წვდომის მენიუ

შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელსა” და სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ განცხადებების განხილვის შესახებ

ნომერი: 128 / 12

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2009

მიღების თარიღი მარტი 06, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს  შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” (18.02.2009 N6/449-09), სს ”გაერთიანებულ ტელეკომთან” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: შპს ”ახალ ქსელებს”,  შპს ”ახტელსა” და სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის  ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში  წარმოდგენილ ერთობლივ განცხადებაში, შპს ”ახალი ქსელები”  და შპს ”ახტელი” აღნიშნავენ, რომ კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის N647/16 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელს” და სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” დაევალათ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების გაფორმება 1 თვის ვადაში და  მისი ასლის  კომისიაში წარმოდგენა ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ არაერთი წერილობითი („ახალი ქსელების“ -  2008 წლის 19.12 N1155, 18.11 N1072, 2009 წლის 15.01 N42 და 2009 წლის 29.01 N81; შპს „ახტელის“ – 2008 წლის 19.12 N1156, 2009 წლის 15.01 N43 და 29.01 N82 წერილები) მიმართვისა, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ თავს არიდებს შპს „ახალ ქსელებთან“ და შპს „ახტელთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების გაფორმებას.

მოთხოვნა:

შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელსა” და სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის  ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენა.

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნია, რომ საკითხი მიეკუთვნება კომისიის რეგულირების საგანს და საჭიროებს განხილვასა და არსებით გადაწყვეტას. შესაბამისად, შპს ”ახალ ქსელების” და  შპს ”ახტელი”-ს  ზემოაღნიშნული განცხადება, გადაეგზავნა სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” (26.02.2009 №03/270-00) და მხარეს ეთხოვა საკუთარი ახსნა-განმარტების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 3 მარტამდე. აღნიშნული საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 6 მარტის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მხარეების წარმომადგენლები.

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში წარმოდგენილია სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წერილის ასლი 13.02.2009 N8-15/170, სადაც აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“, სს „გაერთანებული ტელეკომის“ საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადებაზე არ განუცხადებია აქცეპტი, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ არ არის წინააღმდეგი მხარეებს შორის გაფორმდეს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის დღეს არსებული ურთიერთჩართვის სქემა უნდა შეიცვალოს, კერძოდ, ურთიერთჩართვის წერტილების რაოდენობა უნდა შემცირდეს და იმ შემთხვევაში, თუ შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ აცხადებს თანხმობას, სს“ გაერთიანებულ ტელეკომთან“ წინასწარ მოლაპარაკებული სქემით განახორციელონ ურთიერთჩართვა და აცხადებს უპირობო აქცეპტს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მოწვევის ოფერტაზე, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ უმოკლეს ვადებში მიაწვდის შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“, ოფერტაში დაფიქსირებული პირობების შესაბამისად, მომზადებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტს.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 6 მარტის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ახალი ქსელების“ შპს „ახტელის“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლები.

სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვერ ხდება ხელშეკრულების გაფორმება სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელს“ შორის არის ის, რომ შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ არ აცხადებს აქცეპტს სს „გაერთანებული ტელეკომის“ საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადებაზე და იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები განაცხადებენ აქცეპტს, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ მზადაა გაუგზავნოს შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“ ხელშეკრულების პროექტი ხელმოსაწერად.

შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათთვის უცნობია  სს „გაერთანებული ტელეკომის“ საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ხელშეკრულების პირობები, კერძოდ ურთიერთჩართვის წერტილები და აქცეპტის გაკეთება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელისთვის“ ცნობილი გახდება ხელშეკრულების პირობები, კერძოდ კი ურთიერთჩართვის წერტილები.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, განაცხადის მიღების თარიღიდან 30 დღის ვადაში შეთანხმდნენ და გააფორმონ ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მისი ასლი უნდა წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.” კომისია აღნიშნავს რომ როგორც მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“ არ განუცხადებია აქცეპტი სს „გაერთიანებული ტელეკომის“ საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება. სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ გამოქვეყნებული აქვს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში www.gncc.ge საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადება და ამავე დროს, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია მზად არის გააფორმოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება შპს „ახალ ქსელებთან“ და შპს „ახტელთან“, მათ მიერ მოწვევის ოფერტაზე აქცეპტის გაკეთების შემთხვევაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე კომისია არ არის უფლებამოსილი დაადგინოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“ არ განუცხადებიათ აქცეპტი სს „გაერთიანებული ტელეკომის“ საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადებაზე. შესაბამისად, ამ ეტაპზე არ დგინდება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ბრალეული ქმედება ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაუფორმებლობასთან დაკავშირებით. ამავე დროს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე და კომისია უფლებამოსილია, მხარეებს შორის დაადგინოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას. კომისიას მიაჩნია, რომ კომისია უფლებამოსილი იქნება ჩაერიოს და დაადგინოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადებაზე აქცეპტის გაკეთების შემდგომ, მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას და ამავე დროს გასული იქნება დავის განსახილველი 1 თვიანი ვადა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში, ხელშეკრულების გაფორმების ინიციატორ მხარეს წარმოადგენენ შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“, რაც დასტურდება მათ მიერ, როგორც კომისიაში წარმოდგენილი განცხადებებით, ასევე სს „გაერთიანებული ტელეკომი“-სთვის მიწერილი წერილებით. კომისიამ 2008 წლის 31 ოქტომბრის N647/16 გადაწყვეტილებით დაავალდებულა  მხარეები მიეღოთ ყველა გონივრული და სამართლიანი ზომა და გაეფორმებინათ ურთიერთჩართვის ხელშეკრულება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების მსურველმა ავტორიზებულმა პირმა თავის განაცხადში ცხადად უნდა ასახოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტით) განსაზღვრული პირობების უპირობო აქცეპტი და მის მიერ ურთიერთჩართვის მოთხოვნის შემთხვევაში საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების არსებითი პირობები.“ შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ უნდა განხორციელდეს აქცეპტი სს „გაერთიანებული ტელეკომის“ საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ხელშეკრულების შეთავაზების წინადადებაზე (ოფერტაზე) და შემდგომში უკვე უნდა დაიწყოს მხარეებს შორის მოლაპარაკება უშუალოდ ხელშეკრულების კონკრეტულ პირობებზე მათ შორის, ურთიერთჩართვის წერტილებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინაე, კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს შპს ”ახალი ქსელები”-სა და შპს ”ახტელი”-ს განცხადებების დაკმაყოფილების საფუძველი, სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის შესახებ და შესაბამისად,  უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ (18.02.2009 N6/449-09) ერთობლივ განცხადებაზე უსაფუძვლობის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედაგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  არ დაკმაყოფილდეს შპს ”ახალი ქსელები”-ს და შპს ”ახტელი”-ს განცხადება (18.02.2009 N6/449-09) სს ”გაერთიანებულ ტელეკომთან” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის თაობაზე უსაფუძვლობის გამო;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს  (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                 ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                             ზ.ნონიკაშვილი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                 კ.კვიტაიშვილი            

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები