წვდომის მენიუ

შპს ”რადიო ევროპა პლიუს თბილისის” №B54 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2004 წლის 2 ივლისის №313/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 181 / 23

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2009

მიღების თარიღი აპრილი 03, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№7/63-09) მიმართა შპს ,,რადიო ევროპა პლიუს თბილისმა” და მოითხოვა მისი კუთვნილი №B54 ლიცენზიით (კერძო საეთერო რადიომაუწყებლობა; საერთო რადიომაუწყებლობა) განსაზღვრული სამაუწყებლო სიხშირის FM99.6 მჰც, შეცვლა კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირით, ხელმისაწვდომობის ფარგლების გაზრდის უზრუნველსაყოფად.

   განცხადებასთან დაკავშირებით, წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნა, რომლის  საფუძველზე  შპს ,,რადიო ევროპა პლიუს თბილისის” №B54 ლიცენზიის შესაბამისად, ტექნიკური პარამეტრების შენარჩუნებით, 99.6 მჰც სიხშირის ნაცვლად, შესაძლებელია მიენიჭოს, ქ. თბილისში ამჟამად არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსიდან  99.7 მჰც სიხშირე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე–5 პუნქტის  თანახმად, ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა და მოდიფიცირება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რომლის შესაბამისად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

კომისიამ, იხელმძღვანელა რა, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–2 პუნქტით, რომლის თანახმადაც „იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) აქტით დადგენილი ნორმა’’, დაადგინა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38–ე მუხლი  ნორმა ძალაშია  2004 წლის 23 დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე  მუხლით დადგენილი ნორმა, მიღებულია  უფრო გვიან, ვიდრე ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმა.  შესაბამისად, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის შესაბამისად,

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,რადიო ევროპა პლიუს თბილისის” №B54 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2004 წლის 2 ივლისის №313/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2009 წლის 8 მაისს, 16:00   სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს  ,,რადიო ევროპა პლიუს თბილისი”–სათვის;

5.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილს).

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                   ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                   ზ. ნონიკაშვილი 

კომისიის წევრი                                                                                       კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                       ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                       ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები