სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” შპს ”ინფოტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009
მიღების თარიღი იანვარი 30, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, და მოითხოვა შპს ”ინფოტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”ინფოტელს” მათ მიმართ 2008 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 78,060.00 (სამოცდათვრამეტი ათას სამოცი) ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „გაერთანებულ ტელეკომსა“ და შპს „ინფოტელს“ შორის 2007 წლის 5 ივნისს გაფორმდა შეთანხმების ოქმი, რომლის შესაბამისადაც, შპს „ინფოტელი“ აღიარებდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ არსებულ დავალიანებას 71, 201.24 (სამოცდათერთმეტი ათას ორას ერთი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარის ოდენობით და კისრულობდა დავალიანების დაფარვის ვალდებულებას, შეთანხმებაში მოცემული გრაფიკის შესაბამისად, 2007 წლის 30 ნოემბრამდე. ამასთან, შპს „ინფოტელს“, ამ პერიოდის განმავლობაში გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახადთან ერთად უნდა გადაეხადა მიმდინარე მომსახურების გადასახადები, კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადებში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს «ინფოტელის» მიერ არ იქნა შესრულებული მხარეთა შორის 2007 წლის 5 ივნისს გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც, მისმა დავალიანებამ 2008 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 78,060.00 (სამოცდათვრამეტი ათას სამოცი) ლარი. აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებული არ არის სს «გაერთიანებული ტელეკომის» მიერ შპს «ინფოტელისთვის» 2008 წლის 31 ოქტომბრამდე დარიცხული საურავები და ჯარიმები. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის 2007 წლის პირველ აგვისტოს გაფორმებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომელიც დღემდე მოქმედია.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 30 იანვრის სხდომაზე. სხდომის გამართვის შესახებ 2009 წლის 22 იანვარს ეცნობათ სს „გაერთაინებულ ტელეკომს“ და შპს „ინფოტელს“ (22.01.2009 N03/52-09; N03/53-09), შპს „ინფოტელს“ ასევე ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული არგუმენტაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 28 იანვრამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე შპს „ინფოტელი“-ს მიერ სრულად იქნა აღიარებული სს „გაერთიანებულ ტელეკომის“ წინაშე არსებული დავალიანება. შპს „ინფოტელმა“ დავალიანების დაფარვის მზადყოფნა განაცხადა, სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ინფოტელმა“ კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა სხდომის გადადება, რათა მხარეები შეთანხმდნენ დავალიანების გადახდის გრაფიკზე. შპს „ინფოტელი“-ს აღნიშნულ მოთხოვნას დაეთანხმა სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს წარმომადგენელი.
მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „ინფოტელი“-ს შუამდგომლობა, სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიმართ არსებული, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უდავო დავალიანების დაფარვის მიზნით, დავალიანების გადახდის გრაფიკზე სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ შეთანხმებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვის გადადების თაობაზე;
2. გადაიდოს საკითხის განხილვა 2009 წლის 6 თებერვლის 16:00 საათზე;
3. საკითხის განხილვის დღის შესახებ ეცნობოთ შპს „ინფოტელს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარებისდღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი კ.კვიტაიშვილი
