წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 და 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 211 / 23

გამოქვეყნების თარიღი მაისი 08, 2009

მიღების თარიღი მაისი 01, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა” 2008 წლის 18 დეკემბერს განცხადებით მიმართა  კომისიას (№1483), სს ”გაერთიანებულ ტელეკომთან” დავის  განხილვის მოთხოვნით. კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”კავკასიის ციფრული ქსელი” აღნიშნავს, რომ სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების დარღვევით, გაზარდა ქსელის ელემენტებთან დაშვებისათვის აუცილებელი თანალოკაციის ფართის ფასი და 2008 წლის ნოემბრიდან მოახდინა დარიცხვა განმცხადებელი კომპანიის მიმართ ახალი ფასით -  1კვ/მ-ზე  - 600 ლარის ოდენობით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2009 წლის 13 თებერვალს კომისიაში შემოსულია შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” განცხადება  №1510 (კომისიაში რეგისტრაციის №6/334-09), რომელშიც განმცხადებელი მოითხოვს კომისიის მიერ გამოკვლეული იქნას და დადგინდეს, როგორც ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო მომსახურების სახესთან მჭიდროდ დაკავშირებულ თანალოკაციის ფართთან დაშვების მომსახურების ზღვრული ტარიფი, ასევე სახაზო-საკაბელო სააბონენტო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მომსახურებასთან მჭიდროდ დაკავშირებული მომსახურების - თანალოკაციის ფართთან დაშვების მომსახურების ზღვრული ტარიფიც, რადგან ხორცილედება მათი დაშვების შეზღუდვა, სს ”გაერთიანებული ტელეკომის” დადგენილი ტარიფებით. 

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინმა”  2009 წლის 13 აპრილს, №1/343 წერილით კომისიიდან გამოითხოვა შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” 2009 წლის 13 თებერვლის №1510 განცხადების ასლი და  ადმინისტრაციული წარმოების მასალები თანალოკაციის ფართთან დაშვების მომსახურების ტარიფებთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 და 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებებით, მინიმალური ჩარევის პრინციპიდან გამომდინარე, სპეციფიკური ვალდებულებების განსაზღვრისას, დარეგულირდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ თანალოკაციის ფართთან დაშვების პირობები, კერძოდ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-8, მე-10 და მე-12 პუნქტებით და კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9  გადაწყვეტილებების მე-8 და მე-10 პუნქტებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის სპეციფიკური ვალდებულებების დადგენის შედეგად, ამ პირების მიერ მოხდა ე.წ. ”მოწვევის ოფერტების” საჯაროდ გამოქვეყნება, რომლებშიც, სხვა პირობებთან ერთად, აისახა თანალოკაციის ფართით სარგებლობის პირობებიც. მიუხედავად კომისიის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა, კომისიაში წარმოდგენილია განცხადებები კონკურენციის შეზღუდვის შესახებ სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ, რაც ცხადყოფს, რომ ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო  ბაზრის სეგმენტზე, ისევე, როგორც სახაზო-საკაბელო სპილენძის სააბონენტო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მომსახურების ბაზარზე ჩამოყალიბებული მდგომარეობა საჭიროებს შემდგომ რეგულირებას, კერძოდ ბაზრის ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  პირებისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტებას, საბაზრო ძალაუფლების ფაქტობრივი გამოყენების ხასიათიდან გამომდინარე თანალოკაციის ფართით სარგებლობის ნაწილში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 და 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების თანალოკაციის ფართით სარგებლობის ნაწილში დაკონკრეტების მიზნით;

2. თანალოკაციის ფართთან დაშვების მომსახურების მიმწოდებელმა  ავტორიზებულმა პირებმა 2009 წლის  22 მაისამდე წარმოადგინონ კომისიაში კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 და 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებებით დადგენილი ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან დაკავშირებული თანალოკაციის ფართთან დაშვების შესაბამისი ტარიფების გაანგარიშებები;

3. დანახარჯების განაწილება და თანალოკაციის ფართთან დაშვების მომსახურების ტარიფების გაანგარიშებები ავტორიზებულმა პირებმა განახორციელონ ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების შესახებ” კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5  დადგენილების შესაბამისად;

4. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2009 წლის  5   ივნისს 16:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

5.  გადაწყვეტილების ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია).

7. გადაწყვეტილება ძალაშია მისი კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნების მომდევნო სამუშაო დღიდან.

კომისიისთვმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                     ს. ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                                              ა. სიხარულიძე  

კომისიის წევრი                                                                                              კ.კვიტაიშვილი  

კომისიის წევრის მ.შ.                                                                                     ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრი                                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები