ერთი მხრივ, შპს “ბროდბანდ 4 იუ”-სა და მეორე მხრივ, შპს ”ახალ ქსელებს” შორის დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2009
მიღების თარიღი მარტი 27, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს “ბროდბანდ 4 იუ”-მ 2009 წლის 12 მარტს განცხადებით მიმართა კომისიას, შპს ”ახალი ქსელებთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს “ბროდბანდ 4 იუ” აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელებისადმი” გაგზავნილ იქნა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით მიმართვა, რომელზეც შპს ”ახალი ქსელების” მხრიდან არავითარი რეაგირება არ მომხდარა.
მოთხოვნა:
განმცხადებელ მხარესთან ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების გაფორმება.
აღნიშნულ საკითხზე, 2009 წლის 27 მარტს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: “ბროდბანდ 4 იუ”-ს მხრიდან ს. ჰუბერტი და გ. რობაქიძე, ხოლო შპს ”ახალი ქსელების” მხრიდან - ნ. ჟღენტი.
აღნიშნულ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი მხარის მხრიდან მოხდებოდა შპს ”ახალი ქსელების” მიერ გამოქვეყნებულ ოფერტაზე უპირობო აქცეპტის დასმა. აღნიშნულ სხდომაზევე გაირკვა, რომ მხარეებს შორის მოხდა სადაო საკითხზე შეთანხმება და მხარეებმა იშუამდგომლეს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან, განმცხადებელი უარს ამბობს განცხადებაზე, ხოლო მოპასუხე მხარემ ცნო მოთხოვნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონილი კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს “ბროდბანდ 4 იუ”-სა და შპს ”ახალი ქსელებს” შორის დავაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისათვის გაგზავნა;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
წევრები: ა. სიხარულიძე
ზ. ნონიკაშვილი
ი. მოსეშვილი
