წვდომის მენიუ

შპს „Black Sea Telecom”-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა დაცვისა და სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ

ნომერი: 765 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 27, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „Black Sea Telecom”-ი (რეგისტრირებული 18.08.2004. ბრიტანეთი, ვირჯინიის კუნძულები კორპორატიული საქმეების რეგისტრატორის მიერ, რეგისტრაციის №610953) ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო ვალდებულებებით:

”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3483.5 მჰც ÷ 3494.0 მჰც და 3583.5 მჰც  ÷ 3594.0 მჰც სიხშირული ზოლები ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ის მე-2 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ადგილობრივი მომსახურების ზონებში;  

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 4 მაისამდე;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

ე) ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:

რეგიონი 1: ქ.თბილისი, დაბა წყნეთი;

რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

რეგიონი 4:  ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;

რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის  რაიონები,;

რეგიონი 12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;

ვ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის (4,890,259.89 - ოთხი მილიონ რვაას ოთხმოცდაათი ათას ორას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაცხრა თეთრი) გადახდის ვალდებულება კომისიის 2007 წლის 4 მაისის №232/1 გადაწყვეტილების შესაბამისად.”

კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 20 ივნისს კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №356/18 ”შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს დაჯარიმების შესახებ” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, მის მიერ კომისიის 2008 წლის 30 მაისის №295/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის, 2007 წლის 4 მაისის №232/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის დანართი №1-ის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანიას დაეკისრა ვალდებულება უზრუნველეყო  2007 წლის 4 მაისის №232/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტითა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის დანართი №1-ის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება 1 (ერთი) თვის ვადაში.

კომისია აღნიშნავს, რომ  შპს „Black sea Telecom”-ს მიერ 2008 წლის 22 ივლისს და ასევე 2008 წლის 12 სექტემბერს, კომისიაში წარმოდგენილ იქნა წერილები, სალიცენზიო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, რომლებშიც აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ სრულად იქნა შესრულებული კომისიის 2008 წლის 20 ივნისის 356/18 გადაწყვეტილების მოთხოვნები კერძოდ:

კომპანიიამ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა 10 000 ლარი;

დაიწყო პრაქტიკული საქმიანობა და ამ მიზნით საქართველოში დაარეგისტრირა საკუთარი წარმომადგენლობა-ფილიალი; იჯარით აიღო ინტერნეტის არხი შპს „აიეტიდან“; გახსნა ბანკში საანგარიშსწორებო ანგარიშები, გააფორმა ხელშეკრულებები აბონენტებთან ინტერნეტ მომსახურების მიწოდების თაობაზე. კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა 10000 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებებლი დოკუმენტი, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან შპს „ბლაქსი ტელეკომი“-ს ფილიალის დარეგისტრირების შესახებ, რეგისტრაციის მოწმობა და სადაგადასახადო ინსპექციის ბრძანება. ამავე დროს ხელშეკრულება შპს „აიეტთან“ გამოყოფილი ხაზის იჯარით აღების შესახებ და აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები მომსახურების მიწოდების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ:

1. კომპანიის მიერ 2008 წლის 22 ივლისს და ასევე 2008 წლის 12 სექტემბერს კომისიაში წარმოდგენილ იქნა აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესახებ. კერძოდ

ა) ხელშეკრულება N001 გაფორმებული 2008 წლის 22 ივლისს კერძო პირ - გიორგი აბულაძესთან; მოქმედების ვადა 1 წელი; (აღნიშნული ხელშეკრულება №001 გაფორმებული იყო კერძო პირ - გიორგი აბულაძესთან ერთი წლის ვადით 2008 წლის 5 ივნისს)

ბ) ხელშეკრულება N002 გაფორმებული  2008 წლის 22 ივლისს  კერძო პირ - შალვა ჩუგუნაძესთან; ხეშეკრულების მოქმედების ვადა 1 წელი;

გ) ხელშკრულება 003 გაფორმებული 2008 წლის 22 ივლისს კერძო პირ - დავით მურადაშვილთან; ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წელი;

დ) ხელშეკრულება N004 გაფორმებული  2008 წლის 22 ივლისს შპს „ავალონი 7“-თან მოქმედების ვადა 1 წელი (აღნიშნული ხელშეკრულება №004 გაფორმებული იყო შპს „ავალონი 7“-თან ერთი წლის ვადით 2008 წლის 6 ივნისს).

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილია ასევე კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის (04.08.2008 N10/436-08) და მონიტორინგის დეპარტამენტების დასკვნები (07.08. 2008 N10/451-08). 

რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ რადიომონიტორინგის მობილური სადგურის მიერ 2008 წლის 25 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით „Rodhe &Schwarz FSP3 Spectrum Analyser for Rannge 9kHz-30000 Mhz” ანალიზატორით, გამოკვლეულ იქნა შპს „შვი ზღვის ტელეკომზე“ ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო რადიოდაშვების ქსელით მომსახურებისათვის, მინიჭებული 3483.5 – 3483.5 მჰც და 3583.5 – 3594.0 მჰც სიხშირული ზოლები. მონიტორინგის პერიოდში, რომელიც ჩატარებულ იქნა შპს „შავი ზღვის ტელეკომის“ ოფისის (მარშალ გელოვანის ქ.N2 გეორგრაფიული კოორდინატები  N 41°44 16\";E 044°46 10) მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონებში დაფიქსირებულ იქნა საბაზო სადგურის მუშაობა, რომელიც ახორციელებს ინფორმაციის გადაცემას და მიღებას.“

მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნაში კი აღნიშნულია, რომ მონიტორინგის დეპარტამენტი დაუკავშირდა კომპანიას, როგორც აბონენტი და მიიღო ინფორმაცია, რომ კომპანია ემსახურება მხოლოდ კორპორატიულ კლიენტებს. თუმცა კომისიაში კომპანიის მიერ წარმოდგენილია არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებთან 2008 წლის 5 და 6 მაისს, ასევე 22 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებები. მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ 2008 წლის 31 ივლისს შპს „Black sea Telecom”-ს  ინტერნეტ მომსახურების ჩასართავად მიმართა  „მულტიმოდალ სერვისმა“ (მისამართი ალ.ყაზბეგის N12) იმის გამო, რომ ყაზბეგის ქუჩა არ მოხვდა კომპანიის საბაზო სადგურის დაფარვის ზონაში, შპს „მულტიმედია სერვისმა“ ვერ მიიღო ინტერნეტ მომსახურება. მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილია შპს „Black sea Telecom”-ის  წერილი, მიწერილი შპს „მულტიმედია სერვისის“ მიმართ, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: „პასუხად თქვენი ამა წლის 31 ივლისის 010 წერილისა, გაცნობებთ, რომ თქვენს წერილში მითითებული მისამართი არ ხვდება ჩვენი ქსელის დაფარვის ზონაში და შესაბამისად, არ გაგვაჩნია ტრექნიკური საშუალება ინტერნეტ მომსახურების მიწოდებისთვის. როგორც ჩვენი სატელეფონო საუბრიდან გაირკვა, თქვენს კომპანიას გააჩნია ოფისები თბილისის სხვადასხვა რაიონებში. შესაბამისად, თუ რომელიმე მათგანი ხვდება ჩვენი ქსელის დაფარვის ზონაში, ჩვენ მოხარულები ვიქნებით მოგაწოდოთ ჩვენი მომსახურება. დღეის მდგომარეობით ჩვენი ქსელი ფარავს მტკვრის მარცხენა სანაპიროს ნაწილს.“

ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად კომისიას მიაჩნია, რომ შპს „შავი ზღვის ტელეკომი“-ს მიერ შესრულებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF49 ლიცენზიის სალიცენზიო პირობა პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულების სახით.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით

გადაწყვიტა:

1. შესრულებულად ჩაითვალოს შპს „Black Sea Telecom”-ის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 სალიცენზიო პირობა პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულების სახით.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „Black Sea Telecom”-ისთვის გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 მკ) ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „Black Sea Telecom”-ის-სთვის ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                         გ.არველაძე

კომისიის წევრები                                  ს.ბრიტანჩუკი                                         

                                                               ზ.ნონიკაშვილი

                                                               გ.ფრუიძე

                                                               კ.კვიტაიშვილი                                                          

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები