წვდომის მენიუ

სს ”ინფოჯორჯია XXI” -სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ

ნომერი: 202 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2009

მიღების თარიღი აპრილი 24, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (01.04.2009 №7/112-08) მიმართა სს ”ინფოჯორჯია XXI”-მა ციფრების ორნიშნა კომბინაციის - 09 ნუმერაციის რესურსის ხელახალი ვადით მინიჭებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №214/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი - 09 (ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2009 წლის - 11 მაისამდე ქ.თბილისში;

   სს ”ინფოჯორჯია XXI” ახორციელებს აბონენტების საცნობარო მომსახურებას საყოფაცხოვრებო, საქმიან, პროფესიულ და ინტელექტუალურ სფეროში.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის..

გამომდინარე იქედან, რომ სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, ციფრების ორნიშნა კომბინაციით - 09 (ნული-ცხრა),  სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, განმეორებით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს სს”ინფოჯორჯია XXI”-ს ნუმერაციის რესურსი 0-9 (ნული-ცხრა) ქ.თბილისში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს ნუმერაციის რესურსი - 0-9 (ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2009 წლის - 24 აპრილიდან,  2010 წლის 24აპრილამდე, ქ.თბილისში;

2. სს”ინფოჯორჯია XXI” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში სს”ინფოჯორჯია XXI”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის სს”ინფოჯორჯია XXI”-სთვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

         კომისიის თავმჯდომარის

         მოვალეობის შემსრულებელი                                                                        ს.ბრიტანჩუკი

         კომისიის წევრის

         მოვალეობის შემსრულებელი                                                                        ზ.ნონიკაშვილი

         კომისიის წევრი                                                                                                კ.კვიტაიშვილი

         კომისიის წევრი                                                                                                ა.სიხარულიძე

         კომისიის წევრი                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები