შპს ,,ტელეკომპანია აისის” №702 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2003 წლის 25 ივლისის №366/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009
მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „ტელკომპანია აისმა”, კომისიას მიმართა განცხადებით (№6/2957-08. 24.12.2008), კომპანიის კუთვნილი №702 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ 1998 წლის 6 აგვისტოს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ შპს ”იბერია ტვ”-ზე გასცა № 702 ლიცენზია სატელევიზიო მაუწყებლობაზე, მე-2 სატელევიზიო არხზე 600 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით 5 წლის ვადით (2003 წლის 29 ივლისამდე). შპს ტელერადიოკომპანია ”იბერია ტვ”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ, კომისიის 2000 წლის 29 დეკემბრის №45 გადაწყვეტილებით. ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ”, კომისიის 2000 წლის 1 სექტემბრის № 2 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, შპს ”იბერია ტვ”-მ გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და მისი მონაცემები შეტანილ იქნა კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისიის 2003 წლის 25 ივლისს №366/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, 2003 წლის 25 ივლისს მოდიფიცირდა შპს ”იბერია ტვ”-ს კუთვნილი N702 ლიცენზია და ლიცენზიის სახედ განისაზღვრა: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა, სახეობად განისაზღვრა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა. ტელერადიოკომპანია ”იბერია ტვ”-ს №702 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ, კომისიის 2004 წლის 20 თებერვლის №73/4 გადაწყვეტილებით, კომპანიის კუთვნილ №702 ლიცენზიას გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2013 წლის 29 ივლისამდე.
2008 წლის 3 დეკემბერს, კომისიაში, შპს ”აისმა” წარმოადგინა საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული ასლები და ასევე სასამართლოს 2004 წლის 9 დეკემბრის დადგენილება (№ 5/4-4217), რომელთა შესაბამისადაც, შპს ”ტელერადიოკომპანია ”იბერია ტვ”-ს №702 ლიცენზიის მფლობელად ფიქსირდება შპს ”აისი”. აღნიშნული კომპანიის მოთხოვნით და წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სათანადო ცვლილებები შევიდა კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და №702 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვრა შპს ”აისი”.
კომისია აღნიშნავს რომ, ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ჰ 4) პუნქტის საფუძველზე, საერთო მაუწყებლობა განსაზღვრული იყო, როგორც - არანაკლებ ორი თემატიკის ტელერადიოპროგრამებით მაუწყებლობა; შემდგომ, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლიდან, სამაუწყებლო ლიცენზიათა სახეობებად განისაზღვრა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა. საერთო მაუწყებლობა, ახალი კანონის შესაბამისად, განსაზღვრულია, როგორც - არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა, ანუ საკანონმდებლო დონეზე ერთი და იგივე ტერმინმა არსებითად იცვალა შინაარსი. გარდა ზემოაღნიშნულისა, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონმა გაითვალისწინა სამაუწყებლო ლიცენზიათა ახალი სახეები. სამაუწყებლო ლიცენზიის სახეებად განისაზღვრა კერძო და სათემო მაუწყებლობის სახეები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიას ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მაუწყებლების ვალდებულებებთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კანონმდებლობით სხვა შინაარსი ჩაიდო საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიათა დეფინიციებში, ხოლო სამაუწყებლო ლიცენზიის სახეებად განისაზღვრა კერძო და სათემო. ამ მიზნით, მაუწყებლებს გაეგზავნათ წერილები, რათა დაკონკრეტებულიყო მათ მიერ განხორციელებული მაუწყებლობის სახე და სახეობა (საერთო თუ სპეციალიზირებული მაუწყებლობა) ახალი კანონმდებლობის შესაბამისად.
შპს “იბერია ტვ”-ს მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია კომპანიის მიერ განხორციელებული მაუწყებლობის სახეობის შესახებ და შესაბამისად, შპს “იბერია ტვ”-ს №702 ლიცენზიის სახისა და სახეობის მოდიფიცირების საკითხი გადაიდო განხორციელებული მაუწყებლობის სახეობის დაზუსტების მიზნით.
კომისიამ, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განახორციელა სხვა საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირება, კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მაუწყებელთგან მიღებული წერილობითი დაზუსტების საფუძველზე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს “ტელეკომპანია აისი”-ს მიერ (შპს ”იბერია ტვ”-ს უფლებამონაცვლე) მოგვიანებით კომისიაში წარმოდგენილ იქნა განცხადება (№6/2968-08 26.12.2008), რომლითაც დაზუსტებული იქნა განსახორციელებელი მაუწყებლობის სახე და სახეობა. კომისიაში წარმოდგენილი განცხადებით, კომპანია ითხოვს, მისი კუთვნილი N 702 ლიცენზიის სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიად მოდიფიცირებას, საქართველოს ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოდაგი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ყველა თანასწორია ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე: დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისთვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილება ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე, არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, თუ მოდიფიცირება არ ეხება ლიცენზიის სახესა და სახეობის ცვლილებას. ამ შემთხვევაში სახეზეა არა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის სახისა და სახეობის ცვლილება, არამედ სახეზეა ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”, უკვე ძალადაკარგული, საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზიის სახეობის და სახის დღეს მოქმედ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან, ფორმისა და შინაარსის მიხედვით შესაბამისობაში მოყვანა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, ტელე-ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა და მოდიფიცირება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რომლის შესაბამისად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
კომისიამ, იხელმძღვანელა რა, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–2 პუნქტით, რომლის თანახმადაც „იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) აქტით დადგენილი ნორმა’’, დაადგინა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლი ნორმა ძალაშია 2004 წლის 23 დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლით დადგენილი ნორმა, მიღებულია უფრო გვიან, ვიდრე ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმა. შესაბამისად, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 63-ე და 115-ე მუხლების, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 38-ე და 76-ე მუხლების შესაბამისად:
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტელეკომპანია აისი”-ს №702 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2003 წლის 25 ივლისის №366/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2009 წლის 30 იანვარს, 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „ტელეკომპანია აისი“–სათვის;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილს).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ზ.ნონიკაშვილი
