შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” შპს ”მაკროკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2009
მიღების თარიღი იანვარი 27, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინმა” განცხადებით მიმართა კომისიას, შპს ”მაკროკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში, შპს ”კავკასუს ონლაინი” იუწყება, შპს ”მაკროკომს” ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 9267.32 ლარის ოდენობით, შპს ”კავკასუს ონლაინის” სასარგებლოდ. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, განმცხადებელმა მხარემ მიმდინარე წლის 30 სექტემბერს №1/970 წერილით მიმართა შპს ”მაკროკომს”, რაც ამ დრომდე დაკმაყოფილებული არაა.
მოთხოვნები:
1. კომისიამ დაავალოს შპს ”მაკროკომს” ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ დავალიანების დაფარვა;
2. ზემოაღნიშნლი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დავალიანების არსებობის გამო, კომისიამ განმცხადებელ მხარეს მისცეს თანხმობა შპს ”მაკროკომთან” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერების თაობაზე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული განცხადება გადაეგზავნა შპს ”მაკროკომს” და ეცნობა მას, როგორც დაინტერესებულ მხარეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული უფლებები.
აღნიშნულ საკითხზე, 2009 წლის 27 იანვარს, კომისიაში ჩატარდა სხდომა, რომელზეც მოხდა საქმის არსებითი განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან გ. ჭელიძე, ხოლო შპს ”მაკროკომის” მხრიდან ლ. გელანტია და ე.მაისურაძე. აღნიშნულ სხდომაზე გაირკვა, რომ მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება სადაო საკითხებზე და მხარეები შეთანხმდნენ დავალიანების დაფარვის გრაფიკზე, რაც დასტურდება სხდომაზე წარმოდეგნილი, მოდავე მხარეების მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი მხარე ითხოვს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას, ვინაიდან უარს აცხადებს განცხადებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონილი კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”კავკასუს ონლაინის” 2008 წლის 31 ოქტომბრის №10/930 განცხადებაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების დაინტერესებული პირებისთვის გადაგზავნა;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის შპს ”კავკასუს ონლაინისათვის” ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებლები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
