შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის აპარატურასთან ტექნიკური პერსონალის დაშვების შეზღუდვასთან დაკავშირებული დავის განხილვისა და არსებითი გადაწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2009
მიღების თარიღი მარტი 06, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა”, სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ დავის განხილვის მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მხრიდან ადგილი აქვს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ფართზე განთავსენულ შპს “კავკასიის ციფრული ქსელის” კუთვნილ აპარატურასთან ტექნიკური პერსონალის დაშვების შეზღუდვას. აღნიშნულის თაობაზე განმცხადებელ მხარეს მიმართული აქვს სს ”გაერთიანებული ტელეკომისათვის”, რაზეც დღემდე პასუხი არ მიუღია, რის გამოც ფერხდება შპს “კავკასიის ციფრული ქსელის” კუთვნილ აპარატურის მომსახურება.
მოთხოვნა:
დაევალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ დაუყოვნებლივ და შეუზღუდავად დაუშვას საკუთარ თანალოკაციის კვანძებში შპს “კავკასიის ციფრულ ქსელის” აპარატურასთან, ამავე კომპანიის მომსახურე პერსონალი წარდგენილი სიის მიხედვით.
კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 25 თებერვალს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“. სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ასევე ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 24 თებერვლამდე.
მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები.
სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დღეისათვის მხარეთა შორის არ არსებობს სადაო საკითხის მომწესრიგებელი მოქმედი ხელშეკრულება. შპს “კავკასიის ციფრული ქსელის” ტექნიკური პერსონალის ამავე კომპანიის კუთვნილ აპარატურასთან, რაც განთავსებულია სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ფართზე, დაშვებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმების დამაბრკოლებელ ერთადერთ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს”, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე ერიცხება დავალიანება, რომელიც გამომდინარეობს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ შპს “კავკასიის ციფრულ ქსელის”-თვის, 2004-2005 წლებში სხვადასხვა სახის მომსახურებიდან. შესაბამისად, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის პირობებიდან გამომდინარე, ავტორიზებული პირთან ახალი საკონტრაქტო სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი აკმაყოფილებს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის პირობებს სრულად. სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე წარმოადგინა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მხარეთა შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე, შპს “კავკასიის ციფრულ ქსელის” მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება, სადაც შპს “კავკასიის ციფრულ ქსელი” აღიარებს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე, ამ უკანასკნელის მიერ სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევიდან გამომდინარე დაგროვილ დავალიანებას, 114 142.62 ლარის ოდენობით.
შპს “კავკასიის ციფრულ ქსელის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიას მართლაც ერიცხება დავალიანება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს ავტორიზებული პირის აპარატურასთან დაშვების შეზღუდვის მიზეზი, რაც გამომდინარეობს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დავის არსებითი განხილვა კომისიის 2009 წლის 24 თებერვლის №94/16 გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაინიშნა მიმდინარე წლის 6 მარტს. აღნიშნულ სხდომაზე სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ იქნა შეპასუხება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს ამოეწურათ მოქმედების ვადა. სს „გაერთიანებული ტელეკომი“ არ უფორმებს მოწინააღმდეგე მხარეს თანალოკაციის ფართებთან დაშვების ახალ ხელშეკრულებას, რადგან შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს”, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ დაგროვილი აქვს სოლიდური დავალიანება, რომლის ნაწილიც - 114 142.62 ლარის ოდენობით, აღიარებულია შპს “კავკასიის ციფრულ ქსელის” მიერ. იმ შემთხვევაში, თუ შპს “კავკასიის ციფრული ქსელი” დაფარავს ზემოაღნიშნულ დავალიანებას და ამით შეასრულებს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის პირობებს, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ დაუყოვნებლივ გაუფორმებს მოწინააღმდეგე მხარეს ახალ ხელშეკრულებას. სს „გაერთიანებული ტელეკომი“, წარმოდგენილ შეპასუხებაში აღნიშნავს, რომ იგი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებას იტოვებს, მის მიერ წლების განმავლობაში შპს “კავკასიის ციფრულ ქსელისათვის” მიწოდებული მომსახურების სანაცვლოდ, მოსთხოვოს მას, გაწეული მომსახურებისათვის დარიცხული დავალიანების დაფარვა, მით უმეტეს, რომ 1000 ლარზე მეტი ოდენობის დავალიანების დაფარვის პირობა, მათ მიერ გაწეული, ყველა სახის მომსახურებაზე გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტებით განსაზღვრული პირობაა, რასაც რეალურად უნდა დაეთანხმოს აქცეპტორი მხარე. სს „გაერთიანებული ტელეკომი“ არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებას, თითქოს სახეზეა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ვინაიდან მათი ქმედება შეესაბამება მათ მიერვე გამოქვეყნებულ თანალოკაციის ფართებთან დაშვების შესახებ მოწვევის ოფერტის პირობებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ იშუამდგომლა უარი ეთქვას შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” განცხადებაში დაყენებულ მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე.
შპს “კავკასიის ციფრულ ქსელის” წარმომადგენელმა აღნიშნულ სხდომაზე, კიდევ ერთხელ გააჟღერა განხადებაში დაფიქსირებული პოზიცია და აღნიშნა, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან ხელშეკრულების გაუფორმებლობა უკანონოა. შპს “კავკასიის ციფრული ქსელის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 114 142.62 ლარის დავალიანებას აღიარებენ, ანუ მათ მიერ მიღებულ იქნა 114 142.62 ლარის ოდენობის მომსახურება, მაგრამ ეს თანხა არ არის გადასახდელი, ვინაიდან შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” აქვს შემხვედრი პრეტენზიები, კერძოდ ეს არის შახტებთან დაშვების შეზღუდვისა და ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეზღუდვის შედეგად კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. შპს “კავკასიის ციფრული ქსელის” წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მის მიერ აღიარებული დავალიანება უკავშირდება ურთიერთჩართვის მომსახურების მიღებას და არ ეხება ავტორიზებული პირის თანალოკაციის ფართებთან დაშვების მომსახურებას. ამ უკანასკნელი მომსახურებიდან გამომდინარე, შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” არცერთი თეთრის დავალიანება არ გააჩნია.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” შორის თანალოკაციის ფართებთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმება უნდა მოხდეს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად, სადაც აღნიშნულია, რომ ავტორიზებულ პირთან ახალი სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი აკმაყოფილებს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის პირობებს სრულად. აღნიშნული გამომდინარეობს, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან, რომლის მიხედვითაც, ”ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების მსურველმა ავტორიზებულმა პირმა თავის განაცხადში ცხადად უნდა ასახოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტით) განსაზღვრული პირობების უპირობო აქცეპტი და მის მიერ ურთიერთჩართვის მოთხოვნის შემთხვევაში საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების არსებითი პირობები”.
”თანალოკაციის ფართებთან ავტორიზებული პირების დაშვების პირობებში ცვლილებების შეტანის შესახებ” სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებული ამავე კომპანიის დირექტორის 2008 წლის 30 სექტემბრის №01/136-09 ბრძანების 1.3 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთან ახალი სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის დავალიანება არ აღემატება 1 000 ლარს.
უნდა აღინიშნოს, რომ შპს “კავკასიის ციფრულ ქსელი” აღიარებს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე, ამ უკანასკნელის მიერ სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევიდან გამომდინარე დაგროვილ დავალიანებას, 114 142.62 ლარის ოდენობით, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს მხარეთა შორის თანალოკაციის ფართებთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმების დამაბრკოლებელ გარემოებას.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს “კავკასიის ციფრულმა ქსელმა” უნდა უზრუნველყოს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე არსებული და მის მიერვე აღიარებული დავალიანების დაფარვა, რის შემდეგაც სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ დაუყოვნებლივ უნდა გაუფორმოს შესაბამისი კონტრაქტი აქცეპტორს, მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად. რაც შეეხება დავალიანების სადაო ნაწილს, მხარეებმა უნდა იმოქმედონ სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 41-ე და 42-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” 2009 წლის 12 თებერვლის №1514 განცხადების დაკმაყოფილებაზე;
2. მიეცეთ წინადადება სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” დროულად გააფორმონ თანალოკაციის ფართებთან დაშვების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულება, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით განსაზღვრული წესითა და პირობებით;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების დაინტერესებული პირებისთვის გადაგზავნა;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებლები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
