შპს ,,ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხის” №502 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2003 წლის №361/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009
მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „ტელესამაუწყებლო კომპანის მეცხრე არხმა”, კომისიას მიმართა განცხადებით (№06/2944-08 23.12.2008), კომპანიის კუთვნილი №502 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2003 წლის 23 ივლისს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №361/6 გადაწყვეტილებით, მოდიფიცირდა შპს ”ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხი”-ს კუთვნილი N502 ლიცენზია და ლიცენზიის სახედ განისაზღვრა: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა, ხოლო სახეობად განისაზღვრა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა.
”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ჰ 4) პუნქტის საფუძველზე, საერთო მაუწყებლობა განსაზღვრული იყო, როგორც - არანაკლებ ორი თემატიკის ტელერადიოპროგრამებით მაუწყებლობა; შემდგომ, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლიდან, სამაუწყებლო ლიცენზიათა სახეობებად განისაზღვრა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა. საერთო მაუწყებლობა, ახალი კანონის შესაბამისად, განსაზღვრულია, როგორც - არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებით მაუწყებლობა, ანუ საკანონმდებლო დონეზე ერთი და იგივე ტერმინმა არსებითად იცვალა შინაარსი. გარდა ზემოაღნიშნულისა ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონმა ლიცენზიის სახეებად განსაზღვრა კერძო და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიას ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მაუწყებლების ვალდებულებებთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კანონმდებლობით სხვა შინაარსი ჩაიდო საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიათა სახეობების დეფინიციებში, ხოლო სამაუწყებლო ლიცენზიის სახეებად განისაზღვრა:კერძო და სათემო. ამ მიზნით, მაუწყებლებს გაეგზავნათ წერილები (N09/828-05 14.06.2005 წ.), რათა დაკონკრეტებულიყო მათ მიერ განხორციელებული მაუწყებლობის სახე და სახეობა (საერთო თუ სპეციალიზირებული მაუწყებლობა), ახალი კანონმდებლობის შესაბამისად.
შპს “ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხი”-ს მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია კომპანიის მიერ განხორციელებული მაუწყებლობის სახეობის შესახებ და შესაბამისად, შპს “ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხი”-ს №502 ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხი კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის N43/2 გადაწყვეტილების შესაბამისად გადაიდო, განხორციელებული მაუწყებლობის სახეობის დაზუსტებების მიზნით.
კომისიამ, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განახორციელა სხვა საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირება, კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მაუწყებელთგან მიღებული წერილობითი დაზუსტების საფუძველზე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს “ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხი”-ს მიერ მოგვიანებით კომისიაში წარმოდგენილ იქნა განცხადება (№6/2944-08 23.12.2008), რომლითაც დაზუსტებული იქნა განსახორციელებელი მაუწყებლობის სახეობა. კომისიაში წარმოდგენილი განცხადებით, კომპანია ითხოვს, მისი კუთვნილი N 502 ლიცენზიის კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიად მოდიფიცირებას, საქართველოს ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ყველა თანასწორია ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე: დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისთვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილება ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე, არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, თუ მოდიფიცირება არ ეხება ლიცენზიის სახესა და სახეობის ცვლილებას. ამ შემთხვევაში სახეზეა, არა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის სახისა და სახეობის ცვლილება, არამედ სახეზეა ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”, უკვე ძალადაკარგული საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზიის სახეობისა და სახის, დღეს მოქმედ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან, ფორმისა და შინაარსის მიხედვით შესაბამისობაში მოყვანა, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე 1პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, ტელე-ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა და მოდიფიცირება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რომლის შესაბამისად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
კომისიამ, იხელმძღვანელა რა, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–2 პუნქტით, რომლის თანახმადაც „იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) აქტით დადგენილი ნორმა’’, დაადგინა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლი ნორმა ძალაშია 2004 წლის 23 დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლით დადგენილი ნორმა, მიღებულია უფრო გვიან, ვიდრე ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმა. შესაბამისად, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 63-ე და 115-ე მუხლების, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 38-ე და 76-ე მუხლების შესაბამისად:
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხი”-ს №502 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2003 წლის №361/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2009 წლის 30 იანვარს, 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხი“–სათვის;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილს).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ზ.ნონიკაშვილი
