წვდომის მენიუ

შპს სტუდია ,,მაესტროს” 2009 წლის 26 მარტის განცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 186 / 23

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2009

მიღების თარიღი აპრილი 16, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია  (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 26 მარტს, კომისიას განცხადებით მიმართა შპს სტუდია ,,მაესტრომ” (№7/97-09), რომელმაც მოითხოვა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა.

    შპს სტუდია ,,მაესტროს” ცნობით, კომპანია ფლობს საერთო საკაბელო მაუწყებლობის №87 ლიცენზიას და სურს ამავე ლიცენზიის ფარგლებში, კაბელით გავრცელებული სამაუწყებლო ბადე გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

  კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ტელე-ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა და მოდიფიცირება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რომლის შესაბამისად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოდადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

  კომისიამ იხელმძღვანელა რა, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქარტველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის თანახმადაც ,,იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) აქტით დადგენილი ნორმა”, დაადგინა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლი ძალაშია 2004 წლის 23 დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლით დადგენილი ნორმა, მიღებულია უფრო გვიან, ვიდრე ,,მაუწყებლონის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმა. შესაბამისად, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

  ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 115-ე მუხლის, ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად,            

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სტუდია ,,მაესტროს” 2009 წლის 26 მარტის განცხადების საფუძველზე;

2. შპს სტუდია ,,მაესტროს” 2009 წლის 26 მარტის განცხადების განხილვის მიზნით, ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2009 წლის 22 მაისს 16:00 საათზე, ხოლო  გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე, მიღებულ იქნას 05 ივნისს  16:00 საათზე;

3. გამოქვეყნდეს ზეპირი მოსმენის შესახებ ცნობა საჯარო გაცნობისათვის ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

4. ეცნობოს შპს სტუდია ,,მაესტროს” ამ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (მ. აროშიძე);

5. ეს გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.  რატიშვილი).

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                              ს. ბრიტანჩუკი   

კომისიის წევრი                                                                                      კ. კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                                      ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                     ი. მოსეშვილი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                             ზ. ნონიკაშვილი  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები