შპს ”საინფორმაციო ბანკი 005” - სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2009
მიღების თარიღი მარტი 13, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”საინფორმაციო ბანკი 005”-მა (22.06.2007 №7/183-07) ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.
როგორც შპს ”საინფორმაციო ბანკი 005”-ს წერილშია აღნიშნული, კომპანია ახორციელებს საინფორმაციო, საშუამავლო მომსახურებას და ზემოაღნიშნული მომსახურებების მოსახლეობისთვის მიწოდებისთვის ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ” საინფორმაციო ბანკი 005”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”საინფორმაციო ბანკი 005”-ს ნუმერაციის რესურსი 0-0-5 (ნული-ნული-ხუთი) ქ.თბილისში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”საინფორმაციო ბანკი 005”-ს ნუმერაციის რესურსი - 0-0-5 (ნული-ნული-ხუთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2010 წლის - 13 თებერვლამდე, ქ.თბილისში;
2. შპს ”საინფორმაციო ბანკი 005” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”საინფორმაციო ბანკი 005”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”საინფორმაციო ბანკი 005” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”საინფორმაციო ბანკი 005”-ს -სთვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი კ.კვიტაიშვილი
