სს ”ქლიარსტრიმ ჯორჯია”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 2008 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2008
მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2008
აღნიშნული გადაწყვეტილებით “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად სს ”ქლიარსტრიმ ჯორჯიას” განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 2,793,774.60 (ორი მილიონ შვიდას ოთხმოცდაცამეტი ათას შვიდას სამოცდათოთხმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 186,250.20 (ას ოთხმოცდაექვსი ათას ორას ორმოცდათერთმეტი) ლარი ანუ 2,607,524.40 (ორი მილიონ ექვსას შვიდი ათას ხუთას ოცდაოთხი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება 2008 წლის 1 ნოემბრამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”ქლიარსტრიმ ჯორჯია”-ს მიერ ერთი თვის ვადაში, 2008 წლის 1 ნოემბრამდე, არ იქნა გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%. “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად: ”ერთი თვის ვადაში რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბე-ს სახით გადახდილი თანხა.” ამავე დროს, დებულების მე-5 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, თუ კომისიამ ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული გარემოებისას მიიღო გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და აუქციონში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა, კომისია იღებს გადაწყვეტილებას აუქციონში მონაწილე იმ პირის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, რომელსაც კომისიის ანგარიშიდან გატანილი არ აქვს ბე-ს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10%) და რომელსაც აუქციონის მიმდინარეობისას დაფიქსირებული აქვს აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადებული პირის მიერ დაფიქსირებულ თანხაზე შედარებით ნაკლები, მაგრამ სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტი თანხა. მის მიერ დაფიქსირებულ თანხასა და აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადებული პირის მიერ დაფიქსირებულ თანხას შორის სხვაობა არ უნდა იყოს 2 ბიჯზე მეტი.”
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 31 ოქტომბერს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში სს ”ქლიარსტრიმ ჯორჯია”-ს გარდა მონაწილეობას იღებდა შპს „ბლექსი ტელეკომი“ და სს ”საქართველოს გეერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”. აუქციონის მსვლელობისას შპს „ბლექსი ტელეკომი“-ს წარმომადგენელმა მე-5 ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა, შესაბამისად, შპს „ბლექსი ტელეკომი“ ვერ აკმაყოფილებს “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-14 პუნქტის მოთხოვნებს. სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიერ, ბოლოს დასახელებულ იქნა, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 78-ე (სამოცდათვრამეტი) ბიჯი, ხოლო სს „ქლიარსტრიმ ჯორჯია“-ს მიერ ბოლოს დასახელებულ იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 80 (ოთხმოცდაერთი) ბიჯი, შესაბამისად სს „ქლიარსტრიმ ჯორჯიასა“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიერ დასახელებულ ბიჯებს შორის სხვაობა არ აღემატება ორ ბიჯს, მაგრამ სს „ საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიერ კომისიის ანგარიშიდან გატანილ იქნა აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, ბე-ს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10%) (წერილი 6/2614-08 06.11.2008) შესაბამისად, ვერც სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“ აკმაყოფილებს “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-14 პუნქტის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უარი უნდა ეთქვას სს ”ქლიარსტრიმ ჯორჯიას” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 2008 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ აუქციონი უნდა გამოცხადდეს ჩაშლილად.
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას სს ”ქლიარსტრიმ ჯორჯიას”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე;
2. ჩაშლილად გამოცხადდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 2008 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული აუქციონი.
3. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრები: ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
