კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2008
მიღების თარიღი თებერვალი 22, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 20 დეკემბერის №793/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, ერთი გადამცემის გამოყენებით, ქ. ზუგდიდში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2008 წლის 25 იანვრის 17:00 საათი, კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2008 წლის 22 თებერვალი, 14:00 საათი, სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 39.609 (ოცდაცხრამეტი ათას ექვსას ცხრა) ლარით.
ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’, კომისიის 2007 წლის 20 დეკემბერის №793/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა შპს ”აფხაზეთი-TV”-მ.
კონკურსი კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2008 წლის 22 თებერვალს. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს ”აფხაზეთი-TV”-ის დამფუძნებელი ნიკოლოზ თარაშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კონკურსის პირობებს.
,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად: ,,თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში’’. კონკურსში მონაწილე შპს ”აფხაზეთი-TV ”-ის დამფუძნებელმა ნიკოლოზ თარაშვილმა დაადასტურა, რომ იგი თანახმაა კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 39.609 (ოცდაცხრამეტი ათას ექვსას ცხრა) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”აფხაზეთი-TV”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 39.609 (ოცდაცხრამეტი ათას ექვსას ცხრა) ლარი;
2. უზრუნველყოს შპს ”აფხაზეთი-TV”-მ 2008 წლის 22 მარტამდე სალიცენზიო გადასახდელის 20% - 7921.80 (შვიდი ათას ცხრაას ოცდაერთი ლარი და 80 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში - N200122900
სახელმწიფო ხაზინა, კოდი - N220101222
სახაზინო კოდი - N300773062
3. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 27726.30 (ოცდაშვიდი ათას შვიდას ოცდაექვსი ლარი და 30 თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად მიღების მიზნით, კონკურსში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, წარმოუდგინოს კომისიას ამ ნებართვის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას. ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და გაუგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებული იქნება ნებართვის გაცემაზე უარი კონკურსში გამარჯვებულს მიეცემა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად;
7. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა უზრუნველყოს კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (მ. აროშიძე);
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრები: ზ. ნონიკაშვილი
კ. კვიტაიშვილი
გ. ფრუიძე
