წვდომის მენიუ

შპს ”ახალი ქსელების” 2009 წლის 27 თებერვლის № 165 განცხადების განხილვისა და კომისიის 2009 წლის 13 თებერვლის №67/22 გადაწყვეტილებით შეჩერებული ადმინისტრაციული წარმოების განახლებაზე უარის თქმის თაობაზე

ნომერი: 132 / 16

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2009

მიღების თარიღი მარტი 13, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2009 წლის 27 თებერვალს განცხადებით მიმართა  შპს ”ახალმა ქსელებმა”, კომისიის 2009 წლის 13 თებერვლის №67/22 გადაწყვეტილებით შეჩერებული ადმინისტრაციული წარმოების განახლების მოთხოვნით.

განმცხადებელმა აცნობა კომისიას ახალ გარემოებათა შესახებ, კერძოდ, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომი” 2009 წლის 1 იანვრიდანაც აგრძელებს შპს ”ახალი ქსელების” აბონენტების არასათანადო ტარიფიკაციას, კერძოდ მათზე 6 თეთრის დარიცხვას.

კომისიაში 2008 წლის 23 დეკემბერს წარმოდგენილ № 1167  განცხადებაში შპს ”ახალი ქსელები” აღნიშნავდა, რომ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით, დადგენილია, რომ  სატელეფონო მომსახურების მჭიდროდ დაკავშირებულ, საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორებს დაუდგინდათ სატელეფონო მომსახურების საცალო ზედა ზღვრული ტარიფი - 4 თეთრი წუთზე (დღგ-ს ჩათვლით), თუმცა სს ”გაერთიანებული ტელეკომი”  აგრძელებდა აბონენტებზე 6 თეთრის დარიცხვას. განმცხადებელი ასევე აღნიშნავდა, რომ მართალია ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება სასამართლო განჩინებით შეჩერებული იყო გარკვეულ პერიოდში, მაგრამ, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ, 2008 წლის 5 დეკემბერს მიღებული განჩინებით ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 მაისის განჩინება,  კომისიის გადაწყვეტილება ამოქმედდა სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების გამოცემიდან ანუ 2008 წლის 5 დეკემბრიდან, რადგან ეს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება, იგი ძალაში შედის მიღებისთანავე, ანუ 2008 წლის 5 დეკემბრიდან.

კომისიამ აღნიშნული საკითხი განიხილა 2009 წლის 27 იანვარს. სხდომაზე, სს ”გაერთიანებული ტელეკომის”, როგორც დაინტერესებული პირის წარმომადგენელმა ლ. გიორგაძემ აღნიშნა, რომ კომპანიამ შეასრულა კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9  გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, 2008 წლის 5 დეკემბერს, საქმეზე №3ბ/1525.08, მიიღო განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე. კერძოდ, 2008 წლის 15 დეკემბერს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” გენერალურმა დირექტორმა ა. ტემირბეკოვმა გამოსცა ბრძანება, იმის თაობაზე, რომ 2009 წლის 1 იანვრიდან სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ქ. თბილისის ადგილობრივი სატელეფონო ქსელის აბონენტთათვის დაწესდა ახალი ტარიფი - 4 თეთრი წუთზე.

2009 წლის 13 თებერვალს გამართულ სხდომაზე, შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელმა, დააკონკრეტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ კომისიამ უნდა მოახდინოს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სანქცირება, იმის გამო, რომ მოპასუხე მხარე უკანონოდ ახდენდა აბონენტებზე 6 თეთრის დარიცხვას 2008 წლის 5 დეკემბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე.

კომისიამ, 2009 წლის 13 თებერვალს  მიიღო №67/22 გადაწყვეტილება შპს  ”ახალი ქსელების” 2008 წლის 23 დეკემბრის № 1167 განცხადებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატიდან,  2008 წლის 5 დეკემბერს, საქმეზე №3ბ/1525.08 გამოტანილი განჩინების  ძალაში შესვლის თარიღთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხის  მიღებამდე. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატიდან კომისიის 2009 წლის 21 იანვარის №03/48-09 წერილზე შესაბამისი რეაგირება დღემდე არ მომხდარა.

იმავე საკითხზე, შპს ”ახალი ქსელების” 2009 წლის 27 თებერვლის განცხადება კომისიამ წარმოებაში მიიღო (№6/574-09, 27.02.09) და  გადაუგზავნა სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” და აცნობა მას, როგორც დაინტერესებულ მხარეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული უფლებები.

აღნიშნული საკითხის განხილვა გაიმართა მიმდინარე წლის 13 მარტს. სხდომას ესწრებოდნენ განმცხადებლისა და სს ”გაერთიანებული ტელეკომის”, როგორც დაინტერესებული პირის უფლებამოსილი წარმომადგენლები. სხდომაზე სს ”გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიის მხრიდან 2009 წლის 1 იანვრიდან აბონენტებზე თანხების დარიცხვა ხდება 2008 წლის 15 დეკემბერს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” გენერალური დირექტორის ა. ტემირბეკოვის მიერ გამოცემული ბრძანების შესაბამისად, ანუ 4 თეთრი წუთზე. შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელი არ დაეთანხმა ზემოაღნიშნულს და აღნიშნა, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომი” 2009 წლის 1 იანვრიდან კვლავ აგრძელებს აბონენტებზე 6 თეთრის დარიცხვას, რის დასტურადაც, შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელის მიერ, მტკიცებულების სახით წარმოდგენილ იქნა აბონენტ მირიან ჯანჯღავას (სატელეფონო ნომერი - 25444, ქ. ფოთი) მიერ განხორციელებული საუბრების დეტალური ამონაწერი.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ”ახალი ქსელების” 2008 წლის 23 დეკემბრის № 1167  განცხადებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების  დავის საგანს წარმოადგენდა სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ აბონენტებზე 6 თეთრის დარიცხვა 2008 წლის 5 დეკემბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო ”ახალი ქსელების” 2009 წლის 27 თებერვლის წერილი შეეხება, დროის სხვა პერიოდში სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ არასწორ ტარიფიკაციას ქ. ფოთში, აღნიშნულ საკითხზე ცალკე ადმინისტრაციული წარმოება უნდა დაიწყოს, მას შემდეგ, რაც შპს ”ახალი ქსელები” შემოიტანს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად ახალ განცხადებას.

შესაბამისად, კომისიის 2009 წლის 13 თებერვლის №67/22 გადაწყვეტილებით შეჩერებული ადმინისტრაციული წარმოების განახლებაზე შპს  ”ახალ ქსელებს” უარი უნდა ეთქვას.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინსტრაციულ წარმოებაში ჩართული მხარეების წარმომადგენლები დაეთანხმნენ კომისიის ზემოაღნიშნულ პოზიციას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს  ”ახალ ქსელების” მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც შეეხება სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ 2009 წლის 1 იანვრიდან ქ.ფოთში აბონენტზე 6 თეთრის დარიცხვას, უნდა ჩაითვალოს ექს-პარტე შეტყობინებად და ამის თაობაზე უნდა ჩატარდეს შესაბამისი შემოწმება. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონილი კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 101-ე მუხლისა და 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  უარი ეთქვას შპს  ”ახალ ქსელებს”, კომისიის 2009 წლის 13 თებერვლის №67/22 გადაწყვეტილებით შეჩერებული ადმინისტრაციული წარმოების განახლების თაობაზე, 2009 წლის 27 თებერვლის №165 განცხადების დაკმაყოფილებაზე;

2.   დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ. გოთოშია), სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ ქ. ფოთში, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9  გადაწყვეტილების შესრულების შემოწმება (დადგენილი ტარიფების ზედა ზღვრულ ტარიფებთან შესაბამისობის ნაწილში);

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისათვის გაგზავნა;

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);

5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                    ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებლები:                კ. კვიტაიშვილი                                          

                                                            ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები