წვდომის მენიუ

შპს ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის” №B80 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 138 / 23

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2009

მიღების თარიღი მარტი 13, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია  (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 11 მარტს, კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელეკომპანია ,,მეცხრე არხმა” (№6/644-09), რომელმაც მოითხოვა მისი კუთვნილი  №B80 ლიცენზიის (საერთო საეთერო ტელემაუწყებლობა) მოდიფიცირება კერძო სპეციალიზებულ (გასართობ-შემეცნებით) ტელემაუწყებლობის ლიცენზიად.   

   შპს ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის” ცნობით, კომპანია ფლობს საერთო საეთერო მაუწყებლობის №80 ლიცენზიასა და ასევე, სპეციალიზებული მაუწყებლობის №B105 ლიცენზიას.

 ამასთან, კომპანიის ცნობით, ტექნიკური გადაიარაღებისა და ახალი სამაუწყებლო ბადის ფორმირების მიზნით, დროებით შეჩერებულია მაუწყებლობა. მსოფლიო გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, კომპანიის დაფინანსების წყაროების მოცულობათა გათვალისწინებით, კომპანიას გაუჭირდება ორი სხვადასხვა სახეობის ლიცენზიით ფუნქციონირება და ამასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება.

    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია თხოვნით მიმართავს კომისიას, მისი კუთვნილი №B80 ლიცენზიის (საერთო საეთერო ტელემაუწყებლობა) მოდიფიცირებისა და ლიცენზიის სახეობად  სპეციალიზებული (გასართობ-შემეცნებითი) მაუწყებლობის განსაზღვრას. განმცხადებელი აქვე დასძენს, რომ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანიას მოუწევს ორივე ლიცენზიით, ერთი სამაუწყებლო ბადით მაუწყებლობა, რაც უფრო რეალურ შანს იძლევა მაუწყებლობის დროულად განახლებისათვის. შპს ,,ტელეკომპანია ,,მეცხრე არხი” ადრე მაუწყებლობდა ამავე ლიცენზიებით ერთი სამაუწყებლო ბადით, და ამჟამადაც სურვილი აქვს საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილზე წარსდგეს მაყურებლის წინაშე ერთი სამაუწყებლო ბადით. გარდა ზემოაღნიშნულისა, კომპანიას სურს, შეუნარჩუნდეს მათივე ლიცენზიებით  განსაზღვრული ყველა სამაუწყებლო სიხშირე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ტესტური რეჟიმით ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

     შპს ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის” წერილის საფუძველზე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება  შპს ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის’ №B80 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და  შესაბამისად, კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №33/1 გადაწყვეტილებასში ცვლილებების შეტანის მიზნით.

    ,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის  45-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტისა  და  საქართველოს  ,,ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის  თანახმად,  კომისიამ         

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის” №B80 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 21 იანვრის  №33/1  გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

2. შპს ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის” №B80 ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხზე, ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2009 წლის 17 აპრილს 16:00 საათზე, ხოლო  გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე, მიღებულ იქნას 17 აპრილს 16:00 საათზე;

3. გამოქვეყნდეს ზეპირი მოსმენის შესახებ ცნობა საჯარო გაცნობისათვის ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

4. ეცნობოს შპს ტელეკომპანია ,,მეცხრე არხს” ამ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (მ.აროშიძე);

5. ეს გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.  რატიშვილი).

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.

          კომისიის  თავმჯდომარის

            მოვალეობის შემსრულებელი                   ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრები:                              კ. კვიტაიშვილი

                                                                ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები