წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მომართვის საფუძველზე, ერთი მხრივ, მოქალაქის რ. ნაკუდაიძესა და მეორე მხრივ, სს ”გაერთიანებული ტელეკომს” შორის დავის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინი

ნომერი: 198 / 23

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2009

მიღების თარიღი აპრილი 24, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2009 წლის 10 აპრილს მიმართა (წერილი N9/45-09) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველის სამსახური”) მოთხოვნით, ავტორიზებული პირის - სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  მომხმარებლების (აბონენტების) - რ. ნაკუდაიძისა და დ.ფცქიალაძის სატელეფონო მომსახურების აღდგენის თაობაზე შესულ საჩივარზე, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.

   საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მომართვაში აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ დამცველის სამსახურს მიმართა სს ”გაერთიანებული ტელეკომის”  მომხარებელმა, კერძოდ შესულია:

   მოქალაქეების რ.ნაკუდაიძისა და დ.ფცქიალაძის (მცხოვრებნი. ქ. თბილისი, მუხიანის მე-4ბ მ/რ, კორპ. 26, ბინა 24, ტელ: 644626, ტელ. გაფორმებული რ.ნაკუდაიძის სახელზე) განცხადება (2009 წლის თებერვალი, №9/08-09), რომელშიც იგი სადაოდ ხდის სს ”გაერთიანებული ტელეკომის”  მიერ მათთვის ტელეფონის ნომრის მოხსნისა და კომპანიის მხრიდან ნომრის აღდგენის თანხის, კერძოდ, 140 ლარის გადახდის მოთხოვნის  კანონიერებას;  განმცხადებლების განმარტებით, ისინი ქალაქში არ იმყოფებოდნენ და მათი ბინა დაკეტილი იყო 2008 წლის მარტიდან ნოემბრამდე. თბილისში დაბრუნებისთანავე განმცხადებელმა დაფარა ტელეფონზე დარიცხული დავალიანება, რის შემდეგ განემარტა, რომ ტელეფონის აღსადგენად აუცილებელი იყო 140 ლარის ოდენობის თანხის გადახდა.

   განმცხადებლები განაცხადში აღნიშნავენ, რომ ისინი არ იყვნენ წინასწარ ინფორმირებული სატელეფონო ნომრის მოხსნის თაობაზე და მათთვის სრულიად უცნობი იყო დავალიენების გადაუხდელობის საფუძვლით აბონენტის დაჯარიმებისა და ნომრის მოხსნის პროცედურების შესახებ. მომხმარებლები ასევე აცხადებენ, რომ სათანადო ახსნა-განმარტება აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით კომპანიის ოპერატორებისგანაც არ მიუღიათ. ამასთან, მომხმარებლების განცხადებით, მათ სატელეფონო მომსახურება მიეწოდებოდა საამისოდ აუცილებელი წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.

   საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, საკითხის შესწავლის მიზნით, მიმართა სს ”გაერთიანებული ტელეკომს” , რომლის საპასუხო წერილის თანახმად, ირკვევა, რომ ტელეფონი ნომრით 644626 მოიხსნა 2008 წლის 31 ივლისს 2008 წლის მარტის თვიდან დარიცხული დავალიანების (46.59 ლარი) გადაუხდელობის გამო. სს ”გაერთიანებული ტელეკომის”  განცხადებით, ტელეფონის მოსალოდნელი მოხსნის თაობაზე წერილობითი გაფრთხილება აბონენტს გაეგზავნა 2008 წლის 4 ივლისს, ხოლო წერილი უკან დაბრუნდა 9 ივლისს წარწერით ,,მიმღები ქალაქიდან გასულია.” აღნიშნული დასტურდება კომპანიის მიერ წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით. სს ”გაერთიანებული ტელეკომის” საპასუხო წერილის თანახმად, აბონენტმა დავალიანების თანხა დაფარა 2008 წლის 30 ოქტომბერს. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ რ. ნაკაუდაძის ბინაში ტელეფონის ნომრის 644626 აღდგენა შესაძლებელია, ტელეფონის ხელახლა დადგმის ღირებულების (140 ლარის) გადახდის შემთხვევაში.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიაჩნია, რომ სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” უნდა უზრუნველყოს აბონენტ რ.ნაკუდაიძისთვის სატელეფონო კავშირის აღდგენა 140 ლარის ოდენობით თანხის  გადახდის გარეშე შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ხშირად შემოდის მომხმარებელთა საჩივრები, რომელთა მიხედვით მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებთან დავა განპირობებულია სწორედ მომხმარებელთა არასათანადო ინფორმირებით, როგორც ეს მოხდა მოცემულ შემთხვევაში;

ბ) ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ), დ) და ზ) ქვეპუნქტების შესაბამისად, მომხმარებელს მომსახურების მიმწოდებლისაგან არ მიუღია ინფორმაცია მომსახურების პირობების, მომსახურების მიწოდების შეზღუდვის და შეწყვეტის მიზეზების და, რაც მთავარია,  მომხმარებლის  უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ. აბონენტის მიერ მომსახურების ღირებულების დაგვიანებით გადახდა განპირობებულია სწორედ მისი არაინფორმირებულობით;

გ) აბონენტის არაინფორმირებულობის მიზეზია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულების არარსებობა მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას შორის. აღნიშნული რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ამავე რეგლამენტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტის  თანახმად, უნდა შეიცავდეს მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს.

   საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მოითხოვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება და აღნიშნულ ადმინისტრაციულ წარმოებაში  საზოგადოებრივი დამცველის სამსახური  ჩართულ იქნას მხარედ, მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად;

   კომისია აღნიშნავს, რომ საქმეზე დართული მასალებიდან ირკვევა, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მომხმარებელი და აბონენტია  რ. ნაკუდაიძე და არა დ. ფცქიალაძე. უნდა აღინიშნოს, რომ კომისია განიხილავს ავტორიზებულ პირებსა და მათ მომხმარებლებს შორის წარმოშობილ დავებს. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარედ განისაზღვროს რ. ნაკუდაიძე.

  უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენელი დაეთანხმა კომისიის ზემოაღნიშნულ  პოზიციას.

  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 თავის  შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  დაიწყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2009 წლის 10 აპრილის N9/45-09 მომართვის საფუძველზე, ერთი მხრივ, მოქალაქე რ. ნაკუდაიძესა და მეორე მხრივ, სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის დავის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება;

2. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის სპეციალისტი ე. ჭახრაკია ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას მხარედ - სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მომხმარებლის - მოქალაქე რ. ნაკუდაიძეს ინტერესების დასაცავად, ხოლო მოპასუხედ განისაზღვროს სს ”გაერთიანებული ტელეკომი”;

3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2009 წლის 22 მაისს 16.00  საათზე, შემდეგ მისამართზე:  ქ. თბილისი 0144, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

6.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის  შესაბამისად.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი             ს. ბრიტანჩუკი    

 წევრები:                                                                                                 

კ. კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ზ. ნონიკაშვილი

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები