შპს „ინფოტელი“-ს განცხადების განხილვისა და მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009
მიღების თარიღი იანვარი 30, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ინფოტელმა”.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ინფოტელს“ სს „გაერთანებულ ტელეკომთან“ გაფორმებული აქვს ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები. სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ შპს „ინფოტელს“ მიმართა მოთხოვნით, რათა გაეფორმებინათ ახალი ხელშეკრულებები მხოლოდ მათ მიერ შემოთავაზებული პირობებით. ერთ- ერთი პირობაა დავების განხილვა სასამართლოს ნაცვლად შპს „საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ მიერ, რასაც შპს „ინფოტელი“ არ ეთანხმება და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ სთავაზობს სხვა კერძო არბიტრაჟს. მიუხედავად ამისა, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ულტიმატუმის სახით აცხადებს, რომ ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს მხოლოდ მათ მიერ შემოთავაზებული პირობებით, წინააღმდეგ შემთხვევაში გათიშავს შპს „ინფოტელს“, რაც, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განახორციელა კიდეც 2008 წლის 24 დეკემბერს და აღნიშნულით, განმცხადებლის შეტყობინებით, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება შპს „ინფოტელს“. წარმოდგენილ განცხადებაში, შპს „ინფოტელი“ ითხოვს, რომ კომისიამ დაავალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ურთიერთჩართვის აღდგენა.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 30 იანვრის სხდომაზე. სხდომის გამართვის შესახებ 2009 წლის 22 იანვარს ეცნობათ სს „გაერთაინებულ ტელეკომს“ და შპს „ინფოტელს“ (22.01.2009 N03/56-09; N03/57-09), სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ასევე ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული არგუმენტაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 28 იანვრამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მტკიცებულებები.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს და შპს „ინფოტელი“-ს წარმომადგენლები.
შპს „ინფოტელი“-ს წარმომადგენელმა სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ დავის განხილვა ახალი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. შესაბამისად, კომისიას მიაჩნის, რომ უნდა დაინიშნოს შპს „ინფოტელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის მოსამზადებელი სხდომა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ დავაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმა
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს შპს „ინფოტელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული დავის განხილვის მოსამზადებელი სხდომა 2009 წლის 6 თებერვალს 16 საათზე;
2. მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ შპს „ინფოტელი“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომი“ გაფრთხილდნენ კომისიის 2009 წლის 30 იანვარს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი კ.კვიტაიშვილი
