წვდომის მენიუ

სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულების გამოვლენის შესახებ

ნომერი: 20 / 8

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 17, 2009

მიღების თარიღი იანვარი 30, 2009

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 19 დეკემბრის N745/8  გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიის მისაღებად:

ა) 13XXXX  (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში

- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 20000 (ოცი ათასი) ლარით;

- აუქციონის ბიჯმა შეადგინა  1000 (ათასი) ლარი;

ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2009 წლის 11 იანვრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონების  ჩატარების თარიღად -  2009 წლის 30 იანვრის 13:00  საათი;   გამომდინარე იქიდან, რომ ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღი, 11 იანვარი, დაემთხვა უქმე დღეს - კვირას, საბუთების მიღების ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეს - 12 იანვარს, საქართველოს სამოქალაო კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც: ”თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე.”

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:

ა) შპს ”ახალი ქსელები” – 05.01.2009 N11/01-09;

ბ) შპს ”ვანექსი” -  09.01.2009 №11/02-09;

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონი გაიმართა 2009 წლის 30 იანვრის კომისიის სხდომაზე.

აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად ჩატარდა წილისყრა  კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად: შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №2, შესაბამისად, შპს ”ვანექსი”-ს წარმომადგენელს წილად ხვდა №1.   პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 20,000 ლარს + ერთი ბიჯი, 1000 ლარი) დააფიქსირა შპს ”ვანექსი”-ს წარმომადგენელმა. შემდეგ კიდევ ერთი ბიჯი დაამატა შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელმა. მე-3 ბიჯის დასახელებაზე შპს „ვანექსის“ წარმომადგენელმა უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 2 (ორი) ბიჯი, სულ 22,000.00 (ოცდაორი ათასი) ლარი დააფიქსირა შპს “ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელმა.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ახალი ქსელები” ქ.თბილისში 13XXXX  (სულ 10000 სააბონენტო ნომერი)  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 22,000.00 (ოცდაორი ათასი) ლარი.

2.  უზრუნველყოს შპს ”ახალმა ქსელებმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 6,600.00 – (ექვსი ათას ექვსასი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2,000.00 (ორი ათასი) ლარი ანუ 4,600.00 (ოთხი ათას ექვსასი) ლარის გადახდა 2009 წლის 1 მარტამდე  საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (15,400.00 - თხუთმეტი ათას ოთხასი ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;  

4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.  კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებულის  მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის  პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

8.  დაევალოს კომისიის აპარატის  სამართლებრივ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

10. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს  (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                 ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                 ზ.ნონიკაშვილი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                 კ.კვიტაიშვილი                                  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები