შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობასა და საკაბელო შახტებთან დაშვების შეზღუდვასთან დაკავშირებული დავის განხილვისა და არსებითი გა
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2009
მიღების თარიღი მარტი 06, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა”, სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ დავის განხილვის მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მხრიდან ადგილი აქვს კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობასა და საკაბელო შახტებთან დაშვების შეზღუდვას. განმცხადებელი, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელი” აღნიშნავს, რომ სს ”გაერთიანებულ ტელეკომთან” გაფორმებულ საკაბელო შახტებთან დაშვების ხელშეკრულებას მოქმედების ვადა ამოიწურა და განმცხადებლის მხრიდან ოფერტის პირობებზე დათანხმების მიუხედავად, სს ”გაერთიანებული ტელეკომი” არ აფორმებს ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“.
მოთხოვნა:
1. დაევალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ გააფორმოს საკაბელო შახტებთან დაშვების ხელშეკრულება;
2. მიეცეს გაფრთხილება სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის;
კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 25 თებერვალს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“. სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ასევე ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 24 თებერვლამდე.
მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები.
სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს “კავკასიის ციფრული ქსელთან” საკაბელო შახტებთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმების დამაბრკოლებელ ერთადერთ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს”, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე ერიცხება დავალიანება, რომელიც გამომდინარეობს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ შპს “კავკასიის ციფრული ქსელის”-თვის, 2004-2005 წლებში სხვადასხვა სახის მომსახურებიდან. შესაბამისად, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის პირობებიდან გამომდინარე, ავტორიზებული პირთან ახალი სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი აკმაყოფილებს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის პირობებს სრულად.
სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე წარმოადგინა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მხარეთა შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე, შპს “კავკასიის ციფრულ ქსელის” მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება, სადაც შპს “კავკასიის ციფრულ ქსელი” აღიარებს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე, ამ უკანასკნელის მიერ სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევიდან გამომდინარე დაგროვილ დავალიანებას, 114 142.62 ლარის ოდენობით.
შპს “კავკასიის ციფრულ ქსელის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიას მართლაც ერიცხება დავალიანება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს საკაბელო შახტებთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ დაკისრებული აქვს კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილებით.
კომისია აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დავის არსებითი განხილვა კომისიის 2009 წლის 24 თებერვლის №93/16 გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაინიშნა მიმდინარე წლის 6 მარტს. აღნიშნულ სხდომაზე სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ იქნა შეპასუხება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს ამოეწურათ მოქმედების ვადა. მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი მხარე წერილობით ეთანხმება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებულ ოფერტის პირობებს და ითხოვს ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ არ უფორმებს მოწინააღმდეგე მხარეს ახალ ხელშეკრულებას, რადგან შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს”, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ დაგროვილი აქვს სოლიდური დავალიანება, რომლის ნაწილიც - 114 142.62 ლარის ოდენობით, აღიარებულია შპს “კავკასიის ციფრულ ქსელის” მიერ. იმ შემთხვევაში, თუ შპს “კავკასიის ციფრული ქსელი” დაფარავს ზემოაღნიშნულ დავალიანებას და შეასრულებს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის პირობებს, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ დაუყოვნებლივ გაუფორმებს მოწინააღმდეგე მხარეს ახალ ხელშეკრულებას. სს „გაერთიანებული ტელეკომი“, წარმოდგენილ შეპასუხებაში აღნიშნავს, რომ იგი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებას იტოვებს, მის მიერ წლების განმავლობაში შპს “კავკასიის ციფრულ ქსელისათვის” მიწოდებული მომსახურების სანაცვლოდ, მოსთხოვოს მას, გაწეული მომსახურებისათვის დარიცხული დავალიანების დაფარვა, მით უმეტეს, რომ 1000 ლარზე მეტი ოდენობის დავალიანების დაფარვის პირობა, მათ მიერ გაწეული, ყველა სახის მომსახურებაზე გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტებით განსაზღვრული პირობაა, რასაც რეალურად უნდა დაეთანხმოს აქცეპტორი მხარე. სს „გაერთიანებული ტელეკომი“ არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებას, თითქოს სახეზეა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ვინაიდან მათი ქმედება შეესაბამამება მათ მიერვე გამოქვეყნებულ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შესახებ მოწვევის ოფერტის პირობებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „გაერთიანებული ტელეკომმა“ იშუამდგომლა უარი ეთქვას შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” განცხადებაში დაყენებულ მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე.
შპს “კავკასიის ციფრულ ქსელის” წარმომადგენელმა აღნიშნულ სხდომაზე, კიდევ ერთხელ გააჟღერა განხადებაში დაფიქსირებული პოზიცია და აღნიშნა, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან ხელშეკრულების გაუფორმებლობა უკანონოა. შპს “კავკასიის ციფრულ ქსელის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 114 142.62 ლარის დავალიანებას აღიარებენ, ანუ მათ მიერ მიღებულ იქნა 114 142.62 ლარის ოდენობის მომსახურება, მაგრამ ეს თანხა არ არის გადასახდელი, ვინაიდან შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” აქვს შემხვედრი პრეტენზიები, კერძოდ ეს არის შახტებთან დაშვების შეზღუდვისა და ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეზღუდვის შედეგად კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. შპს “კავკასიის ციფრულ ქსელის” წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მის მიერ აღიარებული დავალიანება უკავშირდება ურთიერთჩართვის მომსახურების მიღებას და არ ეხება საკაბელო შახტებთან დაშვების მომსახურებას. ამ უკანასკნელი მომსახურებიდან გამომდინარე, შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” არცერთი თეთრი დავალიანება არ გააჩნია.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომსა“ და შპს “კავკასიის ციფრულ ქსელებს” შორის საკაბელო შახტებთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმება უნდა მოხდეს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად, სადაც აღნიშნულია, რომ ავტორიზებულ პირთან ახალი სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი აკმაყოფილებს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის პირობებს სრულად. აღნიშნული გამომდინარეობს, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან, რომლის მიხედვითაც, ”ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების მსურველმა ავტორიზებულმა პირმა თავის განაცხადში ცხადად უნდა ასახოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტით) განსაზღვრული პირობების უპირობო აქცეპტი და მის მიერ ურთიერთჩართვის მოთხოვნის შემთხვევაში საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების არსებითი პირობები”.
ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შესახებ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის 7.1. პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთან ახალი სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის დავალიანება არ აღემატება 1 000 ლარს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მოწვევის ოფერტის არსებითი პირობები შეესაბამება კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22, 2007 წლის 17 აპრილის №191/9 და 2008 წლის 15 აგვისტოს №475/9 გადაწყვეტილებებით დადგენილ პირობებს.
უნდა აღინიშნოს, რომ შპს “კავკასიის ციფრულ ქსელი” აღიარებს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე, ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სხვადასხვა სახის მომსახურებიდან გამომდინარე დაგროვილ დავალიანებას, 114 142.62 ლარის ოდენობით, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს საკაბელო შახტებთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმების დამაბრკოლებელ გარემოებას.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს “კავკასიის ციფრულმა ქსელმა” უნდა უზრუნველყოს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე არსებული და მის მიერვე აღიარებული დავალიანების დაფარვა, რის შემდეგაც სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ დაუყოვნებლივ უნდა გაუფორმოს შესაბამისი კონტრაქტი აქცეპტორს, მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად. რაც შეეხება დავალიანების სადაო ნაწილს, მხარეებმა უნდა იმოქმედონ სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 41-ე და 42-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” 2009 წლის 12 თებერვლის №1513 განცხადების დაკმაყოფილებაზე;
2. მიეცეთ წინადადება სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” დროულად გააფორმონ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შესახებ ხელშეკრულება, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით განსაზღვრული წესითა და პირობებით;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების დაინტერესებული პირებისთვის გადაგზავნა;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი: ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებლები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
