წვდომის მენიუ

შპს „რეალკომი“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 93 / 1

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2008

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”რეალკომმა” (30.01.2008 №7/36-08)  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რეალკომს” კომისიის 2005 წლის 20 მაისის №323/13 გადაწყვეტილებით შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით მინიჭებული აქვს 10.705-11.181 გჰც  სიხშირული ზოლი ქ.თბილისში, ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, თელავის, საგარეჯოს და ახმეტის რაიონებში №1455 ლიცენზიის მოქმედების ვადით 11.02.2015 წლამდე.

    “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს  შესაბამისი ვადის განმავლობაში.  ამ ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი პირის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის 10 წლის ვადით, აუქციონის გამართვის გარეშე გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

”საკაბელო სატრანზიტო მაუწყებლობისათვის შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული რადიოსიხშირეების მფლობელებზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხის მომზადების და შპს ”აიეტი” N1 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ” კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №178/2 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”რეალკომს” ეცნობა, რომ მის მიერ სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისა და ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში მიეცემოდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 10 წლის ვადით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების, მაუწყებლობის ტრანზიტის ლიცენზიის მფლობელების ავტომატური ავტორიზაციის შესახებ” კომისიის 2006 წლის 16 ივნისის №258/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, 2005 წლის 19 ივნისს შპს ”რეალკომს” გაუკეთდა ავტომატური ავტორიზაცია (რეგისტრაციის №152/1) და მისი მონაცემები შეტანილია ავტორიზებულ პირთა რეესტრში.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ანალოგიური მოთხოვნით შპს ”რეალკომმა” კომისიას წერილით მიმართა ჯერ კიდევ 2007 წლის 27 აპრილს (წერილის №7/102-07) და ამავე დროს, წარმოუდგინა სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი, რაც ლიცენზიის გაცემის აუცილებელ პირობას წარმოადგენს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად.  იმ პერიოდისთვის, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნებოდა საბოლოო გადაწყვეტილება.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარამენტის მიერ შესწავლილ იქნა შპს ”რეალკომი”-ს მიერ ზემოაღნიშნული სიხშირეებით სარგებლობის საკითხი და წარმოდგენილ იქნა დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ”შპს ”რეალკომი”, ქ. თბილისში სარგებლობს 10.705 – 11.181 გჰც სიხშირული ზოლით და დღევანდელი მდგომარეობით გამოყენებული აქვთ მხოლოდ 10.848 გჰც სიხშირე, 40 მჰც ზოლის სიგანით. კახეთში კერძოდ: ყვარელის, ლაგოდეხის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლის წყაროს, თელავის, საგარეჯოს და ახმეტის რაიონებში, მოპოვებული ინფორმაციით, შპს ”რეალკომი” №323/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული 10.705 – 11.181 გჰც სიხშირული ზოლით არ სარგებლობს.”

გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ  სრულყოფილად იქნა შესწავლილი აღნიშნული საკითხი, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს ”რეალკომზე” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა, ამავე დროს, ამოწურვადი რესურსის ოპტიმალურად გამოყენების მიზნით და  იმის გათვალისწინებით, რომ შპს ”რეალკომი”-ს მიერ რიგ რეგიონებში არ ხორციელდება პრაქტიკული საქმიანობა, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, შპს ”რეალკომს” განესაზღვროს სალიცენზიო ვალდებულებად პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან ერთი წელი.

  „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F60 ლიცენზია შპს ”რეალკომს” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული ზოლი: 10.705-11.181 გჰც   ქ.თბილისში, ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, თელავის, საგარეჯოს და ახმეტის რაიონებში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 22 თებერვლამდე;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: 2008 წლის 22 თებერვლიდან 1 (ერთი) წელი;

გ) უზრუნველყოს შპს ”რეალკომ”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტებს (დ.კიკნაძე; რ.ქურდაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები:                                                               

ზ.ნონიკაშვილი        

გ.ფრუიძე                                                                  

კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები