სს „გაერთიანებული ტელეკომის“ 2009 წლის 13 მარტის განცხადების განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2009
მიღების თარიღი აპრილი 03, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (13.03.2009 №6/659-09) მიმართა სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” შპს „მაგთიკომის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევასთან დაკავშირებით; კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ გადაწყვიტა მობილური კავშირის მომსახურების განხორციელება CDMA-850 ტექნოლოგიით. შპს “მაგთიკომის”, აგრეთვე სხვა ავტორიზებული პირების სახელზე 2008 წლის 23 ოქტომბერს გაგზავნილ იქნა N8-15/1273 წერილი. აღნიშნული წერილით, კომპანია ითხოვდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ნუმერაციის რესურსის - 870 და 878 გააქტიურებას მათ საკომუტაციო სადგურებში და მარშრუტიზაციას სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართულებით. ამავე წერილში სს „გაერთიანებული ტელეკომი“ შპს „მაგთიკომს“ ატყობინებდა, რომ აღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე ურთიერთჩართვისას ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო მობილური სატელეფონო მომსახურების ურთიერთჩართვის ფარგლებში.
2009 წლის 09 იანვარს შპს „მაგთიკომის“, აგრეთვე სხვა ავტორიზებული პირების სახელზე, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ, კვლავ იქნა გაგზავნილი 2008 წლის 23 ოქტომბრის N8-15/1273 წერილის შინაარსის მსგავსი N8-15/21 წერილი. აღნიშნულ წერილში, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ გამოთქვამდა მზადყოფნას ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაზე.
2009 წლის 09 იანვარს N8-15/21 წერილის პასუხად, შპს „მაგთიკომის“ მიერ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სახელზე გაგზავნილ იქნა 2009 წლის 17 თებერვლის N09/030 წერილი. შპს “მაგთიკომის” განცხადებით, სს “გაერთიანებული ტელეკომი”, 870 და 878 ნუმერაციის რესურსის გამოყენებით მობილური კავშირის მომსახურების განხორციელებას გეგმავს CDMA-850 ტექნოლოგიით. ამავე დროს, ამ ტექნოლოგიით შექმნილი ქსელით, სს “გაერთიანებული ტელეკომი” უკვე ახორციელებს სახლის უსადენო ტელეფონებით ფიქსირებულ მომსახურებას. ამ შემთხვევაში, აბონენტებთან ზარის დასრულების (ურთიერთჩართვის) ტარიფი შეადგენს 4 თეთრს. შპს “მაგთიკომის” აზრით, ერთი და იგივე ქსელში (CDMA-850) ზარის დასრულების სხვადასხვა საფასურის დადგენა აბონენტისათვის მიწოდებული საცალო მომსახურების სახეების მიხედვით, ეწინააღმდეგება «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რომლის მიხედვით ურთიერთჩართვა არადისკრიმინაციული დაშვებით უნდა განხორციელდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “მაგთიკომი” აცხადებს, რომ თანახმაა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე ან არსებულში ცვლილებების შეტანაზე იმ პირობების გათვალისწინებით, რომ ნუმერაციის რესურსზე - 870 და 878, ზარის დასრულების საფასური იქნება 4 თეთრი, დღგ-ს ჩათვლით.
სს „გაერთიანებული ტელეკომის“ აზრით, ზემოაღნიშნული წერილით, შპს „მაგთიკომი“ უსაფუძვლოდ აცხადებს უარს სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ ურთიერთჩართვის განხორციელებაზე, რითაც არღვევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 04 აპრილის N189/9 გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებს და ამ სფეროში მოქმედ კანონმდებლობას. კერძოდ: შპს „მაგთიკომი“ საკუთარ საკომუტაციო სადგურებში ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსების გააქტიურებაზე უარს აცხადებს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი არ ეთანხმება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ ამ ნუმერაციის რესურსით გასაწევ მომსახურებაზე დადგენილ ტარიფებს. «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, ავტორიზებული პირი უფლებამოსილია „თავისი საქმიანობისას, ამ კანონით დადგენილი წესით, ისარგებლოს ამოწურვადი რესურსით და დაადგინოს საკუთარი ქსელის ელემენტებთან დაშვების და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფები.“ აქედან გამომდინარე, შპს „მაგთიკომი“ არ არის უფლებამოსილი სხვა ოპერატორს მიუთითოს თუ რა ტარიფებით განახორციელოს ავტორიზებულმა პირმა მომსახურების მიწოდება. იმ შემთხვევაში, თუ შპს „მაგთიკომს“ გააჩნია მოსაზრებები, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ტარიფი არ არის ხარჯზე ორიენტირებული, მას შეუძლია მიმართოს კომისიას აღნიშნული ტარიფების ხარჯებზე ორიენტირებულობის თვალსაზრისით კვლევისა და ანალიზის დაწყების მოთხოვნით, მაგრამ ეს ფაქტიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ აძლევს მას უფლებას, საკითხის გარკვევამდე უარი განაცხადოს რესურსების გააქტიურებაზე და სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ ურთიერთჩართვის განხორციელებაზე.
მოთხოვნები:
1. დაევალოს შპს „მაგთიკომს“ სს «გაერთიანებული ტელეკომის» ნუმერაციის რესურსის - 870 და 878, მის საკომუტაციო სადგურში გააქტიურება, მარშრუტიზაცია სს «გაერთიანებული ტელეკომის» მიმართულებით და აღნიშნული ნუმერაციის რესურსით ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა, ხოლო ზარის დასრულებისას ანგარისწორება ისევე, როგორც მობილური ურთიერთჩართვის შემთხვევაში - 14.8 თეთრის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით.
2. მიეცეს გაფრთხილება შპს „მაგთიკომს“, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 04 აპრილის N189/9 გადაწყვეტილებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის.
3. წინამდებარე განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომის” განცხადებების საფუძველზე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დაიწყო შპს ”მაგთიკომი” სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. წარმოების დაწყების შესახებ, შპს ”მაგთიკომს” შეტყობინებით ეცნობა იმავე დღეს - 2009 წლის 17 მარტს. შპს „მაგთიკომს“ ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 19 თებერვალს კომისიაში შემოვიდა შპს „მაგთიკომის“ განცხადება N6/716-09. აღნიშნული განცხადებით შპს „მაგთიკომი“ ითხოვს საკითხის განხილვის გადადებას იმ მოტივით, რომ საკითხის განხილვის პროცესში აუცილებელი მასალებისა და კომპანიის მოსაზრებების წარმოსადგენად, შპს „მაგთიკომს“ ესაჭიროება ერთკვირიანი ვადა.
საკითხის განხილვა გაიმართა 2008 წლის 20 მარტის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”მაგთიკომი”-ს და სს ”გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენლები. კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებულ იქნა შპს „მაგთიკომის“ შუამდგომლობა, საკითხის გადადების თაობაზე. სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იგი არ არის წინააღმდეგი საკითხის გადადების, თუმცა მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ ვერ იქნება წარმოდგენილი იმაზე მეტი მტკიცებულება, რაც თანდართული აქვს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადებას.
კომისია აღნიშნავს, რომ მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, კომისიის 2009 წლის 20 მარტის N140/16 გადაწყვეტილებით, საკითხის განხილვა გადაიდო 2009 წლის 27 მარტისთვის, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის სხდომაზევე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 27 მარტის კომისიის სხდომაზე, შპს „მაგთიკომი“-ს წარმომადგენლის მიერ კომისიაში, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადებაზე ახსნა-განმარტების ნაცვლად, წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ კომისიაში უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომის“ სანქცირებასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ 870 და 878 სამნიშნა ნუმერაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით, სახეზეა ორ ოპერატორს შორის შეუთანხმებლობა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობაზე - ურთიერთჩართვის ტარიფზე, ვინაიდან სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ითხოვს შპს „მაგთიკომისგან“ 870 და 878 ნუმერაციის რესურსზე ზარის დასრულების საფასურს - 14,8 თეთრის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით, ხოლო შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ ზარის დასრულების ტარიფი უნდა შეადგენდეს 4 თეთრს, რადგან სს „გაერთიანებული ტელეკომი“, უკვე ახორციელებს სახლის უსადენო ტელეფონით მომსახურებას და სხვა ოპერატორის ქსელიდან სს „გაერთიანებული ტელეკომის“ CDMA-850 ქსელის აბონენტებთან ზარის დასრულების (ურთიერთჩართვის) ტარიფი შეადგენს 4 თეთრს. შესაბამისად, შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ ერთი და იგივე ქსელის ფარგლებში (CDMA-850), ზარის სხვადასხვა საფასურის დადგენა აბონენტებისთვის მიწოდებული საცალო მომსახურების სახეების მიხედვით, ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც, ურთიერთჩართვა არადისკრიმინაციული ტარიფით უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, შპს „მაგთიკომმა“ აცნობა თანხმობა სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე ან არსებულში ცვლილების შეტანაზე იმ პირობით, რომ ნუმერაციის რესურსზე 870 და 878, ზარის დასრულების საფასური იქნებოდა 4 თეთრი დღგ-ს ჩათვლით.
შპს „მაგთიკომი“, განცხადებაში, კომისიისგან ითხოვს სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენას შემდეგ პირობებზე:
1.ურთიერთჩართვის მომსახურების საფასური 870, 878 სამნიშნა ნუმერაციის რესურსზე, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ქსელში ზარის დასრულებისთვის;
2. ქ.ქუთაისში ურთიერთჩართვის წერტილის განსაზღვრა;
3. სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ქსელში დასრულებული ზარის ტრანზიტული გატარების საფასური;
კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „მაგთიკომი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება საჭიროებდა დამატებით შესწავლას. ამავე დროს, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მხარეებს მიეცეთ ერთკვირიანი ვადა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გასაფორმებლად ან მოქმედ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში სათანადო ცვლილებების შესატანად.
შესაბამისად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის გადადება 2009 წლის 3 აპრილისთვის.
საკითხის არსებითი განხილვა გაგრძელდა კომისიის 2009 წლის 3 აპრილის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლები.
კომისიის სხდომაზე სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა და მოხსნა შპს „მაგთიკომის“ სანქცირების მოთხოვნა.
საკითხის განხილვის პროცესში მხარეთა მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობებისა და ახსნა-განმარტებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვის შედეგად, კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ 2008 წლის 23 ოქტომბერს და 2009 წლის 9 იანვარს, მიმართა შპს „მაგთიკომს“ და მოითხოვა ნუმერაციის რესურსის - 870 და 878 გააქტიურება შპს „მაგთიკომის“ ქსელში, ხოლო ამ ნუმერაციის რესურსით ურთიერთჩართვისას, ოფერენტ მხარეს აცნობა, რომ ანგარიშსწორება, მობილური სატელეფონო მომსახურების ურთიერთჩართვის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო, ვინაიდან ამ ნუმერაციის რესურსით, კომპანია აპირებდა მობილური სატელეფონო კავშირით მომსახურებას. სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ არანაირი დამატებითი პირობები არ შეუთავაზებია შპს „მაგთიკომი“-სთვის, ანუ განაცხადა უპირობო აქცეპტი შპს „მაგთიკომის“ მოწვევის ოფერტაზე;
2. სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ გავლილი აქვს ავტორიზაცია კომისიაში სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო მომსახურებაზე, მათ შორის მობილურ საკომუნიკაციო მომსახურებაზე (ქსელით უზრუნველყოფა და მომსახურების მიწოდება);
3. სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N95 და N96 ლიცენზიებს, ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F11 ლიცენზიას, მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად.
4. შპს „მაგთიკომს“, კომისიის ოფიციალურ გვერდზე, ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნებული აქვს ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა);
5. შპს “მაგთიკომი“ ”ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე“ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილებით, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძლაუფლების მქონე ავტირზებულ პირად და მას დაკისრებული აქვს ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება.
6. შპს „მაგთიკომმა“ უარი განუცხადა სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ 870 და 878 ნუმერაციის რესურსით ურთიერთჩართვის განხორციელებაზე, ზარის დასრულების სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ დადგენილი ტარიფით და თანხმობა განაცხადა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე ან მოქმედში ცვლილების შეტანაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნუმერაციის რესურით - 870 და 878, მომსახურების ზარის დასრულების ტარიფი, იქნებოდა 4 თეთრი დღგ-ს ჩათვლით;
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი უფლებამოსილია დაადგინოს საკუთარი ქსელის ელემენტებთან დაშვების და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფები; შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით ან/და მათ გარეშე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების საცალო და საბითუმო მიმწოდებელი, თავად ადგენს მის მიერ გაწეული მოსახურების ტარიფებს და მხოლოდ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კონკრეტულ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირები არიან ვალდებულები, მათ მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები შეუსაბამონ, კომისიის მიერ დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გამომდინარე იქიდან, რომ მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ არ წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, იგი არ არის შეზღუდული თვითონ დაადგინოს საკუთარი ქსელის ელემენტებთან დაშვებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფები, მათ შორის ზარის დასრულების ტარიფი.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, მე-2 მუხლის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება; ამავე დროს, შპს “მაგთიკომი“ ”ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე“ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილებით, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძლაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად და მას დაკისრებული აქვს ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, რომელიც ფლობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, ვალდებულია უზრუნველყოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების მსურველმა ავტორიზებულმა პირმა თავის განაცხადში ცხადად უნდა ასახოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტით) განსაზღვრული პირობების უპირობო აქცეპტი და მის მიერ ურთიერთჩართვის მოთხოვნის შემთხვევაში საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების არსებითი პირობები, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, განაცხადის მიღების თარიღიდან 30 დღის ვადაში შეთანხმდნენ და გააფორმონ ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მისი ასლი უნდა წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
ამავე დროს, კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე და კომისია უფლებამოსილია მხარეებს შორის დაადგინოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მაგთიკომი“ ”ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე“ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილებით, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძლაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად. გამომდინარე იქიდან, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ, განხორციელდა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძლაუფლების მქონე ავტირზებული პირის, ამ შემთხვევაში შპს „მაგთიკომი“-ს ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადებაზე (მოწვევის ოფერტაზე) უპირობო აქცეპტი, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომი“ ვალდებულია გაუფორმოს ამ უკანასკნელს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება ან შეიტანოს სათანადო ცვლილებები მოქმედ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში, 870 და 878 სამნიშნა ნუმერაციის რესურსის შპს ”მაგთიკომის” ელექტრონულ სატელეკომუნიკაციო ქსელში გააქტიურებით. ამასთან, სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ შპს „მაგთიკომს“ უნდა წარუდგინოს ყველა ის დოკუმენტაცია, რაც გათვალისიწნებულია შპს „მაგთიკომის“ მოწვევის ოფერტით ხელშეკრულების გასაფორმებლად; კერძოდ, კომისიის მიერ გაცემული ავტორიზაციის მოწმობის ასლი, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი, ნუმერაციის ან სიხშირული რესურსის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის ასლი, აგრეთვე ხელშეკრულების შესრულების გარანტია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მოთხოვნა შპს „მაგთიკომთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე ან არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, 870 და 878 სამნიშნა ნუმერაციის რესურსის შპს ”მაგთიკომის” ელექტრონულ სატელეკომუნიკაციო ქსელში გააქტიურებით, თანახმად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტისა და 34-ე მუხლის მე-4 პუნქტისა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე და კომისია უფლებამოსილია, მხარეებს შორის დაადგინოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მაგთიკომს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული არათუ დავა, მოლაპარაკებებიც არ დაწყებულა, (შპს „მაგთიკომის“ მიერ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ უპირობო აქცეპტის არ მიღებისა და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ უპირობო აქცეპტზე დასართავი დოკუმენტაციის შპს „მაგთიკომი“-სთვის წარმოუდგენლობის გამო) კომისიას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა, სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ამ ეტაპზე კომისია არ არის უფლებამოსილი დაადგინოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები, შპს „მაგთიკომსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით, ვინაიდან სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ ვერ იქნა დასაბუთებული წინამდებარე გადაწყვეტილების გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, განუმარტოს შპს „მაგთიკომს“, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით ან/და მათ გარეშე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების საცალო და საბითუმო მიმწოდებელი, თავად ადგენს მის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფებს და მხოლოდ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კონკრეტულ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირები არიან ვალდებულები, მათ მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები შეუსაბამონ, კომისიის მიერ დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ამავე დროს, მიზანშეწონილია განემარტოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, რომ უპირობო აქცეპტის გაკეთებისას, სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ უნდა წარუდგინოს მომსახურების გამწევ პირს, შპს „მაგთიკომს“, ამ უკანასკნელის მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის შესაბამისად გათვალისწინებული დოკუმენტაცია სრულყოფილად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 და მე-5 პუნქტების, 41-ე და 42-ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.დაკმაყოფილდეს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” დაზუსტებული მოთხოვნა, ნაწილობრივ;
2. დაევალოს შპს ”მაგთიკომს”, სს ”გაერთიანებული ტელეკომის” 2009 წლის 23 ოქტომბრის და 2009 წლის 9 იანვრის მიმართვების (უპირობო აქცეპტის) საფუძველზე, გაუფორმოს ამ უკანასკნელს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება ან შეიტანოს სათანადო ცვლილებები სს ”გაერთიანებულ ტელეკომსა” და შპს ”მაგთიკომს” შორის გაფორმებულ და მოქმედ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში, 870 და 878 სამნიშნა ნუმერაციის რესურსის შპს ”მაგთიკომის” ელექტრონულ სატელეკომუნიკაციო ქსელში გააქტიურებით, შპს „მაგთიკომი“-სთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, ამავე გადაწყვეტილებაში განსაზღვრული განმარტებების შესაბამისად;
3. განემარტოს შპს ”მაგთიკომს”, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით ან/და მათ გარეშე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების საცალო და საბითუმო მიმწოდებელი, თავად ადგენს მის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფებს და მხოლოდ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კონკრეტულ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირები არიან ვალდებულები, მათ მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები შეუსაბამონ კომისიის მიერ დადგენილ ზედა ზრვრულ ტარიფებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
4. განემარტოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, რომ უპირობო აქცეპტის გაკეთებისას, სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ უნდა წარუდგინოს მომსახურების გამწევ პირს, ამ უკანასკნელის მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის შესაბამისად, გათვალისწინებული დოკუმენტაცია სრულყოფილად.
5. სს ”გერთიანებული ტელეკომის” 2009 წლის 13 მარტის N6/659-09 განცხადების იმ ნაწილში, სადაც სს ”გერთიანებული ტელეკომი” ითხოვს შპს ”მაგთიკომის” სანქცირებას, ადმინისტრაციული წარმოება შეწყდეს;
6. უარი ეთქვას სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ წინამდებარე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე;
7.უარი ეთქვას ამ ეტაპზე შპს „მაგთიკომს“, სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენაზე;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების განმცხადებლისა და დაინტერესებული პირისათვის გაგზავნა;
9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
11. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ.ნონიკაშვილი
