შპს ”გორდას” სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2009
მიღების თარიღი მარტი 20, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წერილობით აცნობოს კომისიას ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გორდამ” კომისიას მიმართა განცხადებით (10.02.2009წ.) და წარმოუდგინა შპს ”გორდას” დამფუძნებელთა კრების ოქმი (N13,19.11.2008წ.), რომლის შესაბამისადაც, განხორციელდა ცვლილება შპს ”გორდას” სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში, კერძოდ შპს ”გორდას” პარტნიორმა გიორგი წიქარაძემ 34% წილის მფლობელმა კუთვნილი წილი სრულად დაუთმო საზოგადოების პარტნიორს და 33% წილის მფლობელს გივი მამუკელაშვილს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”გორდა” არის სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი და ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ლიცენზიას: № B83.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში და შპს „გორდას” პარტნიორთა სიიდან ამოღებულ იქნას 34% წილის მფლობელი გიორგი წიქარაძე;
2. შევიდეს ცვლილება კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში და შპს „გორდას” 67% წილის მესაკუთრედ განისაზღვროს გივი მამუკელაშვილი;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
