სს „გაერთიანებული ტელეკომისათვის“ შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2009
მიღების თარიღი მარტი 13, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ განცხადებით მიმართა კომისიას, შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ იუწყება, რომ შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელს” ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდური დავალიანება დაახლოებით 700 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული დავალიანების ნაწილი - 114 142.62 ლარის ოდენობით, შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელს”, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სასარგებლოდ აღიარებული აქვს.
მოთხოვნა:
კომისიამ სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” მისცეს თანხმობა შეუჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელს”, ამ უკანასკნელის მიერ განმცხადებელი მხარის მიმართ აღიარებული დავალიანების სრულად დაფარვამდე და ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების სრულყოფილად შესრულებამდე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული განცხადება გადაეგზავნა შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელს” და ეცნობა მას, როგორც დაინტერესებულ პირს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული უფლებები.
აღნიშნული საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა მიმდინარე წლის 13 მარტს. სხდომას ესწრებოდნენ განმცხადებლისა და შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელის”, როგორც დაინტერესებული პირის უფლებამოსილი წარმომადგენლები.
სხდომაზე სს ”გაერთიანებულ ტელეკომის” წარმომადგენელმა, კიდევ ერთხელ გააჟღერა განხადებაში დაფიქსირებული პოზიცია და აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარეს გააჩნია ურთიერთჩართვის მომსახურების მიღების შედეგად დაგროვილი დავალიანება. შპს “კავკასიის ციფრულ ქსელის” მიერ აღიარებული დავალიანების 114 142.62 ლარის გადაუხდელობისა და შესაბამისი ანაგარიშწორების სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სს ”გაერთიანებულ ტელეკომი” ითხოვს, რომ კომისიამ მისცეს თანხმობა შეუჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელს”. თავის მხრივ, შპს “კავკასიის ციფრულ ქსელის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 114 142.62 ლარის დავალიანებას აღიარებენ, ანუ მათ მიერ მიღებულ იქნა 114 142.62 ლარის ოდენობის მომსახურება, მაგრამ ეს თანხა არ არის გადასახდელი, ვინაიდან შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” აქვს შემხვედრი პრეტენზიები, კერძოდ ეს არის - შახტებთან დაშვების შეზღუდვისა და ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეზღუდვის შედეგად კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”
კომისიამ შეისწავლა მხარეებს შორის 2004 წლის 1 ივნისს გაფორმებული და დღეისათვის მოქმედი №175 ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და გამოარკვია, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, მხარეებს ეკისრებათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და გაწეული მომსახურებისათვის შესაბამისი ანგარიშწორების ვალდებულება. კერძოდ, ამ ხელშეკრულების მე-5 პუნქტის 5.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, ”მხარეები შემოსავლის აღრიცხვას ახორციელებენ ყოველთვიურად, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე, ერთობლივი საოქმო გადაწყვეტილების მიღებით, სადაც აღნიშნული იქნება მომსახურების სახე, ინფორმაცია ტრაფიკის შესახებ, მხარეთა კუთვნილი თანხები და საბოლოოდ გადასახდელი თანხა”, ხოლო 5.3 ქვეპუნქტის თანახმად, ”ანგარიშწორება მხარეთა შორის ხორციელდება შემოსავლების შესახებ საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, საოქმო გადაწყვეტილების მიღებიდან ოცი დღის ვადაში”. კომისიამ გამოარკვია რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა უდავოა, ასევე უდავოა 114 142.62 ლარის ოდენობით მომსახურების, შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელის” მიერ მიღების ფაქტი. ამასთან, ვინაიდან მომსახურება სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ გაწეულია და აღნიშნული გარემოება დავის საგანს არ წარმოადგენს, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელი” ვალდებული იყო მოეხდინა შესაბამისი ანგარიშწორება, რაც ამ უკანასკნელის მიერ არ განხორციელებულა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელის” მიერ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 114 142.62 ლარის ოდენობით აღიარება, შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელის” მიერ ზეპირად მოხდა, როგორც, მიმდინარე სხდომაზე, ასევე, არაერთხელ ადრეულ ეტაპზე, კერძოდ კომისიის 2009 წლის 24 თებერვალსა და 6 მარტს გამართულ სხდომებზე (იხ. აღნიშნულ სხდომათა ოქმები), ხოლო წერილობით შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელის” მიერ იგივეს აღიარება მოხდა, 2008 წლის 26 თებერვლის ახსნა-განმარტებასა და 2009 წლის 13 თებერვლის საკამათო სიტყვაში, რომლებიც წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მხარეთა შორის მიმდინარე სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით.
მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელი” უარს ამბობს შეასრულოს 2004 წლის 1 ივნისის №175 ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით ნაკისრი ანგარიშწორების ვალდებულება. კომისიას მიაჩნია, რომ მხარეებს უნდა მიეცეთ 2 კვირიანი ვადა მომსახურების მიღების შედეგად დაგროვილი აღიარებული დავალიანების, კერძოდ, 114 142.62 ლარის გადახდის გრაფიკზე შესათანხმებლად, ხოლო თუ მხარეებს შორის ვერ მოხერხდება გადახდის გრაფიკზე შეთანხმების მიღწევა, ამ შემთხვევაში შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელს” უნდა მიეცეს 2 კვირიანი ვადა ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაგროვილი დავალიანების აღიარებული ნაწილის - 114 142.62 ლარის სრულად გადახდისათვის და მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის სათანადოდ შესასრულებლად. აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვავაში კი, სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” უნდა მიეცეს თანხმობა შეუჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელს”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მოთხოვნა და მიეცეს უფლება სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შეაჩეროს შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, თუ არ შესრულდება ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) მხარეებს შორის ვერ მოხდება, შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელის” მიერ, სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სასარგებლოდ მხარეთა შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელის” მიერ აღიარებული დავალიანების 114 142.62 ლარის დაფარვის გრაფიკზე შეთანხმება, ამ გადაწყვეტილების შპს ”კავკასიის ციფრული ქსელისათვის” ჩაბარებიდან 2 კვირის განმავლობაში;
ბ) ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტში აღნიშნულ გრაფიკზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელის” მიერ არ მოხდება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და მის მიერვე აღიარებული ურთიერთჩართვის მომსახურების შედეგად დაგროვილი დავალიანების - 114 142.62 ლარის გადახდა, ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ 2 კვირის ვადაში;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისათვის გაგზავნა;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებლები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
