წვდომის მენიუ

შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განსახილველად აუცილებელი დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ

ნომერი: 86 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2008

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”ახალმა ქსელებმა” 2008 წლის 13 თებერვალს განცხადებით მიმართა  კომისიას სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” უარი შპს ”ახალმა ქსელების” მოთხოვნაზე  კაბელების სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო საკანალიზაციო არხებიდან ამოღების თაობაზე.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”ახალი ქსელები” აღნიშნავს, რომ მისი კუთვნილი კაბელები იმყოფება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო საკანალიზაციო არხებში და ამ კაბელების დემონატაჟისა და საკანალიზაციო არხებიდან ამოღებაზე შპს ”ახალმა ქსელებმა” მიიღო უარი. შესაბამისად, შპს ”ახალი ქსელები” ითხოვს, რომ კომისიამ დაავალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შპს ”ახალი ქსელების” კუთვნილი კაბელების ამოღება სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო კანალიზაციიდან.

აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 22 თებერვალს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელი ნ. ჟღენტი, ხოლო  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ი. ფაჩუაშვილი.

   მოსამზადებელ სხდომაზე გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული საკაბელო მეურნეობის საკუთრება სადაოა, ვინაიდან, როგორც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა ი. ფაჩუაშვილმა განმარტა, შპს ”ახალ ქსელებს” არ წარმოუდგენია საკუთრების უფლების დამადასტურებელი სანდო დოკუმენტაცია. 

კომისია აღნიშნავს, რომ, იმ შემთხვევაში, თუ დავა ქონებრივი ხასიათისაა, იგი სცილდება კომისიის მარეგულირებელი კომპეტენციის ფარგლებს, ამიტომ, საჭიროა სანდო მტკიცებულებების წარმოდგენა, თუ ვის ეკუთვნის განცხადებაში მოცემული სადაო კაბელები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლისა და 117-ე მუხლის საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მოსამზადებელი სხდომა გადაიდოს 2008 წლის 7 მარტს 16:00 სთ-ზე;

2. დავის განხილვისათვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაციისა და მტკიცებულებების წარმოდგენისათვის ბოლო ვადად მხარეებს განესაზღვროთ 2008 წლის 29 თებერვალი.

3. ეცნობოთ მოდავე მხარეებს, რომ დავის განხილვისათვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაციისა და მტკიცებულებების ვერ წარმოდგენის შემთხვევაში, კომისია იხელძღვანელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის თავმჯდომარე:                                                                    გ. არველაძე                            

 წევრები:                                                                                                     

კ. კვიტაიშვილი

ზ. ნონიკაშვილი

გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები