სს „გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადების განხილვისა და ”მაგთიკომი”-ს სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2009
მიღების თარიღი მარტი 20, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (13.03.2009 №6/659-09) მიმართა სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” შპს „მაგთიკომის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, კერძოდ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ გადაწყვიტა მობილური კავშირის მომსახურების განხორციელება CDMA-850 ტექნოლოგიით. შპს “მაგთიკომის”, აგრეთვე სხვა ავტორიზებული პირების სახელზე 2008 წლის 23 ოქტომბერს გაგზავნილ იქნა N8-15/1273 წერილი. აღნიშნული წერილით კომპანია ითხოვდით სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ნუმერაციის რესურსი - 870 და 878 გააქტიურებას მათ საკომუტაციო სადგურებში და მარშრუტიზაციას სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართულებით. აღნიშნული ნუმერაციის რესურსზე ანგარისწორება განხორციელდებოდა ისევე, როგორც მობილურზე ურთიერთჩართვის შემთხვევაში, შესაბამისი სტანდარტული ტარიფებით.
2009 წლის 09 იანვარს შპს „მაგთიკომის“, აგრეთვე სხვა ავტორიზებული პირების სახელზე სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ, კვლავ იქნა გაგზავნილი 2008 წლის 23 ოქტომბერის N8-15/1273 წერილის შინაარსის მსგავსი N8-15/21 წერილი. აღნიშნულ წერილში სს „გაერთიანებული ტელეკომი“ გამოთქვავდა მზადყოფნას ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაზე.
2009 წლის 09 იანვარს N8-15/21 წერილის პასუხად, შპს „მაგთიკომის“ მიერ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სახელზე გაგზავნილ იქნა 2009 წლის 17 თებერვლის N09/030 წერილი. შპს “მაგთიკომის” განცხადებით სს “გაერთიანებული ტელეკომი” 870 და 878 ნუმერაციის რესურსის გამოყენებით მობილური კავშირის მომსახურების განხორციელებას გეგმავს CDMA-850 ტექნოლოგიით. ამავე დროს, ამ ტექნოლოგიით შექმნილი ქსელით სს “გაერთიანებული ტელეკომი” უკვე ახორციელებს სახლის უსადენო ტელეფონებით ფიქსირებულ მომსახურებას. ამ შემთხვევაში აბონენტებთან ზარის დასრულების (ურთიერთჩართვის) ტარიფი შეადგენს 4 თეთრს. შპს “მაგთიკომის” აზრით ერთი და იგივე ქსელში (CDMA-850) ზარის დასრულების სხვადასხვა საფასურის დადგენა აბონენტისათვის მიწოდებული საცალო მომსახურების სახეების მიხედვით, ეწინააღმდეგება «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რომლის მიხედვით ურთიერთჩართვა არადისკრიმინაციული დაშვებით უნდა განხორციელდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “მაგთიკომი” აცხადებს, რომ თანახმაა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე ან არსებულში ცვლილებების შეტანაზე იმ პირობების გათვალისწინებით, რომ ნუმერაციის რესურსზე - 870 და 878, ზარის დასრულების საფასური იქნება 4 თეთრი, დღგ-ს ჩათვლით.
სს „გაერთიანებული ტელეკომის“ აზრით ზემოაღნიშნული წერილით შპს „მაგთიკომი“ უსაფუძვლოდ აცხადებს უარს სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ ურთიერთჩართვის განხორციელებაზე, რითაც არღვევს მისთვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 04 აპრილის N189/9 გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებს და ამ სფეროში მოქმედ კანონმდებლობას. კერძოდ: შპს „მაგთიკომი“ საკუთარ საკომუტაციო სადგურებში ზემოთ აღნიშნული ნუმერაციის რესურსების გააქტიურებაზე უარს აცხადებს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი არ ეთანხმება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილ ტარიფებს. «ელექტრონული კომუნიკაციების» შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის, «ბ» ქვეპუნქტით ავტორიზებული პირი უფლებამოსილია „თავისი საქმიანობისას, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს ამოწურვადი რესურსით და დაადგინოს საკუთარი ქსელის ელემენტებთან დაშვების და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფები.“ აქედან გამომდინარე, შპს „მაგთიკომი“ არ არის უფლებამოსილი სხვა ოპერატორს მიუთითოს თუ რა ტარიფებით განახორციელოს ავტორიზებულმა პირმა მომსახურების მიწოდება. იმ შემთხვევაში, თუ შპს „მაგთიკომს“ გააჩნია მოსაზრებები რომ ტარიფი არ არის ხარჯზე ორიენტირებული, მას შეუძლია მიმართოს კომისიას აღნიშნული მოთხოვნით, მაგრამ ეს ფაქტიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ აძლევს მას უფლებას საკითხის გარკვევამდე უარი განაცხადოს რესურსების გააქტიურებაზე.
მოთხოვნები:
1. დაევალოს შპს „მაგთიკომს“ სს «გაერთიანებული ტელეკომის» ნუმერაციის რესურსი _ 870 და 878 მის საკომუტაციო სადგურში გააქტიურება, მარშრუტიზაცია სს «გაერთიანებული ტელეკომის» მიმართულებით და აღნიშნული ნუმერაციის რესურსზე ზარის დასრულებისას ანგარისწორება ისევე, როგორც მობილურზე ურთიერთჩართვის შემთხვევაში - 14.8 თეთრის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით.
2. მიეცეს გაფრთხილება შპს „მაგთიკომს“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 04 აპრილის N189/9 გადაწყვეტილების და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის.
3. წინამდებარე განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომის” განცხადებების საფუძველზე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დაიწყო შპს ”მაგთიკომი” სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. წარმოების დაწყების შესახებ შპს ”მაგთიკომს” შეტყობინებით ეცნობა იმავე დღეს - 2009 წლის 17 მარტს. მხარეს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 19 თებერვალს კომისიაში შემოვიდა შპს „მაგთიკომის“ განცხადება N6/716-09. აღნიშნული განცხადებით შპს „მაგთიკომი“ ითხოვს საკითხის განხილვის გადადებას იმ მოტივით, რომ საკითხის განხილვის პროცესში აუცილებელი მასალებისა და კომპანიის მოსაზრებების წარმოსადგენად შპს „მაგთიკომს“ ესაჭიროება ერთკვირიანი ვადა.
საკითხის განხილვა გაიმართა 2008 წლის 20 მარტის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”მაგთიკომი”-ს და სს ”გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენლები. კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებულ იქნა შპს „მაგთიკომის“ შუამდგომლობა საკითხის გადადების თაობაზე. სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იგი არ არის წინააღმდეგი საკითხის გადადების, თუმცა მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ ვერ იქნება წარმოდგენილი იმაზე მეტი მტკიცებულება, რაც თანდართული აქვს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადებას.
კომისია აღნიშნავს, რომ მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომი“-ს შუამდგომლობა და საკითხის განხილვა გადაიდოს 2009 წლის 27 მარტისთვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ შუამდგომლობა და საკითხის განხილვა გადაიდოს 2009 წლის 27 მარტის 16:00 საათზე;
2. შპს „მაგთიკომი“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომი“ სხდომის თარიღის, დროის და მისამართის თაობაზე გაფრთხილდნენ კომისიის 2009 წლის 20 მარტის სხდომაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის დაინტერესებული მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრი
სხდომის თავმჯდომარე ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ.ნონიკაშვილი
