სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და სს ”გლობალ ერთს” შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2008
მიღების თარიღი თებერვალი 22, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 28 დეკემბერს №6/2146-07 განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” სს ”გლობალ ერთთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და სს”გლობალ ერთს” შორის 2005 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს შორის ტრაფიკის გაცვლა უნდა ხდებოდეს წინამძღვრიშვილის ქ. №95-ში განთავსებულ ურთიერთჩართვის წერტილში, კერძოდ, ასს 91-ში.
როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, სს ”გლობალ ერთის” მიერ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით ნაკისრი ეს ვალდებულება სრულდება ნაწილობრივ. კერძოდ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და სს ”ბანკ რესპუბლიკას” შორის დადებულია ხელშეკრულება ძირითადი სატელეფონო მომსახურების შესახებ, რომლის თანახმადაც, აღნიშნული კომპანია წარმოადგენს ბოლო მომხმარებელს. სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” სს ”ბანკ რესპუბლიკის” სადგურებში გააქტიურებული აქვს სს ”გლობალ ერთის” სამნიშნა ნუმერაციის რესურსი (8-18). როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, 8-18-ით წამოწყებული ზარები, ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოთხოვნათა იგნორირებით სს ”გლობალ ერთის” მიერ, პირდაპირ მისამართდება სს ”ბანკ რესპუბლიკის” ტერმინალურ მოწყობილობასთან, ურთიერთჩართვის წერტილის გვერდის ავლით, რის გამოც, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქსელში 8-18 გამოძახების წამოწყებისათვის ისინი მოპასუხისაგან ვერ იღებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხას, რადგანაც იგი არ არის დაფიქსირებული მხარეებს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ურთიერთჩართვის წერტილში და შესაბამისად არ აისახება ბილინგის მონაცემებში.
მოთხოვნები:
1. აეკრძალოს სს ”გლობალ ერთს” ურთიერთჩართვის წერტილის გვერდის ავლით, მომსახურების მიწოდება სს ”ბანკ რესპუბლიკისათვის”.
2. დაევალოს მოპასუხეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქსელში 8-18 გამოძახების წამოწყებისათვის შესაბამისი ანგარიშსწორება.
3. მიეცეს ნებართვა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დროებით შეზღუდოს ურთიერთჩართვა სს ”გლობალ ერთთან” მიერთების გასაჩივრებული სქემის გაუქმებამდე.
აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 25 იანვარს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა დააზუსტა საკუთარი მოთხოვნა და მოითხოვა, რომ კომისიამ დაავალოს სს ”გლობალ ერთს”, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების სრულად შესრულება და ამ ვალდებულებათა დარღვევის გამო მიეცეს მოპასუხე კომპანიას გაფრთხილება.
სს ”გლობალ ერთის” წარმომადგენელი არ დაეთანხმა, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” პოზიციას და აღნიშნა, რომ სს ”ბანკ რესპუბლიკის” საკუთრებაში არსებული საუწყებო ავტომატურ საკომუტაციო სადგურისა და სს ”გლობალ ერთის” მიერ იჯარით აღებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით, შექმნილია ე.წ. ციფრული სატელეფონო ტრაქტი. აღნიშნული არხი ემსახურება საერთაშორისო, საქალაქთაქშორისო და მობილური ტრაფიკის გატარებას სს ”გლობალ ერთის” საკომუნიკაციო მოწყობილობის საშუალებით. ჩართვა ხორციელდება ბანკსა და სს ”გლობალ ერთს” შორის არსებული ე.წ. ციფრული სატელეფონო ტრაქტის საშუალებით. როგორც მოპასუხე განმარტავს, აღნიშნული ჩართვის სქემა არ წარმოადგენს სს ”გლობალ ერთსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთჩართვას. სს ”ბანკ რესპუბლიკის”, როგორც ბოლო მომხმარებლის მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო ზარებით ხორციელდება მისი ნების გამოხატვით, მის საკუთრებაში არსებული საუწყებო ავტომატური სადგურის მიერთებით სს ”გლობალ ერთის” საერთაშორისო საკომუტაციო სადგურთან. როგორც მოპასუხე აღნიშნავს, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და სს ”ბანკ რესპუბლიკას” შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ბანკს სარგებლობაში აქვს გადაცემული სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ნუმერაციის რესურსი საქვეუწყებო ასს-თვის. მოპასუხეს მიაჩნია, რომ აღნიშნული სერიული ნომერი წარმოადგენს ბანკის სარგებლობაში არსებული ტერმინალური მოწყობილობის საიდენტიფიკაციო სააბონენტო ნუმერაციის რესურსს, რომელიც შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ მას გამოყოფილი აქვს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან. აქედან გამომდინარე, მას მიაჩნია, რომ აღნიშნული სქემით განხორციელებული მომსახურების ტრაფიკი ასახვას ვერ პოვებს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ბილინგის ინფორმაციაში, რადგან ბილინგის ინფორმაცია წარმოადგენს ოპერატორის ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთვის და მათი საოპერაციო რესურსის გარკვეულ პერიოდში გამოყენებული მოცულობის შესახებ მონაცემებს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დაევალათ კომისიის აპარატის მონიტორინგისა (მ. გოთოშია) და სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის (გ. ბუთბაია) დეპარტამენტებს ურთიერთჩართვის სადავო საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა სამი დღის ვადაში.
2008 წლის 22 თებერვალს კომისიაში განახლდა დავის არსებითი განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი ი. ფაჩუაშვილი, ხოლო სს ”გლობალ ერთის” მხრიდან რ.გოგინავა.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა მოითხოვა მათ განცხადებაში დასმული მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც არ დაეთანხმა სს ”გლობალ ერთის” წარმომადგენელი, რომელსაც მიაჩნია, რომ მათი კომპანიის ქმედება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და სთხოვა კომისიას, უარი უთხრას განმცხადებელს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე დარღვევის არარსებობის გამო.
კომისიის აპარატის მონიტორინგის (მ. გოთოშია) დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნით, სს ”ბანკ რესპუბლიკის” სააუწყებო ასს ჩართულია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კუთვნილ ასს 91-ში ციფრული 2 მეგაბიტიანი არხით და იყენებს მის სატელეფონო რესურსს 925555, რაც ადასტურებს, რომ სს ’ბანკი რესპუბლიკა” არის სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტი. მხარეთა შორის მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შესაბამისად, სს ”ბანკი რესპუბლიკა” ვალდებულია ტრაფიკი გაატაროს მხოლოდ ასს 91-ის გავლით.
კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის (გ. ბუთბაია) დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, სს ”გლობალ ერთს” შეუძლია საკუთარი ნუმერაციის რესურსის გამოყოფა ბანკისათვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ წარმოადგენს არსებით აუცილებლობას, ვინაიდან ბანკს ზარების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსი აღებული აქვს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან” და მისი კონკურენტი ოპერატორისაგან ახორციელებს საერთაშორისო და სხვა სატელეფონო კავშირით მომსახურებას. სს ”გლობალ ერთისა” და სს ”ბანკ რესპუბლიკას” შორის ურთიერთჩართვის მოქმედ სქემაში ბანკიდან გამავალი სატელეფონო ტრაფიკი არ გადის სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქსელის ელემენტებს და რადგანაც ტრაფიკის მარშრუტი განსხვავებულია, ამ მიმართულებით განხორციელებულ გამოძახებებზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქსელის ელემენტები არ წარმოადგენს ქსელის შესაბამის ელემენტებს, რომელთა დატვირთვაც ხორციელდება და შესაბამისად მისი მხრიდან, არც საფასურის გადახდის მოთხოვნაა საფუძვლიანი.
კომისია ყურადღებას ამახვილებს, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მესამე პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის და ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. შესაბამისად, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სს ”ბანკი რესპუბლიკა”, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი, უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” და სს”გლობალ ერთი”, როგორც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის მფლობელი ქსელის ოპერატორები, ვალდებული არიან უზრუნველყონ სს ”ბანკ რესპუბლიკის” პირდაპირი ურთიერთჩართვა.
კომისია იზიარებს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, რომლის თანახმადაც, სს ”გლობალ ერთისა” და სს ”ბანკ რესპუბლიკას” შორის ურთიერთჩართვის მოქმედ სქემაში ბანკიდან გამავალი სატელეფონო ტრაფიკი არ გადის სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქსელის ელემენტებს და რადგანაც ტრაფიკის მარშრუტი განსხვავებულია, ამ მიმართულებით განხორციელებულ გამოძახებებზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქსელის ელემენტები არ წარმოადგენს ქსელის შესაბამის ელემენტებს, რომელთა დატვირთვაც ხორციელდება და შესაბამისად მისი მხრიდან, არც საფასურის გადახდის მოთხოვნაა საფუძვლიანი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19, 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მის განცხადებაში დასმული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
3. გადაწყვეტილების შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები: კ.კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
