წვდომის მენიუ

შპს ”ინფოტელის” გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 89 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2008

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის 3-ე პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზირებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია, აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია სრულად მიაწოდოს კომისიას კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

2008 წლის 22 იანვარს კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ახტელმა” და შპს ”ახალმა ქსელებმა” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა შპს ”ინფოტელთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობა, ვინაიდან შპს ”ინფოტელს” მათ მიმართ ერიცხება დავალიანება, რომელიც 2008 წლის  23 იანვრის მდგომარეობით შპს ”ახტელის” მიმართ შეადგენდა 74,798,72 ლარს და შპს ”ახალი ქსელების” მიმართ 2.746.23 ლარს.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ როგორც, წერილობით (№08/116-08), ისე ტელეფონით მოითხოვა ინფორმაცია შპს ”ინფოტელისგან”,  შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის მიმდინარეობისა და ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე.

 შპს ”ინფოტელის” მიერ ინფორმაცია კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, მის მიერ დარღვეულ იქნა  ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის და (38-ე მუხლის მე-4 პუნქტის) შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს ”ინფოტელს” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს ”ინფოტელმა” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტით დაკისრებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა კომისიაში, გადაწყვეტილების მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში;

3. ეცნობოს შპს ”ინფოტელს”, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (დღგ-ს გარეშე) 0,5 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10000 (ათი ათასი) ლარისა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი)

კომისიის თანმჯდომარე                                                                  გ. არველაძე

კომისიის წევრები:                                                                           ზ. ნონიკაშვილი                                         

                                                                                                         გ. ფრუიძე

                                                                                                          კ. კვითაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები