ განხორციელებული მაუწყებლობის სახის შესახებ და შესაბამისად, შპს “სამაუწყებოლო კომპანია რუსთავი 2”-ის №908  ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხი გადაიდო განხორციელებული მაუწყებლობის სახეობის  და ტექნიკური პარამეტრების შესწავლის და დაზუსტების მიზნით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს “სამაუწყებოლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა განცხადება (№6/2646-08 12.11.2008), რომლითაც  დაზუსტებული იქნა განსახორციელებელი მაუწყებლობის სახეობა. კომისიაში წარმოდგენილი განცხადებით, კომპანია ითხოვს ზემოაღნიშნული ლიცენზიის სპეციალიზებული  (შემეცნებით მუსიკალურ გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიად მოდიფიცირებას, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილება ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე, არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, თუ მოდიფიცირება არ ეხება ლიცენზიის სახესა და სახეობის ცვლილებას. ამ შემთხვევაში, სახეზეა ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე გაცემული ლიცენზია, რომელშიც საერთოდ არ არის განსაზღვრული ლიცენზიის სახეობა ახალი კანონმდებლობის შესაბამისად. გამომდინარე აქედან, ადგილი არა აქვს ლიცენზიის სახეობის ცვლილებას, არამედ სახეზეა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ლიცენზიის სახეობის განსაზღვრა.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს  საქართველოს კანონმდებლობიდან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის 1 პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიათა სახეობებად განსაზღვრულია საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის განცხადების შესაბამისად, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, 2008 წლის 17 ნოემბერს, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2”-ის №908 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2001 წლის 30 მარტის №193/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

კომისიის 2008 წლის 17 ნოემბრის №683/23 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში 2008 წლის 12 დეკემბერს, გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის უფლებამოსილი წარმომადგენლები.

კომისიას მიაჩნია, რომ უნდა მოდიფიცირდეს შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის საეთერო ტელერადიომაუწყებლობის №908 ლიცენზია კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიად, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის 1 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო კომისიის 2001 წლის 30 მარტის №193/2 გადაწყვეტილებაში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  45-ე მუხლის 1 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, აგრეთვე კომისიის 2003 წლის 31 იანვრის №36/4 გადაწყვეტილების თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, ერთის წინააღმდეგ (გ. ფრუიძე)

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის №908 ლიცენზია კერძო სპეციალიზებული (შემეცნებით მუსიკალურ გასართობი) მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭოს №B103  (მოქმედების ვადა  19.03.2014), შევიდეს ცვლილებები კომისიის 2001 წლის 30 მარტის №193/2 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მოდიფიცირდეს შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის №908 ლიცენზია კერძო სპეციალიზებული (შემეცნებით მუსიკალურ გასართობი) მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭოს №B103  (მოქმედების ვადა  19.03.2014)

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებით მუსიკალურ გასართობი) ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ტელემაუწყებლობა მე-12 სატელევიზიო არხზე 1 კვტ-მდე სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (მეორადი გამოყენების უფლებით) ქ. თბილისში;”

2. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში  გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. აროშიძე);

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა შპს სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2”-სათვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით და გადაწყვეტილების ელექტრონული ვერსიის კომისიის ვებ-გვერდზე განთავსება(ნ.ჯანელიძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

კომისიის წევრები:           ზ. ნონიკაშვილი 

                                      ს. ბრიტანჩუკი

                                     კ. კვიტაიშვილი                                           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები