წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უწყებრივი რეესტრების წარმოების შესახებ

ნომერი: 156 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2009

მიღების თარიღი მარტი 20, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისია აწარმოებს შემდეგ უწყებრივ რეესტრებს:

ა) რადიოსიხშირის მინიჭების უწყებრივ რეესტრს;

ბ)  ლიცენზიების უწყებრივ  რეესტრს;

გ)  ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უწყებრივ რეესტრებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მიანიჭოს კომისიაში არსებული ლიცენზიებისა და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრების წარმოებისა და მათში მონაცემების შეტანის უფლებამოსილება, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, ხოლო რადიოსიხშირეების მინიჭების უწყებრივი რეესტრის წარმოების უფლებამოსილება, რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილების გადამოწმების მიზნით, ლიცენზიებისა და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრების მწარმოებელმა, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უნდა მოიპოვოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის დადებითი დასკვნა.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 32-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) და ზ) ქვეპუნქტების შესაბამისად,კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს კომისიაში არსებული ლიცენზიებისა და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრების წარმოებისა და მათში მონაცემების შეტანის უფლებამოსილება კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს;

2.  მიენიჭოს კომისიაში არსებული რადიოსიხშირეების მინიჭების უწყებრივი რეესტრის წარმოების უფლებამოსილება, რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს.

3.  უზრუნველყონ კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტებმა კომისიაში არსებულ უწყებრივ რეესტრებში მონაცემების შეტანა მხოლოდ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ.

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს (ი.ხარებავა);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

კომისიის წევრი

სხდომის თავმჯდომარე                                                      ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                     კ.კვიტაიშვილი

                        კომისიის წევრი                                                                     ა.სიხარულიძე

                        კომისიის წევრი                                                                     ი.მოსეშვილი

                        კომისიის წევრის

                        მოვალეობის შემსრულებელი                                             ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები