ერთი მხრივ, შპს ”სერვისს” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 06, 2009
მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 27 ოქტომბერს, შპს ”სერვისმა” განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ”კომისია”) (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/2546-08), სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წინააღმდეგ დავის განხილვის მოთხოვნით. განმცხადებელი მოითხოვს კომისიის გადაწყვეტილებით, დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” თანალოკაციის ფართით სარგებლობისათვის დადგენილი დისკრიმინაციული ტარიფის გაუქმება და დარიცხული მომსახურების საფასურის გადაანგარიშება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სერვისის” წარმოდგენილი მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, განცხადებაზე დანართის სახით, შპს ”სერვისმა” კომისიაში წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სახელზე გაგზავნილი განცხადებები, ასევე საოქმო გადაწყვეტილებები და მოპასუხესთან 2006 წლის 01 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების ასლი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სერვისის” განცხადება დანართებთან ერთად, 2008 წლის 06 ნოემბრის №02/2801-08 წერილით, გადაეგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, რომელსაც განესაზღვრა ვადა 2008 წლის 12 ნოემბრამდე, შეპასუხების წარმოსადგენად.
კომისიამ, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნებოდა და დავის განხილვა დაინიშნა 2008 წლის 28 ნოემბერს 16:00 საათზე. სხდომა, შპს ”სერვისის” დირექტორის თხოვნით, მხარეთა შორის მორიგების მისაღწევად გადაიდო რამოდენიმეჯერ და საბოლოოდ დაინიშნა 2008 წლის 19 დეკემბერს 16 საათზე, რის შესახებ დადგენილი წესით ეცნობათ მხარეებს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 19 დეკემბრის კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იქნა შპს ”სერვისის” დირექტორის ხ. პეტრიაშვილის 2008 წლის 18 დეკემბრის განცხადება, რომელშიც განმცხადებელი მხარე, მოლაპარაკების პროცესის მიმდინარეობს გამო, უარს ამბობდა განცხადებაზე და მოითხოვდა მომხდარიყო მისივე განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს ”სერვისის” მიერ განცხადებაზე უარის თქმის გამო ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედაგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ერთი მხრივ, შპს ”სერვისსა” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო” შორის თანალოკაციის ფართით სარგებლობისათვის დადგენილ ტარიფთან დაკავშირებით დავის განხილვა, განცხადებაზე უარის თქმის გამო.
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი
გ.ფრუიძე
